ახალი ამბები

როგორ გაშუქდა არჩევნები 2020 – მედიამონიტორინგის შედეგები

19 დეკემბერი, 2020 • 1506
როგორ გაშუქდა არჩევნები 2020 – მედიამონიტორინგის შედეგები

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტ „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ საბოლოო შედეგებს აქვეყნებს.

პროექტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ორგანიზაცია სატელევიზიო და ონლაინ მედიის მუშაობას აკვირდებოდა.

ანგარიშში მითითებულია, რომ ონლაინ მედიის შემთხვევაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება, სატელევიზიო მედიაში კი ეს პრობლემა მკვეთრად დგას იმ ფონზე, როცა ტელეარხების ერთი ნაწილი ხელისუფლების მიმართ არის მიკერძოებული, მეორე ნაწილი კი – ოპოზიციის მიმართ.

სატელევიზიო მედია

დაკვირვება მიმდინარეობდა 12 სატელევიზო არხზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, POSTV. მონიტორინგი 2020 წლის 15 ივნისს დაიწყო და 21 ნოემბერს დასრულდა.

სატელევიზიო მთავარი საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტებია: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.

ყველა არხის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

“მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი. მიკერძოება არასასურველი საარჩევნო სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში გამოიხატებოდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით ტელემედიაში გაზრდილია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ასევე, მათი თქმით, ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

“წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს დაეხმარებოდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში”, – დასძენენ ისინი.

ანგარიშის თანახმად, არ შეცვლილა პრობლემები, რომლებზეც მისი ავტორები გასულ წლებშიც საუბრობდნენ. ეს არის, ერთი მხრივ სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება, მეორე მხრივ კი, გენდერული სტერეოტიპებისა და ამ ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უკრიტიკოდ გაშუქება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

მონიტორები აკვირდებოდნენ „პირველი არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას „მოამბე 21 საათზე“ და გადაცემას „ახალი კვირა“.

„პირველ არხზე“ მონიტორინგის პერიოდში „მოამბეში“ ყველაზე მეტი დრო ,,ქართულ ოცნებას“ დაეთმო. ყველაზე დადებითად პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გაშუქდა (მისთვის დათმობილი დროის 14 %). ყველაზე უარყოფითად „პირველ არხზე“ მიხელი სააკაშვილი გააშუქეს (მისთვის დათმობილი დროის 47 % ).

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „პირველი არხი“ ამბების გაშუქებისას მეტწილად იცავდა ეთიკურ სტანდარტებს, თუმცა ” მრავალთვიანი დაკვირვების შედეგად” გამოიკვეთა, რომ  არხი ამჟღავნებს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას.

ავტორთა თქმით, “მოამბის” ძირითადი სპიკერები მმართველი გუნდის წარმომადგენლები არიან და სიუჟეტებში დასკვნითი სიტყვაც მათ ეკუთვნით. ქარტია საუბრობს ბალანსის ფორმალურად დაცვაზეც.

“ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც არ ეხებოდეს ის ხელისუფლებას და განიხილავდეს, მაგალითად, ოპოზიციის გეგმებს, სიუჟეტის ბოლოს, როგორც წესი, არის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარი, მთავრობიდან თუ მმართველი პარტიიდან”.

საუბარია საინფორმაციო გამოშვების ეთერში მწვავე და კრიტიკული მასალების ნაკლებობაზეც. ავტორთა თქმით, კვლევის პერიოდში ტელეკომპანიას ასეთი სიუჟეტი, პრაქტიკულად, არ ჰქონია.

ქარტია ახსენებს გენდერულ სტერეოტიპსაც, რომელიც, ავტორთა თქმით, “პირველი არხის” ეთერში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შესახებ ამბის გაშუქებისას გამოვლინდა. მონიტორებმა სექსისტურად შეაფასეს გარემოება, რომ ნინო ლაცაბიძის დახასიათებისა და კვალიფიკაციის ჩამონათვალში ითქვა, რომ “„და ბოლოს, ის არის ოთხი შვილის დედა”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

სამონიტორინგო პერიოდში მონიტორები აკვირდებოდნენ 20 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას „მთავარი“.

ანგარიშის თანახმად, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ეთერში ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. „ქართული ოცნება“ გაშუქდა ყველაზე ნეგატიურად (დროის 20 % უარყოფითი ტონით). ყველაზე დადებითად აჭარის მთავრობა გაშუქდა (დათმობილი დროის 9 % დადებითი ტონით).

მონიტორინგის შეფასებით, „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო გამოშვებაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბები ძირითადად, ეთიკური სტანდარტების დაცვით შუქდებოდა, თუმცა არხისთვის ძირითად გამოწვევად კვლავ რჩება ანალიტიკური, სიღრმისეული მასალების ნაკლებობა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ზედაპირული გაშუქება.

“სამონიტორინგე პერიოდში ყველა თემა უმეტესად ზედაპირულად შუქდებოდა. სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტის მიერ დასმულ პრობლემურ საკითხებზე მაყურებელი ხშირად ვერ იღებდა ნათელ პასუხს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტები პრობლემურ თემებზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობისგან პასუხის მოთხოვნაზე უკან არ იხევენ”.

ავტორთა თქმით, მიუხედავად მეტ-ნაკლები მრავალფეროვნებისა, მონიტორინგის პირველ ეტაპზე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სარედაქციო პოლიტიკა სამთავრობო გუნდის და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებული იყო და მეტ დროს მმართველ პარტიის აქტივობების გაშუქებას უთმობდა.

პალიტრა ტვ

„პალიტრა ტვ“-ს ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 20 საათზე.

სამონიტორინგო პერიოდში „პალიტრა ტვ“-მ ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაუთმო და ყველაზე პოზიტიურად „ქართული ოცნება“ გააშუქა (დროის 28 % დადებითი ტონით). ყველზე ნეგატიურად არხი ადგილობრივ მთავრობას წარმოაჩენდა (დროის 17 % უარყოფითი ტონით).

ანგარიშის თანახმად, არხი მეტწილად იცავს ეთიკურ სტანდარტებს, საინფორმაციო გამოშვებაში არ იყენებენ არანორმატიულ ლექსიკას, ჟურნალისტის ტექსტები ძირითადად მშრალია და არ იკვეთება ვინმეს მიმართ მიკერძოება დადებთი ან უარყოფითი თვალსაზრისით:

“ეს საინფორმაციო გამოშვება არ ცდილობდა, მაყურებლისთვის მიეწოდებინა მრავალმხრივი მოსაზრებები ამბის შესახებ, ფაქტები სიღრმისეულად გამოეკვლია და უმეტესად ე.წ. კადრსინქრონის ფორმატით გაშუქებით შემოიფარგლებოდა”.

ავტორთა შეფასებით, არხის ეთერში შესამჩნევი იყო ბალანსის პრობლემა, რომელიც ხშირად ოპოზიციური პარტიების საზიანოდ ირღვეოდა. ამასთან, გადაიცემოდა ცნობები სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკოსების საქმიანობაზე, რომლებიც პიარ სამსახურების მიერ იყო შექმნილი და მათ უწევდა რეკლამირებას. თუმცა, მკაფიოდ არ იყო გამიჯნული ამ მასალების წარმომავლობა.

გენდერულ სტერეოტიპებზე საუბრისას, მონიტორინგში მოცემულია 1 შემთხვევა. ავტორთა თქმით, არხმა უკრიტიკოდ გააშუქა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ნინო ლაცაბიძე იყო “თბილისის საკრებულოს აქტიური წევრი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ის წარმატებით უთავსებს ოთხი შვილის დედობას”.

მოყვანილია რომან გოცირიძის, ასევე უკრიტიკოდ გაშუქებული განცხადება პრეზიდენტის დროშის შესახებ:

„სეპარატისტული ძალაუფლების კუნძულის შექმნა უნდა. თითქოსდა ის აქვს საკუთარი, სამზარეულოში რომ ქალები შეიკრიბებიან. თუ კაცები, ქალები გენდერულში რომ არ ჩამეთვალოს“.

მთავარი არხი

„მთავარი არხის“ ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას „9 საათზე“, „შაბათის მთავარს“ და „პოსტ ფაქტუმს“.

ყველაზე მეტი დრო ამ არხის ეთერში „ქართულ ოცნებას“ დაეთმო (დროის 72 % ნეგატიური ტონი). „მთავარი არხი“ ყველაზე დადებითად მიხეილ სააკაშვილს (დროის 24 % პოზიტიური ტონი) და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (13 % პოზიტიური ტონი) აშუქებდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „მთავარი არხი“ მკვეთრად უარყოფითად აშუქებს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას; არხის სარედაქციო პოლიტიკა მთავრობისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრიტიკის, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად პარტიისა და კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციისკენაა მიმართული:

” „მთავარი არხი“ ხშირად არღვევს მიუკერძოებელი, ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს. თვალსაჩინოა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა მორგებულია ოპოზიციის, კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარ ოპოზიციურ ძალას ეძახის და მათი წარმომადგენლების მოსაზრებების ტირაჟირებას ახდენს.

არხი არ იცავს სუბიექტებს შორის გონივრულ ბალანსს და ხშირად აქვს ეთიკური პრობლემები. „მთავარ არხზე“ თვალში საცემია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისადმი მიკერძოება და კეთილგანწყობა. მათ გაცილებით დიდი დრო ეთმობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით”.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ტელეკომპანია გამოირჩევა მწვავე და ექსკლუზიური მასალებით, ხშირად წარმოადგენს სიუჟეტებს თანამდებობის პირთა დამალული ქონების, ასევე სავარაუდო კორუფციული გარიგებებისა და ტენდერების შესახებ. თუმცა, მეორე მხრივ აღნიშნავენ, რომ არხის ეთერში ხშირია დაუსაბუთებელი, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, როცა ჟურნალისტები ეყრდნობიან ერთ, ზოგჯერ არაიდენტიფიცირებულ ე.წ. კონფიდენციალურ წყაროს, რაც მათ გავრცელებულ ინფორმაციას ნაკლებ სანდოს ხდის.

გენდერული სტერეოტიპების ნაწილში აღნიშნულია, რომ არხმა კვოტირებასთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადება გაუშვა ისე, რომ არ მიუთითა მის სექსისტურ და ჰომოფობიურ შინაარსზე.

რუსთავი 2

„რუსთავი 2“-ის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ 9-საათიან „კურიერს“. აქ ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო და ეს პარტია ყველაზე დადებითად გაშუქდა (დროის – 16 %). ყველაზე უარყოფითად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოჩნდა (დათმობილი დროის 17 %).

ანგარიშის თანახმად, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება ძირითადად ნეიტრალურად, ეთიკური ნორმების დაცვით აშუქებდა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს.

“ჟურნალისტები არ იყენებდნენ შეურაცხმყოფელ, დამცინავ ლექსიკას პოლიტიკოსების მიმართ. ამ არხზე დაფიქსირებული უარყოფითი ან დადებითი ტონი ძირითადად რესპონდენტებისგან მომდინარეობს, კერძოდ, როცა ერთი პოლიტიკოსი ლაპარაკობს მეორეზე”.

ავტორები დასძენენ, რომ არხის მფლობელისა და სარედაქციო გუნდის ცვლილება მონიტორინგის შედეგებზეც აისახა. მათი თქმით, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია:

“თუ წინა მონიტორინგის დროს ხელისუფლების მამხილებელი ნიუსები იყო საინფორმაციო გამოშვების გამხსნელი, ამჟამად საინფორმაციო გამოშვებებში თითქმის აღარ გვხვდება ექსკლუზიური, სიღრმისეული რეპორტაჟები”.

მიუხედავად ძირითად შემთხვევებში ნეიტრალურობისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურია , ვიდრე კრიტიკული: რიგ შემთხვევებში შეიმჩნეოდა ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის პოზიტიურად წარმოჩენის მცდელობა.

კავკასია

„კავკასიის“ ეთერში მონიტორები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ 20:30-საათიან საინფორმაციო გამოშვებას „დღეს“.

სამონიტორინგო პერიოდში ყველაზე ხშირად „ქართული ოცნება“ შუქდებოდა, (დროის 36% ნეგატიური ტონით). ასევე უარყოფითად გაშუქდა მთავრობა, (დროის 15% უარყოფითი ტონით).

“ავტორთა შეფასებით, „კავკასია“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხია, რომელიც მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ამბებს ძირითადად ეთიკურად აშუქებდა, თუმცა მის მთავარ პრობლემად კვლავ რჩება ამბების გაშუქების ზედაპირულობა.

…კავკასიას“ არა აქვს საკუთარი, ექსკლუზიური თემები, სიღრმისეული რეპორტაჟები. მისი საინფორმაციო გამოშვება მიმდინარე პოლიტიკური ამბების მშრალად, უმეტესად, ე.წ. „კადრსინქრონის“ ფორმატით გაშუქებით შემოიფარგლება”.

იმედი

„იმედის“ ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკას“ 8 საათზე და „იმედის კვირას“

„იმედზე“ ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო და ყველაზე დადებითადაც მთავრობა გაშუქდა (დათმობილი დროის 33 %-ით), ყველაზე უარყოფითად კი მიხეილ სააკაშვილი (დროის 75% დაეთმო ნეგატიურ შეფასებას) და პარტიებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გაშუქდა (დროის 59 % დაეთმო ნეგატიურ შეფასებას).

” „იმედი“ ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. საინფორმაციო გადაცემებში გარდა იმისა, რომ მმართველ გუნდს წარმოაჩენდა აბსოლუტურად დადებითად, „იმედის“ ერთ-ერთი მიზანი ოპოზიციის მაქსიმალური დისკრედიტაცია იყო”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მონიტორინგის შეფასებით, არხის მთავარი პრიორიტეტი მმართველი პარტიის და ხელისუფლების დადებითი წარმოჩენაა. ავტორები აღნიშნავენ, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის პათოსი თითქმის სრულად ემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების რიტორიკას.

მონიტორი იშველიებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებასაც, რომლის თანახმადაც არხის დირექტორი არა მხოლოდ ხელმძღვანელობდა კომპანიის ადმინისტრაციულ მენეჯმენტს, არამედ პირდაპირ იყო ჩართული სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში.

ობიექტივი

„ობიექტივის“ ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებიას, – „ნამდვილი ამბებს“.

საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „პატრიოტთა ალიანსს“ და ყველაზე დადებითად გაშუქდა „პატრიოტთა ალიანსი“. მისთვის დათმობილი დროის 43 % დადებითი იყო. ყველაზე უარყოფითად გაშუქდა „ნაციონალური მოძრაობა“ (91 %) და „ევროპული საქართველო“ (90%).

ავტორები დასძენენ, რომ „ობიექტივის“ საინფორმაციო გამოშვება ცალსახად მიკერძოებულია „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ. სამონიტორინგო პერიოდში საინფორმაციო გამოშვებაში არ ტოვებენ პარტიის არც ერთ აქტივობას და სიუჟეტების ნაწილიც პარტიისთვის აქტუალური თემების მიხედვითაა აგებული.

“შეიძლება ითქვას, რომ ,,ობიექტივი’’ პატრიოტთა ალიანსის მედია პლატფორმას წარმოადგენს. საინფორმაციო გადაცემის ჟურნალისტების გამონათქვამები არაფრით  განსხვავდება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთა გამონათქვამებისაგან”.

მონიტორინგის თანახმად, საინფორმაციო გამოშვებაში თითქმის არ შუქდება სხვა პოლიტიკური პარტიების აქტივობა გარდა მმართველი პარტიისა, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” კი არხზე უმეტესად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ წინა მონიტორინგის მსგავსად, არხზე “ამჯერადაც არაერთხელ დაფიქსირდა ქსენოფობიური განცხადებების ტირაჟირება”.

“თურქოფობიური სიუჟეტები საინფორმაცო გამოშვებებში მას შემდეგ გახშირდა, რაც „პატრიოტთა ალიანსმა“, წინასაარჩევნოდ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც აჭარა საქართველოს რუკაზე ოკუპირებულ ტერიტორიად იყო მონიშნული და ეწერა: „დაიცავი აჭარა“ “.

ფორმულა

სამონიტორინგო პერიოდში მონიტორები აკვირდებოდნენ „ტვ ფორმულას“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, „ფორმულა NEWS“-ს, „შაბათის ფორმულას“ და გადაცემა „დროებას“.

მთელი პერიოდის განმავლობაში „ფორმულაზე“ ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო (დროის 58 % ნეგატიური ტონით). ყველაზე უარყოფითად კი ადგილობრივი ხელისუფლება და მთავრობა გაშუქდა (დროის 62 % ნეგატიური ტონით).

ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით კრიტიკულად არხი ბიძინა ივანიშვილს და მმართველი პარტიის საქმიანობას აშუქებს, თუმცა არხზე შეინიშნება სიღრმისეული, ექსკლუზიური მასალების ნაკლებობა.

ავტორთა თქმით, „ფორმულა ნიუსი“ ძირითადად იცავს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს. რაც შეეხება „შაბათის ფორმულასა“ და „დროებას“, ამ გადაცემებში ხშირად მიმართავენ ფაქტებით, კადრებითა და მუსიკით მანიპულირების ხერხებს მაყურებელზე ზეგავლენის გასაძლიერებლად.

“ოპოზიციის მიმართ კრიტიკული მასალები არხის ეთერში პრაქტიკულად არ გვხვდება. „ფორმულაზე“ განსაკუთრებით აქტიურად შუქდება „ევროპული საქართველოს“ აქტივობები და ამ პარტიის წევრების კომენტარებსაც შედარებით ხშირად სთავაზობენ მაყურებელს, ვიდრე სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებისას”.

მაესტრო

„მაესტროს“ ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 9 საათზე.

„მაესტროს“ ეთერში ყველაზე მეტი დრო „ქართული ოცნების“ გაშუქებას დაეთმო და ყველაზე დადებითადაც ეს პარტია წარმოჩნდა (დროის 19% პოზიტიური ტონით), ყველაზე უარყოფითად – მიხეილ სააკაშვილი (დროის 44 % ნეგატიური ტონით). პარტიებს შორის ყველაზე უარყოფითად „ნაციონალური მოძრაობა“ გაშუქდა ( დროის 44 % უარყოფითი ტონით).

ავტორთა თქმით, „მაესტრო“ საინფორმაციო გამოშვებაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ამბებს ძირითადად ნეიტრალურად აშუქებს და ბალანსიც მეტ-ნაკლებად დაცულია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ საინფორმაციო გამოშვებებში თითქმის არ გვხვდება სიღრმისეული, ექსკლუზიური მასალები.

მიუხედავად მეტ-ნაკლები ბალანსისა, ანგარიშის თანახმად, „მაესტროზე“ შეიმჩნეოდა მმართველი პარტიისა და მთავრობის პოზიტიურად წარმოჩენის ტენდენცია.

“[არხი] ცდილობდა მთავრობის პოზიტიურად წარმოჩენას ისეთი თემებით, როგორიცაა, მაგალითად, „ეკონომიკის გაჯანსაღება“, „პანდემიის წარმატებულად დამარცხება“.

ზოგადად, „ქართული ოცნება“ არხისთვის აშკარად პრიორიტეტია, დანარჩენ პარტიებს აქ ნაკლებ დროს უთმობდნენ”.

გენდერული სტერეოტიპების ნაწილში ანგარიშში ნათქვამია, რომ სიუჟეტებში, რომლებიც ეხებოდა გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრას, მომხდარი დანაშაულის ქალისთვის დაბრალებას ჰქონდა ადგილი, რაც გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას და დისკრიმინიაციის წახალისებას წარმოადგენს.

ტვ პირველი

„ტვ პირველის“ ეთერში მონიტორები ყოველდღიურ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას „პირველებს“ და „ნოდარ მელაძის შაბათს“ აკვირდებოდნენ.

ამ არხზე ყველაზე ბევრჯერ „ქართული ოცნება“ გაშუქდა (დროის 53% უარყოფითი ტონით ), ყველაზე უარყოფითად კი – მთავრობა (დროის 66 % უარყოფითი ტონით).

ავტორთა თქმით, „ტვ პირველი“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხია და მისი საინფორმაციო გამოშვებები ექსკლუზიური, სიღრმისეული რეპორტაჟებით გამოირჩევა. საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად შუქდება თემები თანამდებობის პირთა კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ნეპოტიზმის შესახებ.

“მმართველი პარტია და ხელისუფლება ძირითადად უარყოფითადაა წარმოჩენილი. ზოგადად, „ტვ პირველს“ ახასიათებს წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან სუბიექტური ტონი და შეფასებები, რაც ტენდენციურობის შთაბეჭდილებას უქმნის მაყურებელს”.

მეორე მხრივ, აღნიშნულია, რომ არხი ფართოდ აშუქებს ოპოზიციური პარტიების აქტივობებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას უთმობს საეთერო დროს.

ანგარიშის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როცა საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტებში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

POSTV

სამონიტორინგო პერიოდში მონიტორები აკვირდებოდნენ POSTV-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 19 საათზე.

სამონიტორინგო პერიოდში პარტიებიდან ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო (დროის 39 % დადებითი ტონით). ყველაზე ნეგატიურად მიხეილ სააკაშვილი გაშუქდა. (დროის 86 % – უარყოფითი ტონით). POSTV-ის ეთერში გაშუქდა მთავრობაც (დროის 38 % პოზიტიური ტონით).

“ტელეარხი POSTV პროსახელისუფლებოა და, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია. მის ეთერში ფაქტობრივად არ გადის კრიტიკული რეპორტაჟები ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მისამართით. არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს „ქართულ ოცნებას“ და, ასევე, მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას. POSTV-ზე ოპოზიციას ძირითადად „რადიკალებად“ მოიხსენიებენ”.

ტოქ შოუები

მონიტორინგის ფარგლებში “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” ტოქ შოუებსაც აკვირდებოდა. მონიტორინგი 2020 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 21 ნოემბერს დასრულდა. თითოეული ტოქშოუ ფასდებოდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

იყო თუ არა გადაცემის თემა რელევანტურად შერჩეული, რამდენად შეესაბამებოდა მოწვეულ სტუმართა კვალიფიკაცია სადისკუსიო თემას, სტუმრების შერჩევისას ხომ არ ჩანდა მიკერძოება, როგორ მიმდინარეობდა მსჯელობა, რამდენად კარგად მართავდა დისკუსიას წამყვანი, როგორი იყო მისი კითხვები და ა.შ.

ავტორები ტოქ შოუების მაგალითზეც უსვამენ ხაზს მკვეთრ პოლარიზაციას ტელემედიაში. სამონიტორინგო პერიოდში ტოქშოუების ნაწილში არ იყო დებატები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, ამის ნაცვლად, მაუწყებელთა ნაწილი აუდიტორიას აცნობდა თითოეული პარტიის საარჩევნო პროგარამასა და ხედვებს.

“ტოქშოუების წამყვანების კომენტარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებენ ტელეკომპანია „ფორმულაში“, „TV პირველსა“ და „კავკასიაში“ ვიზიტზე, მაშინ, როდესაც “იმედსა” და “POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ იყვნენ წარმოდგენილი არც „მთავარ არხზე“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასევე უარს აცხადებდნენ მონაწილეობა მიეღოთ „პალიტრა TV-ის“ ეთერში გამართულ დებატებში და ისინი, ამ არხზე ძირითადად წარმოდგენილი იყვნენ მარტო, ოპონენტების გარეშე, გადაცემის ბოლო ნაწილში”.

ამავე დაკვირვებით, ტელეკომპანიების „მთავარი არხის“, „POSTV-სა“ და „ობიექტივის“ რიგ ტოქშოუებში წამყვანების მხრიდან გამოიყენებოდა შეურაცხმყოფელი ლექსიკა.

ონლაინ მედია

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 15 ივნისიდან 21 ნოემბრამდე დააკვირდა შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებას: ambebi.ge, interpressnews. ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news. on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

მედიამონიტორინგის ფარგლებში შერჩეულ მედიასაშუალებებზე დაკვირვება ხდებოდა როგორც რაოდენობრივი, ასევე, თვისებრივი კომპონენტების გათვალისწინებით.

ქარტიის შეფასებით, ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება, თუმცა მონიტორინგისთვის შერჩეული 13 ვებგვერდიდან 4-ის შემთხვევაში ცალსახად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა.

ამასთან,მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ. გასულ წლებთან შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით.

“თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს”.

ანგარიშს თანახმად, ონლაინ მედიაში უმწვავეს პრობლემად რჩება სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა. ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტების სიზუსტე და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი, დაუბალანსებელი გაშუქება.

მედიასაშუალებების ინდივიდუალური ანალიზი

ambebi.ge
მონიტორინგის პერიოდში ambebi.ge-ზე უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენდა კონკრეტულ პირთა მიმართ კონკრეტული ბრალდებების ცალმხრივად, დაუბალანსებლად გაშუქება.

ambebi.ge-ზე ხშირად ქვეყნდებოდა დაუბალანსებელი სტატიები, რომლებშიც წარმოდგენილი იყო კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ და არ ჩანდა რედაქციის მხრიდან რაიმე მცდელობა ამ ბრალდებების გადამოწმებისა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ არჩევნების წინა დღეებში ambebi.ge-ზე ქვეყნდებოდა ვრცელი სტატიები ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ შესახებ, რომლებშიც მკითხველს მხოლოდ ბრალდების მხარის მოსაზრებები მიეწოდებოდა; მაგალითად, სტატიებში: „კომისიაში მოღალატეები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო“ – „კარტოგრაფების საქმეზე“ შესაძლოა, ირაკლი ალასანია გამოკითხონ“ (20 ოქტომბერი); „როგორ ქრებოდა მნიშვნელოვანი რუკები და დოკუმენტები არქივებიდან – რა ჩვენებები მოიპოვა ambebi.ge-მ ე.წ. საზღვრის დადგენის სკანდალური საქმიდან“ (23 ოქტომბერი); „ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან!“ – რას ამბობს კარტოგრაფი ე.წ. საზღვრის დადგენის საქმეზე“ (28 ოქტომბერი).

დაუბალანდებელი გაშუქების გამო, ambebi.ge-ის მკითხველი ხშირად ვერ იღებდა ზუსტ ინფორმაციას კონკრეტულ საკითხზე.ზე გვხვდებოდა ინფორმაციის საეჭვო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული სტატიების გამოქვეყნების შემთხვევებიც. მაგალითად, 20 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცენდენტო შემთხვევა… მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!“. სათაურში წარმოდგენილი დასკვნა, რომ სკოლის მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ, ეფუძნება ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებულ ცნობებს, რომლის მიხედვით, კომპანია, რომელთანაც სახელმწიფომ გააფორმა კონტრაქტი სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე, ვერ შეძლებს კონტრაქტის პირობების შესრულებას, რადგან არარეალურად დაბალი ფასი შესთავაზა და მის სტამბებს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები. ამ ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა არ ჩანს სტატიაში: ჟურნალისტი არ დაკავშირებია არც გამარჯვებულ კომპანიას, არც ხელისუფლების წარმომადგენლებს, არც კონკრეტულ სტამბებს. შესაბამისად, მკითხველმა ვერ მიიღო გავრცელებულ ბრალდებაზე რაიმე დადასტურებული ცნობა, ან ზუსტი ინფორმაცია.

საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების გაშუქებისას არ შეინიშნებოდა ცალსახად დადებითი ან უარყოფითი განწყობები. თუმცა ambebi.ge-ზე განსაკუთრებული სიხშირით ქვეყნდებოდა სტატიები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერისა და თბილისის მერის, კახა კალაძის, შესახებ, რომლებიც არა მის პროფესიულ საქმიანობას, არამედ პირად ცხოვრებას ეხებოდა და უაღრესად პოზიტიურად წარმოაჩენდა მას; მაგალითად, სტატიები: „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყაროვ“ – კახა კალაძის უფროსი ვაჟი 2 წლის გახდა (ფოტოკოლაჟი)“ (4 სექტემბერი); „ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს? კახას ერთი თვის ხელფასი არ აუღია“ – როგორ უპასუხა ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამზე“ მწვავე კრიტიკას“ (21 სექტემბერი); „როგორ ცეკვავს კახა კალაძე შვილებთან ერთად – რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე“ (5 ოქტომბერი); „სიყვარული ფერადია და ფოტოებიც ფერადი უნდა იყოს – ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის რომანტიკული ფოტოები „პარიზული დღეებიდან“ (30 ოქტომბერი) (აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი სტატია არჩევნების წინა დღეს გამოქვეყნდა ambebi.ge-ზე).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საარჩევნო პერიოდში ambebi.ge-ს მკითხველს არ მიეწოდებოდა სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხშირი იყო დაუბალანსებელი სტატიებისა და დაუდასტურებელი ბრალდებების გავრცელების შემთხვევები. განსაკუთრებით საყურადღებოა ambebi.ge-ს მიერ არჩევნების წინა დღეებში ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ ინტენსიურად გაშუქება მხოლოდ იმ კუთხით, რა კუთხითაც ამ საკითხს წარმოაჩენდა ბრალდების მხარე. ambebi.geზე არასათანადოდ არის ერთმანეთისგან გამიჯნული სარეკლამო და სარედაქციო მასალები.

ipn.ge
კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების სარედაქციო მასალებისგან არასათანადო გამიჯვნა უმწვავესი გამოწვევაა interpressnews.ge-სთვის. მონიტორინგის პერიოდში სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკოსების შესახებ მომზადებული მასალების თითქმის ერთი მესამედი გამოქვეყნდა კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში. ეს მასალები ნათლად არ იყო იყო გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან.

interpressnews.ge-ზე კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს უმეტეს შემთხვევებში ერთვის წრეში მოთავსებული ლათინური სიმბოლოები NS, რაც მკითხველისთვის დამაბნეველია, ვინაიდან ცხადად არ არის მითითებული, რომ მასალა დაფინანსებული და სარეკლამოა.

სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაფინანსებული მასალების, სათანადო მითითების გარეშე, დიდი რაოდენობით გამოქვეყნების შედეგად interpressnews.ge-ზე ჭარბობდა დადებითი ტონის მაჩვენებლები მმართველი გუნდის გაშუქებისას. მაგალითად, ადგილობრივი მთავრობების გაშუქებას დადებითი ტონის 60% ერგო, პრემიერ-მინისტრს 50%, ცენტრალური მთავრობას კი 47%.

ამასთან, NS ნიშნით ქვეყნდებოდა მასალები, რომლებშიც ხდებოდა კონკრეტული პირების ან კომპანიების დადანაშაულება ან ბრალდება და არ ხდებოდა ბრალდებულ მხარეთა პოზიციების წარმოჩენა. მაგალითად, გამოცემამ NS ნიშნით გამოაქვეყნა სტატიები „დავით ჭიჭინაძე – გიორგი ვაშაძე „ნაციონალებს“ ფულის სანაცვლოდ კვოტებს სთხოვდა, თუმცა მათ გონიერება ეყოთ და ამ უწესო წინადადებაზე არ დათანხმდნენ“ (30 ივლისი); „ლევან თარხნიშვილი – ადამიანების იგნორირება, გამდიდრებული ბიუროკრატები, ზეწოლა და ორმაგი სტანდარტი – ესაა „ქართული ოცნების“ სახე“ (19 სექტემბერი).

საარჩევნო პერიოდში, შესაბამისი მითითების გარეშე, მხოლოდ NS ნიშნით, სისტემატურად ქვეყნდებოდა ისეთი სტატიები, რომლებიც მმართველი პარტიის პიარ კამპანიას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჟურნალისტურ ნამუშევარს. მაგალითად, 21 აგვისტოს NS ნიშნით გამოქვეყნდა სტატიები: „ქართული ოცნების“ ლიდერები მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნენ“; „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ საღრაშენის ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს“; „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გარდაბნის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს“.

აღსანიშნავია, რომ interpressnews.ge-ზე NS ნიშნით მასალები ქვეყნდებოდა უშუალოდ არჩევნების დღესაც. მაგალითად, „დავით გაბაიძემ არჩევანი ბათუმის 49-ე უბანზე გააკეთა“; „დავით შერაზადიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა“.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ interpressnews.ge-ს მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ ნათლად გაარჩიოს, თუ რომელი სტატიებია მომზადებული რედაქციის მიერ და რომელი ქვეყნდება რეკლამის სახით. ასეთი სარეკლამო მასალების სიმრავლე კი ბუნდოვანს ხდის საინფორმაციო სააგენტოს, როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებელი გამშუქებლის როლს, ქართულ ონლაინ მედიაში.

kvira.ge
საარჩევნო პერიოდში kvira.ge ძირითადად დაკავებული იყო, ერთი მხრივ, სახელისუფლებო გუნდის დადებითად წარმოჩენის, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობით. ვებგვერდზე ხშირად გვხვდებოდა ისეთი ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები, როგორებიც არის, მოვლენების ცალმხრივი გაშუქება, კონკრეტულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ბრალდებების ხშირი გაშუქება, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის უცვლელად გამოქვეყნება და ა.შ.

მმართველი გუნდის გაშუქებისას ვლინდებოდა დადებითი ტონის უკიდურესად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები; მაგალითად, ადგილობრივ მთავრობებს დადებითი გაშუქების 74% ერგო, აჭარის მთავრობას – 64%, პრემიერ-მინისტრს – 61%, მთავრობას – 52%, „ქართულ ოცნებას“ კი – 50%. მეორე მხრივ, უარყოფითი ტონის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლები გამოვლინდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (78%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (75%) და „ევროპული საქართველოს“ (61%) გაშუქებისას.

მონიტორინგის პერიოდში kvira.ge-ზე ყველა საკითხი შუქდებოდა ხელისუფლების მიმართ დადებით ტონში. გამოქვეყნებული სტატიების დიდი ნაწილი სახელისუფლებო უწყებების პიარ-სამსახურების მიერ მომზადებულ პრეს-რელიზებს წარმოადგენდა, თუმცა ვებგვერდი ასეთ სტატიებს შესაბამის მითითებებს არ ურთავდა.

წინასაარჩევნო პერიოდში kvira.ge აქტიურად აშუქებდა მხოლოდ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობას და ასეთ სტატიებში მმართველი გუნდის წარმომადგენლები უმეტესად დადებითად იყვნენ წარმოდგენილნი. ვებგვერდზე არ შუქდებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო საქმიანობა, მათი საარჩევნო პროგრამები და დაპირებები. ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში შუქდებოდა უკიდურესად უარყოფითი ტონით. არჩევნების წინა დღეებში განსაკუთრებულად აქტიურად შუქდებოდა დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხები, რომლებშიც მხოლოდ მმართველი გუნდის მოსაზრებები იყო წარმოდგენილი.

kvira.ge-ზე სისტემატურად გვხვდებოდა საკითხების ცალმხრივი გაშუქება, მათ შორის, ხშირად უმძიმესი ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ შუქდებოდა რაიმე სახის გადამოწმების მცდელბის გარეშე. ასეთი სტატიები კი ჩვეეულებრივ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეხებოდა და მიზნად ისახავდა მათ დისკრედიტაციას (მაგალითად, სტატიებში „პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი: გიორგი ვაშაძის პარტია არასრულწლოვანებს არალეგალურად ამუშავებს“, 12 აგვისტო; „ცეზარ ჩოჩელი მემუქრება, რომ ხელუსფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო მეტს დამიშავებს, ვიდრე დღეს მიშავებს“ – ჩოჩელს ბიზნესის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ“, 19 ოქტომბერი). kvira.ge-ზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მიმართ კონკრეტული ბრალდებები შუქდებოდა სისტემატურად და რედაქციის მხრიდან არასოდეს ჩანდა მცდელობა, რომ გადაემოწმებინათ ამ ბრალდებათა დასაბუთება.

მონიტორინგის პერიოდში kvira.ge-ზე გვხვდებოდა სიძულვილის ენის შემცველი, უკიდურესად შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის უცვლელად გამოქვეყნების შემთხვევები. მაგალითად, 30 ივლისს kvira.ge-მ მისი პრესკლუბი დაუთმო ულტრამემარჯვენე პარტიის „ქართული მარშის“ ლიდერებს, რომელთა ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები უცვლელად გამოაქვეყნა ისე, რომ რედაქცია არ გამიჯვნია დისკრიმინაციის წამახალისებელ განცხადებებს.

მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ არჩევნების დღის შემდეგ kvira.ge-ზე გაიზარდა ინტერვიუების რაოდენობა. ინტერვიუებში რესპონდენტები უმეტესად აკრიტიკებდნენ ოპოზიციას (მაგალითად, „ლელა რაზიკაშვილი: დრო მათზე არ მუშაობს, რაც უფრო დიდ ხანს იდგებიან ქუჩაში, მით მეტ თანამებრძოლს დაკარგავს ოპოზიციური ერთობა“, 3 ნოემბერი; „რატომ ჩქარობენ თემურ ალასანია და პატრუშევი საქართველოში აჯანყების მოწყობას“, 9 ნოემბერი).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არჩევნების პერიოდში kvira.ge-ს მიზანი იყო არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მმართველი პარტიის მხარდასაჭერად და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ.

mpn.ge
საარჩევნო პერიოდში mpn.ge ძირითადად დაკავებული იყო, ერთი მხრივ, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის დადებითად წარმოჩენის, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობით. ვებგვერდზე სისტემატურად გვხვდებოდა ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები. ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენა შუქდებოდა მმართველი პარტიის მიმართ დადებით ტონში.

სახელისუფლებო გუნდის მიმართ უაღრესად დადებითი განწყობა ნათლად გამოჩნდა მონიტორინგის რაოდენობრივ მონაცემებშიც; მაგალითად, ადგილობრივი მთავრობების გაშუქებისას დადებითი ტონის 63%, პრემიერ-მინისტრის გაშუქებისას 57%, „ქართული ოცნების“ გაშუქებისას 49%, მთავრობის გაშუქებისას კი 48% გამოვლინდა. მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიების გაშუქებისას ვლინდებოდა უარყოფითი ტონის უკიდურესად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები; მაგალითად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უარყოფითი ტონის 71%, „ევროპულ საქართველოს“ 58%, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი 50% ერგო.

წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად და მხოლოდ დადებით კონტექსტში შუქდებოდა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობა და დაპირებები. ოპოზიციონერ კანდიდატთა გაშუქებისას კი წარმოდგენილი იყო მათი კრიტიკა და მადისკრედიტებელი განცხადებები. ცალმხრივად და მსგავსი ტენდენციებით შუქდებოდა არჩევნების დღის შემდეგ, მეორე ტურის პერიოდში განვითარებული მოვლენები.

მონიტორინგის პერიოდში mpn.ge სისტემატურად აქვეყნებდა საზოგადოებისთვის ცნობილ პირთა Facebook სტატუსებს, რომლებიც შეიცავდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მიმართ დაუდასტურებელ ბრალდებებს, ასევე, უკიდურესად შეურაცხმყოფელ, უხამს გამონათქვამებს. მაგალითად, სტატიებში: „შენ დაახტი წამოწოლილ გუბაზ სანიკიძეს და დააფრინდი მეგია გოცირიძეს – რეზო ამაშუკელი“ (7 აგვისტო); „ვინაა, თქვე ბო*ებო, თქვენი მათხოვარი?! ეს მოსყიდვაა! – ამათი მეორადი დედები გაბურღა შაქროს ვირმა!“ – გელა ზედელაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ (5 ოქტომბერი); „ეს ნაძირალა სააკაშვილი საცოცხლებელი არ არის! – ბონდო მძინარიშვილი“ (16 ოქტომბერი); „ეეეე… ბუბა პაპავ! შეხვალ, მიაფსამ, ამაიქაქანებ… – გელა ზედელაშვილი“ (31 ოქტომბერი).

mpn.ge უცვლელად და უკომენტაროდ აქვეყნებდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთა ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს, მაგალითად, სტატიაში: „მაგ ბორშჩს რა მიმართულებით მოგახმართ, საკუთარ მაგალითზე ნახავთ – ირმა ინაშვილი“, 14 სექტემბერი – გამოცემამ უცვლელად გამოაქვეყნა ირმა ინაშვილის ჰომოფობიური განცხადება, რომელშიც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი “გეირევოლუციონერებად”, “კურდღლებად” და “ფრინველებად” მოიხსენიებდა აქტივისტებს, რომლებმაც მათ წინააღმდეგ აქცია გამართეს.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საარჩევნო პერიოდში mpn.ge-ს მიზანი იყო არა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მმართველი პარტიის მხარდასაჭერად და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ. ვებგვერდი ხელს უწყობდა უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გავრცელებას.

netgazeti.ge
netgazeti.ge გამოირჩეოდა ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვითა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიღრმისეული და მიუკერძოებელი გაშუქებით.

netgazeti.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები „ქართული ოცნების“ (42%), „პატრიოტთა ალიანსისა“ (41%) და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (26%) გაშუქებისას გამოვლინდა.

წინასაარჩევნო პერიოდში netgazeti.ge აქტიურად აშუქებდა სხვადასხვა პარტიის საარჩევნო პროგრამებსა და ხედვებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. გამოცემის ჟურნალისტები უშუალოდ უკავშირდებოდნენ პოლიტიკურ პარტიებს და მოიპოვებდნენ ქვეყანაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მათ განმარტებებსა და ხედვებს. რედაქციამ მკითხველს შესთავაზა სიღრმისეული ინტერვიუები პოლიტიკურ ლიდერებთან მათ საარჩევნო დაპირებებზე. ვებგვერდზე მიუკერძოებლად გაშუქდა როგორც პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო საქმიანობა, ასევე არჩევნების პროცესი და ხმების დათვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.[

აღსანიშნავია, რომ netgazeti.ge, სარეკლამო მასალების გამიჯვნის სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მკითხველისთვის მარტივად გასაგებად უთითებდა კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს.

მონიტორინგის პერიოდში შეგვხვდა უზუსტობის ჩასწორების სტანდარტის ჯეროვნად დაცვის შემთხვევაც; სტატიას „დროებით გააუქმებს თუ არა Wizz Air ქუთაისში არსებულ ბაზას, ახლო მომავალში გახდება ცნობილი“ (1 ივლისი) დასასრულს ერთვის სპეციალურად გადიდებული და გამუქებული შრიფტით მინაწერი, რომ სტატიის თავდაპირველ ვერსიაში წარმოდგენილი იყო უზუსტობა.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ netgazeti.ge-მ ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქა როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე არჩევნების პროცესი და მეორე ტურის პერიოდში განვითარებული მოვლენები. მონიტორინგის პერიოდში netgazeti. ge მკითხველს სისტემატურად აწვდიდა სიღრმისეულ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ./toggle]

news.on.ge
მონიტორინგის პერიოდში news.on.ge აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. ვებგვერდზე დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები.

news.on.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებლები გამოვლინდა „პატრიოტთა ალიანსის“ (33%), ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (33%), „ქართული ოცნებისა“ (32%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (21%) გაშუქებისას. დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები არც ერთი პოლიტიკური პარტიის გაშუქებისას არ გამოვლენილა.

წინასაარჩევნო პერიოდში news.on.ge აქტიურად აშუქებდა სხვადასხვა პარტიის საარჩევნო პროგრამებსა და ხედვებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. არჩევნების წინა დღეებში news.on.ge მკითხველს სთავაზობდა ვრცელ ინტერვიუებს პოლიტიკოსებთან, რომლებშიც წარმოდგენილი იყო მათი ხედვევები და პროგრამები. ვებგვერდზე მიუკერძოებლად გაშუქდა როგორც პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო საქმიანობა, ასევე არჩევნების პროცესი და ხმების დათვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

მიუხედავად ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვისა, news.on.ge-ზე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებების შესახებ მომზადებულ მასალებს შეუსაბამო ფოტო ერთვოდა. მაგალითად, სტატიებში „წულუკიანმა დავით ბაქრაძეს „მოლაპარაკე დათუნია“ უწოდა“ (17 აგვისტო); „წულუკიანი – ჯაჭვლიანი, რომელსაც იბიარდს ეძახდით და ღიად დასცინოდით ახლა უცებ შეგიყვარდათ“ (27 ოქტომბერი) ერთვოდა მინისტრის შეუსაბამოდ გაცინებული ფოტოები და გაუგებარია, თუ რატომ შეარჩია რედაქციამ სწორედ ასეთი ფოტოები მინისტრის განცხადებების გაშუქებისას.

news.on.ge-ზე გვხვდებოდა სამი სახის სარეკლამო მითითება სტატიებზე და მათ შორის ერთი – „პარტნიორის კონტენტი“ – ვერ მიიჩნევა სარედაქციო და სარეკლამო მასალების ნათლად გამიჯვნად.

მონიტორინგის პერიოდში შეგვხვდა უზუსტობის ჩასწორების სტანდარტის ჯეროვნად დაცვის შემთხვევაც; მაგალითად, 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიას „აქციის დაშლისას მოქალაქეს თვალი დაუზიანდა, მას გადაუდებელი დახმარება უტარდება“, ერთვოდა რედაქციის განმარტება, რომ სტატიის თავდაპირველ ვერსიაში წარმოდგენილი იყო უზუსტობა, რომელიც მოგვიანებით ჩასწორდა.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ news.on.ge-მ აქტიურად და მიუკერძოებლად გააშუქა საარჩევნო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების მეორე ტურის პერიოდში news.on.ge მკითხველს ოპერატიულად აწვდიდა ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.

primetime.ge
primetime.ge-ს მონიტორინგი განხორციელდა 15 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით .

საარჩევნო პერიოდში primetime.ge-ზე ცხადად შეინიშნებოდა, ერთი მხრივ, მმართველი გუნდის დადებითად წარმოჩენის, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. ვებგვერდზე უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენდა სარეკლამო სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან. primetime.ge-ზე ხშირად გვხვდებოდა ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები, როგორებიც არის კონკრეტულ პირთა მიმართ კონკრეტული ბრალდებებისა და გადაუმოწმებელი, დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება.

primetime.ge-ზე შესაბამისი მითითების გარეშე გამოქვეყნებული სარეკლამო მასალების სიმრავლე იმდენად პრობლემური იყო, რომ რიგ შემთხვევებში სუბიექტთა გაშუქების ტონი იცვლებოდა სარეკლამო, შეკვეთილი სტატიების ხარჯზე. მაგალითად, მონიტორინგის მეორე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა უარყოფითი ტონის მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრის გაშუქებისას (მონიტორინგის პირველ პერიოდში უარყოფითი ტონის 14 პროცენტი, მეორე პერიოდში კი უარყოფითი ტონის 59 პროცენტი). აღნიშნული ცვლილება განაპირობა არა სარედაქციო სტატიებში წარმოდგენილმა კრიტიკამ, არამედ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დაფინანსებული სტატიების სიმრავლემ, რომლებშიც სისტემატურად ისმოდა პრემიერმინისტრის კრიტიკა (მაგალითად, სტატიებში: „სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პრემიერი გახარია ძალიან დაბნეული ჩანდა დღეს, საკმარისზე მეტი დრო იყო მომზადებისთვის – გიორგი ვაშაძე“, 11 სექტემბერი; „კუზიანს სამარე გაასწორებს“ – გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარდგენაზე“, 9 ოქტომბერი). უნდა აღინიშნოს, რომ, მეორე მხრივ, primetime. ge-ს რედაქციის მიერ მომზადებულ მასალებში სისტემატურად გვხვდებოდა მმართველი გუნდის უაღრესად დადებითად, ხოლო ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა უკიდურესად უარყოფითად წარმოჩენის მცდელობა. პრემიერ-მინისტრის გაშუქება კი კარგი მაგალითია იმის ილუსტრაციისთვის, თუ რა სიმწვავის პრობლემას წარმოადგენს primetime.ge-ზე სარეკლამო მასალების შესაბამისი მითითების გარეშე ხშირი გამოქვეყნება. სარეკლამო მასალებს გამოცემა ბოლოში ურთავდა ლათინურ „რ“-ს (R), რაც აუდიტორიისთვის არ არის ნათლად აღქმადი მითითება.

primetime.ge-ზე მწვავე პრობლემას წარმოადგენდა კონკრეტულ პირთა მიმართ მძიმე ბრალდებების გაშუქება. მაგალითად, სტატიებში „რა სატელეფონო ჩანაწერი გაუხსენეს ნათელაშვილს – ფულის ნაცვლად „ჰარი პოტერის“ წიგნები“ (17 ივლისი), „წინა ხელისუფლების დროს „თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო – ჩხარტიშვილი“ (16 ივლისი) წარმოდგენილი იყო მძიმე ბრალდებები ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მიმართ, თუმცა სტატიებში არ ჩანდა რედაქციის მხრიდან რაიმე სახის მცდელობა, რომ აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით წარმოედგინა თავად ბრალდებულ პოლიტიკოსთა კომენტარებიც.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავსკვნათ, რომ primetime.ge-ზე სისტემატურად ირღვეოდა ჟურნალისტური სტანდარტები. ვეებგვერდზე ხშირად ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია და ბრალდებები. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა სარეკლამო სტატიების შესაბამისი მითითების გარეშე ხშირი გამოქვეყნება.

publika.ge
საარჩევნო პერიოდში publika.ge მიუკერძოებლად და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

publika.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები „ქართული ოცნების“ (34%), „პატრიოტთა ალიანსისა“ (33%) და ექს-პრეზიენდტ მიხეილ სააკაშვილის (22%) გაშუქებისას გამოვლინდა.

წინასაარჩევნო პერიოდში publika.ge-ზე აქტიურად და მიუკერძოებლად შუქდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო შეხვედრები, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული ხედვები და საარჩევნო პროგრამები. გამოცემამ მკითხველს შესთავაზა სიღრმისეული ინტერვიუები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. publika.ge-ზე აქტიურად და მიუკერძოებლად გაშუქდა არჩევნების პროცესი და არჩევნების მეორე ტურის პერიოდში განვითარებული მოვლენები.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საარჩევნო პერიოდში publika.ge აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ publika.ge სარეკლამო მასალების გამიჯვნის სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მკითხველისთვის მარტივად და გასაგებად უთითებდა კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს.

radiotavisupleba.ge
მონიტორინგის პერიოდში radiotavisupleba.ge გამოირჩეოდა საკითხების კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზით. ვებგვერდზე მაღალ დონეზე იყო დაცული ჟურნალისტური სტანდარტები.

radiotavisupleba.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები „ქართული ოცნების“ (30%), „პატიოტთა ალიანსის“ (27%), ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა (22%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (20%) გაშუქებისას გამოვლინდა.

წინასაარჩევნო პერიოდში radiotavisupleba.ge აქტიურად აშუქებდა სხვადასხვა პარტიის საარჩევნო პროგრამებსა და ხედვებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. ვებგვერდზე მიუკერძოებლად გაშუქდა როგორც პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო საქმიანობა, ასევე არჩევნების პროცესი და ხმების დათვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები. radiotavisupleba.ge-მ არაერთი ვრცელი სტატია მიუძღვნა არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებს, რომლებშიც თავმოყრილი იყო სხვადასხვა მხარის მოსაზრებები აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით.

მონიტორინგის პერიოდში შეგვხვდა უზუსტობის ჩასწორების სტანდარტის ჯეროვნად დაცვის შემთხვევაც; სტატიებს „ავტობუსები ჭავჭავაძეზე 3 ღამის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმოძრავებენ“ (29 ივლისი) და „ქობულეთში „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი გაძარცვეს“ ერთვოდა რედაქციის განმარტებები, რომ ფაქტების გადამოწმების შედეგად სტატიებში შეტანილი იქნა ცვლილებები.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ radiotavisupleba.ge-მ მიუკერძოებლად და სიღრმისეულად გააშუქა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საარჩევნო პერიოდში. radiotavisupleba.ge მკითხველს სთავაზობდა სანდო და ამომწურავ ინფორმაციას როგორც მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდის, ასევე არჩევნების პროცესისა და მეორე ტურის პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.

reginfo.ge
reginfo.ge, როგორც რეგიონებზე ფოკუსირებული მედია, საარჩევნო პერიოდში მეტ ყურადღებას უთმობდა საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ვებგვერდზე დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები.

reginfo.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებლები გამოვლინდა „ქართული ოცნების“ (31%), „პატრიოტთა ალიანსისა“ (26%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (17%) გაშუქებისას.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ პარტიათა აქტივობები შუქდებოდა ობიექტურად და მიუკერძოებლად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ reginfo.geზე ნაკლები სიხშირით შუქდებოდა პარტიათა საარჩევნო პროგრამები და მეტი ყურადღება ეთმობოდა რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო თუ პოლიტიკური საქმიანობის ან მათი დაპირებების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ reginfo.ge საარჩევნო პერიოდში მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

sknews.ge
sknews.ge უმეტესად აშუქებდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე მაღალ დონეზე იყო დაცული ჟურნალისტური სტანდარტები.

sknews.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფით განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებლები გამოვლინდა „ქართული ოცნების“ (36%), ადგილობრივი მთავრობისა (27%) და „პატრიოტთა ალიანსის“ (26%) გაშუქებისას.

მონიტორინგის პერიოდში sknews.ge გამოირჩეოდა საკითხების სიღრმისეული და მრავალმხრივი გაშუქებით. სტატიებში უმეტესად სათანადოდ იყო დაცული ინფორმაციის წყაროთა ბალანსი. ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს და ამ ტიპის სტატიებში წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე პასუხისმგებელ პირთა პოზიციები.

წინასაარჩევნო პერიოდში sknews.ge-ზე ობიექტურად და მიუკერძოებლად შუქდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრები, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული ხედვები და საარჩევნო პროგრამები,მასალები ხმების დათვლის, არჩევნების შედეგებსა და მეორე ტურის პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების უმრავლესობისგან განსხვავებით, sknews. ge მაღალ დონეზე იცავდა კვლევების გაშუქების სტანდარტს. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევას ახალციხის დეპუტატების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციების შესახებ sknews.ge-მ ცალკე სტატია დაუთმო თავად კვლევაში ნახსენები დეპუტატების განმარტებებს („რა პასუხი აქვთ ახალციხელ დეპუტატებს არასრულად შევსებულ დეკლარაციებზე“, 20 ივლისი).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საარჩევნო პერიოდში sknews. ge მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. აღსანიშნავია, რომ sknews.ge სარეკლამო მასალების გამიჯვნის სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მკითხველისთვის გასაგებად უთითებდა კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს.

sputnik-georgia.com
საარჩევნო პერიოდში sputnik-georgia.com ძირითადად დაკავებული იყო მმართველი გუნდის დადებითად წარმოჩენის მცდელობით. პრაქტიკულად ყველა საკითხი შუქდებოდა ხელისუფლების მიმართ დადებით ტონში.

sputnik-georgia.com-ზე დადებითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვნებლები ადგილობრივი მთავრობების (59%), ცენტრალური მთავრობისა (34%) და პრემიერ-მინისტრის (33%) გაშუქებისას გამოვლინდა. უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კი ექსპრეზიენდტ მიხეილ სააკაშვილსა (41%) და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (19%) ერგოთ.

sputnik-georgia.com-ზე ხშირად გვხვდებოდა სტატიები, რომლებშიც მთავრობის წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურათა განცხადებები წარმოდგენილი იყო როგორც დადასტურებული ფაქტები და არ ჩანდა ჟურნალისტთა მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და საკითხების თუნდაც ოდნავ სიღრმისეულად გაშუქების რაიმე მცდელობა (მაგალითად, სტატიებში „მეტი კრედიტი, მეტი დახმარება: საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივდება“, 25 ივნისი, 2020; „მიმზიდველი პირობები: რას სთავაზობენ უცხოურ კომპანიებს საქართველოში“, 24 ივნისი, 2020; „ქართული ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე: სად და რამდენი გაიტანეს“, 3 აგვისტო, 2020).

წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის მიმართ ცალსახად დადებითი განწყობა გამოიხატებოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქებაში. ასეთი სტატიები ქვეყნდებოდა შემდეგი სათაურებით: „Survation: “ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგის ლიდერია“ (10 სექტემბერი); „Gorbi: გამოკითხულთა ნახევარი ფსონს „ქართულ ოცნებაზე“ აკეთებს“ (13 სექტემბერი); „ახალი გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ კიდევ ექვს მაჟორიტარულ ოლქში იმაჯვებს“ (1 ოქტომბერი).

sputnik-georgia.com არ აშუქებდა ოპოზციონერ პოლიტიკოსთა საარჩევნო პროგრამებსა და ხედვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და უშუალოდ არჩევნების წინა დღეებშიც განსაკუთრებულად აქტიურად აქვეყნებდა მხოლოდ ხელისუფლების საქმიანობის დადებითად წარმომჩენ სტატიებს (მაგალითად, არჩევნების წინა დღეებში გამოქვეყნდა სტატიები „ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო რეკორდულ დროში აიგო“, 21 ოქტომბერი; „რას ვსუნთქავთ: ჰაერი რუსთავში ორ წელიწადში უფრო სუფთა გახდება“, 22 ოქტომბერი; „მალე თბილის-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება“, 23 ოქტომბერი; „საქართველოს სოფლების გაზიფიკაცია გაგრძელდება“, 27 ოქტომბერი).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საარჩევნო პერიოდში sputnik-georgia. com-ის მიზანი იყო არა საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, არამედ მმართველი პარტიის მიმართ დადებითი განწყობების შექმნა-გაძლიერება.

tabula.ge
მონიტორინგის პერიოდში tabula.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებში დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები, თუმცა ხშირად გვხვდებოდა ფოტომანიპულაციის შემთხვევები.

tabula.ge-ზე უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებლები გამოვლინდა „ქართული ოცნების“ (43%), „პატრიოტთა ალიანსის“ (43%), ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა (27%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (19%) გაშუქებისას.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მონიტორინგის პერიოდში tabula.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, მისი განცხადების მიხედვით, სამი თვით გამოეთიშა სარედაქციო საქმიანობას, რათა ჩართულიყო „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტს საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია tabula.ge-ს სარედაქციო პოლიტიკაზე და მონიტორინგის შედეგად არ გამოვლენილა დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები ამ პარტიის გაშუქებისას.

წინასაარჩევნო პერიოდში tabula.ge აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებდა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამებსა და ხედვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებების შესახებ მომზადებულ სტატიებს ძალიან ხშირად ერთვოდა ისეთი რაკურსით გადაღებული ფოტოსურათები, რომლებზეც ისინი არაადეკვატურად, სასაცილოდ ან დაკნინებულად გამოიყურებოდნენ.

tabula.ge აქტიურად აშუქებდა არჩევნების პროცესს, ხმების დათვლის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებსა და არჩევნების მეორე ტურის პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ოპოზიციის ბოიკოტთან და არჩევნების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით რედაქციის გამოკვეთილი პოზიცია გამოვლინდა იმ გარემოებაში, რომ tabula.ge-მ არ გააშუქა არჩევნების მეორე ტური და ამ დღეს გამოქვეყნებულ, არჩევნების თემასთან დაკავშირებულ, სტატიებს დასასრულს ურთავდა რედაქციის განმარტებას – „ტაბულა მეორე ტურს ფარსად მიიჩნევს და არ აშუქებს“.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საარჩევნო პერიოდში tabula.ge, ერთი მხრივ, ცდილობდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებლად, ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით გაშუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, ვებგვერდზე შეინიშნებოდა გამოკვეთილად უარყოფითი პოზიცია მმართველი გუნდის მიმართ, რაც, ხშირ შემთხვევებში, გამოიხატებოდა ფოტომანიპულაციებშიც.

აღსანიშნავია, რომ tabula.ge სარეკლამო მასალების გამიჯვნის სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მკითხველისთვის მარტივად გასაგებად უთითებდა კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს.

გენდერული სტერეოტიპები ონლაინ მედიაში

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ონლაინ მედიაში პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპების შემცველი თუ სექსისტური განცხადებების გაშუქების სტანდარტის ხშირი უგულებელყოფა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვებგვერდების უმრავლესობა ასეთ განცხადებებს აქვეყნებს უცვლელად, შესაბამისი სარედაქციო კომენტარებისა თუ სხვა შეფასებების გარეშე, რაც ახალისებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას მედიის მხრიდან.

“მეორე მხრივ, გვხვდებოდა შემთხვევები, როდესაც ონლაინ გამოცემები ცდილობდნენ და ახერხებდნენ, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად გაეშუქებინათ პოლიტიკოსთა მიერ გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების გაჟღერება”, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში წარმოდგენილია სტატისტიკაც: ონლაინ მედიაში სუბიექტების გაშუქება სქესის მიხედვით. სუბიექტთა 47%-ის კაცები შეადგენენ.

სოციალური მედია

მონიტორინგის ამ ნაწილის(15 ივლისი-21 ნოემბერი) მიზანი იყო, შეესწავლათ, თუ რა სახის მედიაპროდუქტს ეცნობა ყოველდღიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალური მედიიდან მომხმარებელი.

იმის გათვალისიწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ფეისბუქია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ როგორ იყენებენ ამ პლატფორმას საარჩევნო პერიოდში ტრადიციული მედია და საარჩევნო სუბიექტები და რა ტიპის მედიაპროდუქტს აქვს ყველაზე მეტი გამოხმაურება.

დააკვირდნენ 13 ონლაინ მედიასაშუალების Facebook გვერდს, 6 სატელევიზიო არხის Facebook გვერდის, 60 ღია ჯგუფს, 137 პოპულარულ გვერდს, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერის, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, აჭარის მთავრობის, 11 სამინისტროსა და 4 მინისტრის Facebook გვერდი, 12 პოლიტიკური პარტიისა და 25 პოლიტიკოსის Facebook გვერდს, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ 20, Facebook-ზე ყველაზე ფფართოდ გავრცელებულ მედიაპროდუქტს.

გამოიკვეთა, რომ Facebook-ის მეშვეობით, ინტერაქციების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე ფართოდ სატელევიზიო არხებისა და მათი ვებგვერდების მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები ვრცელდებოდა. თავად მაუწყებლების მსგავსად, მათი ვერბგვერდებიც პოლარიზაციით გამოირჩეოდა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ პოპულარულ გვერდებზე ძალიან იშვიათად გვხვდებოდა განსაკუთრებულად პროლემური მედიაპროდუქტები და ასეთ მასალებს ინტერაქციების ძალიან დაბალი რაოდენობა უგროვდებოდა.

“მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა სულ ორი პრობლემური გვერდი, „ალტ-ინფო“ და „ალტ-კლუბი“, რომლებიც 23 ოქტომბერს Facebook-მა გააუქმა და ეს გვერდები სოციალურ ქსელში აღარ იძებნება”.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურები და სახელმწიფო უწყებები მონიტორინგის პერიოდში მათ Facebook გვერდებს იყენებდნენ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და არა პოლიტიკურ ოპონენტთა დისკრედიტაციის მიზნით.

თუმცა, პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების Facebook გვერდებზე ქვეყნდებოდა პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ შეურაცხმყოფელი და დამცინავი მასალები. მეორე მხრივ, ხაზგასმულია, რომ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა ისეთი განსაკუთრებულად პრობლემური მასალების გამოქვეყნების შემთხვევები, რომლებიც შეიცავს სიძულვილის ენას, ძალადობისკენ მოწოდებას ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი