ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, მისი კომიტეტის კომპეტენცია არ არის, მაგრამ ამნისტიის პროცესში ჩაერთვება

21 დეკემბერი, 2020 • 1146
წულუკიანის თქმით, მისი კომიტეტის კომპეტენცია არ არის, მაგრამ ამნისტიის პროცესში ჩაერთვება

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ დარგობრივად განათლების კომიტეტის პრეროგატივა არ არის, მაგრამ პირადად ჩაერთვება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვაში.

წულუკიანი ამბობს, რომ პატიმრებში ამნისტიის შესახებ უფრო დიდი მოლოდინი იყო და სვამს კითხვას იმ მუხლების გაფართოების შესახებ, რომელიც არის წარმოდგენილი მისი ყოფილი მოადგილის და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის მიერ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტში.

“თქვენი ნებართვით ჩავერთვებოდი თქვენს სამუშაოებში და ერთად ხომ არ ვნახოთ, რას ვაკეთებთ. [გაფართოება]  ვერ შეეხება ოჯახში ძალადობას, მაგრამ ეს პროექტი საზოგადოებისთვის ბოლოდმე დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება”, – განაცხადა წულუკიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვაში წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.

“ახლა ვაკვირდებით საზოგადოებაში, რომ ავტომატურად მიმდინარეობს ამ ამნისტიის პროექტის შედარება 2012 წლის ამნისტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დარგობრივად ჩვენი კომპეტენცია, ჩვენ მოგვიწევს, რომ თუნდაც ჩემი სახით ამ პროცესში ჩავერთოთ და რატომ? — ჩვენ გვახსოვს და ბატონ მიხეილსაც ახსოვს, რომ პატიმრებში იყო ძალიან დიდი მოლოდინი ამ ამნისტიის. ალბათ, დაგჭვირდება კიდევ უფრო მკაფიო კომუნიკაცია, რაშიც მზად ვარ, რომ მეც ჩავერთო, იმიტომ, რომ არის კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთი მასშტაბური, როგორც 2012 წელს იყო”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, რადგან 2012 წელს ციხიდან უშვედბნენ ხალხს, რომელთა უმრავლესობა დამნაშავეც კი არ იყო.

“მაგრამ ეს ვერაფერს შველის იმას, რომ მოლოდინია, ეს ამნისტია გაფართოვდეს. მსჯელობისას, ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ შეღავათი ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გრძელვადიანი სასჯელი და არ დავრჩეთ იმ პროექტზე, რომელიც ახლა არის. ეს კითხვის ნიშანი არის. ამიტომ კარგი იქნება, თუ იურიდიულ კიმიტეტთან და თქვენთან ერთად,ამ კითხვაზე ერთად ვიმუშავებთ — არის ეს საბოლო ვერსია, თუ ოდნავ მაინც უნდა გაფართოვდეს?” – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ დღესაც აქვს საქართველოს პატარა ქვეყნისთვის პატიმრების საკმადო მაღალი რიცხვი  — რუსეთის და თურქეთის შემდეგ ყველაზე მეტი ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის. იუსტიციის ყოფილი მინისტრის თქმით, ამ პრობლემას ვერ უშველის და ამნისტიას ვერ ჩაანაცვლებს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გაფართოება, “მით უმეტეს, მაშინ, როცა შეწყალების ინსტიტუტი პასიური გახდა”.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამნისტია, სავარაუდოდ, 3 000 პირს შეეხება, რომელთაგან 800 პატიმარია, დანარჩენებს კი არასაპატიმრო სასჯელი აქვთ შეფარდებული. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ 44 მუხლს შეეხება, მათ შორის, ნარკოდანაშაულს, ქურდობას, ფალსიფიკაციას, ქონების დაზიანებას და სხეულის დაზიანების ზოგიერთ კატეგორიას.

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ განხილვების ეტაპზე ამნისტიის კანონპროექტს “არცერთი მუხლი აღარ დაემატება”.

ამნისტიის ინიციატივაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

“ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი