ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს

16 დეკემბერი, 2020 • 2399
“ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს

დღეს, 16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა, ან კიდევ ოჯახში ძალადობა. მისივე თქმით, ამნისტია სულ შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ციხეს დატოვებს რამდენიმე ასეული პატიმარი.

ამნისტიის წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე მიდგომას, რომლის მიხედვითაც:

1. იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან განთავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – დაზარალებულის თანხმობა;

2. ცალკეულ შემთხვევებში წინაპირობად გათვალისწინებულია ასევე ნასამართლობის არქონა.

3. გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა გათავისუფლება. წარმოდგენილი კანონპროექტი, სარჯველაძის განმარტებით, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ.

“ამ საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით, ჩვენ ვხსნით კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად. დღევანდელი მდგომარებით, ჩვენი ინიციატივა მოიცავს ასევე ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა. საგანგებოდ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია ის ადამიანები, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომლებიც 15, 20 და ზოგიერთი მათგანი 25 წელია, რაც სასჯელს იხდის საპატიმროებში. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა (და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღეისათვის ასეთი 3 პირი იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროებში), სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა”, — განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება სხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლები აღკვეთა, სარჯველაძის თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა მათ მიმართ სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების საკმაოდ არამკაფიო დებულებებს შეიცავს.

მისი თქმით, ამის გათვალისწინებით, დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს აგრეთვე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას.

“კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი მიდგომა (1) ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას, და ასევე (2) ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხით

რასაკვირველია, ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება დაზარალებული მხარის უფლებებიც. კანონპროექტთან დაკავშირებით ოფიციალური პროცედურები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მას იხილავს საზოგადოება”, — აცხადებს სარჯველაძე.

სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა წარმოადგენს საფუძველს დისკუსიებისა და კონსულტაციების დასაწყებად. დეპუტატი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო განხილვების პროცესში საზოგადოების უსაფრთხოებისა თუ სისხლის სამართლის პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი პრინციპები მაქსიმალურად იქნება დაცული, რათა ამით შესაძლებელი გახდეს,  “სისხლის სამართლის ასევე ფუნდამენტური პრინციპის – ჰუმანიზმის აქტის განხორციელება ამ გზით, როგორც ეს წარმოდგენილია განსახილველი კანონპროექტით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი