ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი ჩინეთი გახდა | საქსტატი

21 დეკემბერი, 2020 •
საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი ჩინეთი გახდა | საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს (იანვარი- ნოემბერი) საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ჩინეთის სახალხო რეპსუბლიკა გახდა.

ჩინეთზე ნაწილდება ექსპორტის 14.8 პროცენტი. შემდეგი ქვეყნებია აზერბაიჯანი და რუსეთის ფედერაცია, რომლებზეც ექსპორტის 13.2 და 13.1 პროცენტი მოდის.

წელს ექსპორტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა.

2019 წელს ჩინეთში გასული პროდუქციის ღირებულება მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 5.7 % გახლდათ. შარშან საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრები რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკა გახლდათ, რომლებზედაც ექსპორტის თანაბარი წილი, 13.3 % მოდიოდა. ექსპორტის 10.9 პროცენტი მოდიოდა სომხეთის ბაზრებზე.

2020 წელს საქართველოდან გასული პროდუქციის ღირებულება სამივე ქვეყანაში შემცირდა, მათ შორის:

  • რუსეთში – 12.6 %
  • აზერბაიჯანში – 11.7 %
  • სომხეთში – 55.6 %

კლებაა უკრაინის (-16.9%), აშშ-სა (24.9) და თურქეთის (7.1) შემთხვევაშიც.

საბოლოოდ, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ქართული ექსპორტის მოცულობა 386 058.2 მილიონი დოლარით შემცირდა.

ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში / საქსტატი 2020* წინასწარი მონაცემები

ჩინეთის ბაზრებზე გასული ქართული პროდუქციის მთლიანმა ღირებულებამ იანვარ-ნოემბრის საანგარიშო პერიოდში 445 885.2 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 131.1 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე – 192 922.2 აშშ დოლარი.

ზრდა ფიქსირდება ბულგარეთში, შვეიცარიასა და ესპანეთში ექსპორტირებულ პროდუქციაზეც.

რა გაგვაქვს ჩინეთში

საქართველოს მიერ ჩინეთში ექსპორტირებულ პროდუქციაში უდიდესი წილი მოდის სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე, რომლის მოცულობაც 164 236,9 ტონით, ხოლო ღირებულება 222 050.9 მილიონი დოლარითაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

მატებაა ოქროსა და ვერცხლის მადნებისა და დაუმუშავებელი ალუმინის ექსპორტშიც, თუმცა კლებაა ყურძნის ნატურალური ღვინოების კატეგორიაში.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 2020 წელს 11.3 პროცენტით შემცირდა, ექპორტის წილი საგარეო ვაჭრობაში გასულ წელთან შედარებით 1.1 პროცენტით მაინც გაიზარდა და 29.6 პროცენტი შეადგინა. ამის უმთავრესად მიზეზი იმპორტის შემცირებაა, რომელიც ასევე 1.1 პროცენტით შემცირდა და წელს მთლიანი ვაჭრობის 70.4 პროცენტი იქნება.

საქართველომ წელსაც უარყოფითი სავაჭრო სალდო აჩვენა – 40.9 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველო 40.9%-ით მეტი ღირებულების პროდუქციას ყიდულობს უცხო ქვეყნებიდან, ვიდრე თავად ყიდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი