ახალი ამბები

ამნისტია ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ნაცვლად

18 დეკემბერი, 2020 • 2250
ამნისტია ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ნაცვლად

მე-10 მოწვევის პარლამენტი საქმიანობას ამნისტიით იწყებს, თუმცა არა ისეთი მასშტაბურით, როგორიც “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამოაცხადა. რა მიზეზი, ლოგიკა და მიზანი აქვს ხელისუფლების მიერ ამჯერად დაანონსებულ ჰუმანურ აქტს? ვის (არ) შეეხება ამნისტია? აჩვენებს თუ არა ამნისტიის ინიცირებული კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საჭიროებას?

რომელ მუხლებს ეხება ამნისტია?

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ავტორი/ინიციატორი მიხეილ სარჯველაძეა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

პროექტის თანახმად, ამნისტია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება, ძირითადად შეეხება ნარკოდანაშაულს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია. ამნისტია არ არის გათვალისწინებული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა თუნდაც გაუფრთხილებლობით მკვლელობა ან  ოჯახური ძალადობა. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული პირი სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ  ნასამართლობის არმქონეა, დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან აანაზღაურა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი.

  • მუხლების სრული ჩამონათვალი, რომელთაც ამნისტია შეეხება, იხილეთ ბმულზე:

“ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს

ამნისტია, სავარაუდოდ, 3 000 პირს შეეხება

ამნისტია, სავარაუდოდ, 3 000 პირს შეეხება, რომელთაგან 800 პატიმარია, დანარჩენებს კი არასაპატიმრო სასჯელი აქვთ შეფარდებული.

უფრო კონკრეტულად, პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები, სავარაუდოდ, შეეხება პატიმრობაში მყოფ 800-მდე პირს, რომელთაგან 62 ქალია. ამ მსჯავრდებულთა აბსოლუტური უმრავლესობა — 680-მდე პირი სასჯელს იხდის სსკ 260-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისთვის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებისა). რაც შეეხება ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს, დღეისთვის ასეთი სულ 3 პირია — ამჟამად ისინი 46, 61 და 66 წლისანი არიან, სასჯელს 2005-2007 წლიდან იხდიან და შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ციხეს 2025-27 წლებში დატოვებენ.

არასაპატიმრო სასჯელებისა და პირობითი მსჯავრის შემთხვევებში, ამნისტია სრულად შეეხება, სავარაუდოდ, 800-მდე პირობით მსჯავრდებულს და 240-მდე პირს, ვისაც შეფარდებული აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ხოლო ნაწილობრივ — 700-მდე პირობით მსჯავრდებულს და 30-მდე პირს, რომელსაც შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

ამნისტიის აქტი გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამასთან, გათვალისწინებულია ამნისტიის გავრცელება იმ ჯარიმებზე,  რომელთა სასამართლო აქტები მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ჯარიმის გადახდა ამ დრომდე არ მომხდარა. სასჯელისგან გათავისუფლებულ ნარკოდანაშაულის ჩამდენ პირს, ასევე, აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, ვინც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამნისტია კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა აღსრულდეს.

“პოლიტპატიმრები” ამნისტიის მიღმა

პრეზიდენტის შეწყალების აქტისგან განსხვავებით, პარლამენტი ამნისტიას აცხადებს არა ინდივიდუალურად განსაზღვრული პირების მიმართ, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების მიხედვით. კანონპროექტში შეტანილ და მის მიღმა დარჩენილი მუხლების გათვალისწინებით, ამნისტია არ შეეხება იმ 5 პირს —გიორგი რურუას, ივერი მელაშვილს, ნატალია ილიჩოვას, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს — რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, ხელისუფლება კი ასეთად არ თვლის.

აქცია პროკურატურასთან

“ევროპული საქართველოს” შეფასებით, მუხლების ჩამონათვალი “ხელოვნურად არის დაჩეხილი ისე”, რომ ხელისუფლების “მძევლები და პირადი პატიმრები” არ გათავისუფლდნენ.

“ნებისმიერი ამინისტია, რომელიც აქამდე 30 წლის განმავლობაში გაკეთებულა, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს (რურუა მსჯავრდებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით – რედ.) იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი. თუ ამნისტია ასეთ რამეებს არ შეეხება, მაშინ ეს არის ამინისტია საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად”, – ამბობს გიგი უგულავა.

სახელისუფლებო გუნდი, ერთი მხრივ, ხსნის კონსულტაციებს კანონპროექტის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად და ოპოზიციასაც მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ და ამნისტიის განხილვის პროცესში თავიანთი ინიციატივებით ჩაერთონ, იმავდროულად, აცხადებს, რომ ამნისტია ოპოზიციისთვის რამე ჟესტის გასაკეთებლად და მოლაპარაკებებთან კავშირში არ არის ინიცირებული და კანონპროექტს “არცერთი მუხლი არ დაემატება“.

“ამნისტია რომც შეხებოდა “კარტოგრაფების საქმეზე” ბრალდებულებს, სამართლებრივ ბრძოლას მაინც გავაგრძელებდით, რადგან ამნისტია არ ნიშნავს მარეაბილიტირებელი საფუძვლით ადამიანის გათავისუფლებას, ჩვენ კიდევ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები აბსოლუტრად უდანაშაულოები არიან”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში გიორგი მშვენიერაძე, GDI-ის თავმჯდომარე, რომელიც ივერი მელაშვილის უფლებებს იცავს.

ამნისტიის მოტივი

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამნისტიის აუცილებლობა განპირობებულია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორიის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების დამატებითი ბერკეტების შემოღების საჭიროებით.

იურისტები და პოლიტიკოსები ამნისტიის აქტს მიესალმებიან, თუმცა მის დასაბუთებას არასაკმარისად მიიჩნევენ.

“დეტალურად გავეცანი ამნისტიის კანონპროექტს და მიუხედავად ჩემი კეთილგანწყობისა ზოგადად ამნისტიის, როგორც ჰუმანური აქტის მიმართ (რაც გასაგებია ჩემი უფლებადაცვითი საქმიანობიდან გამომდინარე), გამიჭირდა დამენახა, რა ლოგიკას ეფუძნება — რა მიზანს ისახავს, კარგად არ ჩანს. ზოგადად, ჰუმანიზმის პრინციპზე მითითება საკმარისი არ არის, საჭიროა მეტი დასაბუთება — ამნისტია მართლმსაჯულების ხარვეზებს ასწორებს? სასამართლოში რომ კლანური მმართველობაა და ბევრი უსამართლო გადაწყვეტილებაა, ამ პრობლემას აგვარებს? პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკულად არის შეფასებული, საერთოდ არ არის შესული, ანუ ამ მიზანსაც გამორიცხავს. თუ [ოპოზიციასთან] პოლიტიკური თანხმობა სჭირდებოდა ხელისუფლებას, ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოეყენებინა. თუ ეს მოტივაცია არ აქვს, მაშინ ეს ამნისტია პოლიტიკური თანხმობის კი არა, უთანხმოების საგანი ხდება”, – ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.

ეკა ბესელია ყურადღებას ამახვილებს ნარკოპოლიტიკის ჩავარდნილი რეფორმის შედეგად დარჩენილ საკანონმდებლო ვაკუუმზე და ამბობს, რომ ამნისტიის ინიციატივა ამ მიმართულებასაც სრულად ვერ ასახავს.

“მთლიანობაში ბევრი ხარვეზია, რომელიც არსებობს და რომლის გამოსასწორებლადაც შეიძლება ამნისტიის აქტი გამოსცე, მაგრამ კონკრეტული პროექტი ამ პრობლემებს ვერ წყვეტს. ამიტომ, მართალი გითხრათ, თავისთავად ჰუმანური აქტის სათაურის გარდა და იმ დაახლოებით 800 ადამიანის ინტერესის გარდა, ვინც, როგორც ამბობენ, გათავისუფლდება, ვერ ვხედავ, რა შედეგზეა გათვლილი ამნისტია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კანონპროექტში შეტანილია ბევრი ისეთი მუხლი, რომელიც პრაქტიკაში ხშირად არ გვხდება, როგორც დანაშულებრივი ქმედება. ამიტომ მგონია, რომ უფრო ხელოვნური მასშტაბის შესაქმნელად გაიბერა მუხლების რაოდენობა, რომლებიც სინამდვილეში არაა რელევანტური”, – ამბობს ბესელია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის შეფასებით,  დაანონსებული ამნისტია “უფრო “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრებაა” და არა არსის გამოხატვა, რასაც ამნისტია ზოგადად გულისხმობს. ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუდმივად საუბრობდა “ქართული ოცნების” მიერ ხმების მობილიზებაზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისა და ქუჩის მაყურებლების დახმარებით.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, ამნისტია შეეხოს წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივ საქმეებს.

“იგივე ხაბეიშვილის ცემის ფაქტი გამახსენდა, რომელზეც რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მიცემულია. მათზე, ალბათ, გავრცელდება ან გაავრცელებენ ამნისტიას. შეიძლება ამნისტირებული მუხლები შეეხოს იმ ადამიანებს, ვინც ერთგვარად ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებად მოიაზრებიან. ეს კითხვები რჩება, ამიტომ საჭრო იყო უფრო მეტი დასაბუთება, უფრო მეტი სიცხადე და ლოგიკა ქაოტურად შერჩეული მუხლების ჩამოყალიბების დროს”, – ამბობს ბესელია.

თავად სახელისუფლებო გუნდი დროის ამ მონაკვეთში ამნისტიის გამოცხადების რამე განსაკუთრებულ მიზეზზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპექტებზე არ საუბრობს, გარდა ჰუმანიზმის პრინციპისა (რაც ისედაც ყველა ამნისტიის საფუძველია) და ხანრძგლივი პაუზისა, რომელსაც ბოლო ასეთი აქტივობიდან ჰქონდა ადგილი.

“ამნისტია არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და სტანდარტულად, შედარებით ხშირად ხორციელდება ხოლმე ქვეყანაში. თუ გადახედავთ ბოლო 30-წლიან ისტორიას, პარლამენტის მიერ მიღებულია ათეულობით ამნისტიის კანონი. ჩვენს შემთხვევაში საკმაოდ დიდი ინტერვალი გაჩდა და ჩავთვალეთ, რომ დღეს არის დრო იმასთვის, რომ ათასამდე პატიმარს შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

ამნისტიის ინიციატივას მიესალმება “საქართველოს დემოკრტიული ინიციატივის” (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

“ზოგადად, ნებისმიერი ამნისტიის აქტი არის ჰუმანური აქტი და, ბუნებრივია, ყოველთვის არის კარგი, თუმცა ამნისტიის აქტებს თან ერთვის გარკვეული რისკები, თუკი გამოცემის მომენტში ხელისუფლებას სათანადოდ არ აქვს დამუშავებული მონაცემები, შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს კრიმინოგენულ მდგომარეობაზე. თუმცა, როგორც განმარტებით ბარათშია წერია, კანონპროექტის მომზადებას წინ უძღოდა კონსულტაციები შსს-სთნ, გენერალურ პროკურატურასა და სუს-თან, რაც გვაფიქრებინებს, რომ გარკვეული ინფორმაციის გაცვლა კანონპროექტის ავტორსა და სამართალდამცველ უწყებებს შორის იყო”, – ამბობს იგი.

ერთჯერადი ჰუმანური აქტი VS ლიბერალური ნარკოპოლიტიკა

როგორც აღვნიშნეთ, 2020 წლის ამნისტია ყველაზე მეტად ნარკოდანაშაულს ეხება.

“სრული უმრავლესობა, ვინც ამნისტიის შედეგად საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს, არის ნარკოდანაშაულში მსაჯვრდებული. მე ვისურვებდი, რომ ამნისტიით კი არ უწევდეთ ამ ადამიანების გამოშვება, საერთოდ არ იჭერდნენ და თავიდანვე სწორი პოლიტიკა გვქონდეს ამ ტიპის ქმედებებთან მიმართებაში. ნარკოპოლიტიკა ჯანდაცვის სფეროს ნაწილი უნდა იყოს და არა — სისხლის სამართლის, თუმცა ამნისტიასთნ დაკავშირებით მაინც დადებით აზრს გამოვხატავდი”, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

აკაკი ზოიძე, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ თოროზე შემოდებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტთა პაკეტის ინიციატორია, მიესალმება ამნისტიის აქტს და იმ ფაქტს, რომ ის შეეხება ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს.

“ამნისტია არ უნდა სჭირდებოდეს ამას — ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანები, ეს ადამიანები არაძალადობრივი დანაშაულისთვის ციხეში არ უნდა ისხდნენ. თვითონ ამნისტიას, ცხადია, ვეთანხმები, მაგრამ აუცილებლად მისაღებია კანონპროექტთა ის პაკეტი, რომლის ბოლომდე მიყვანა ვერ მოვასწარით. გარკვეული შეთანხმებებიც იყო მიღწეული, მაგრამ რაღაცებმა ხელი შეუშალა — მათ შორის, დისკრედიტაციამ და იმანაც, რომ პოლიტიკურად უკვე აღარ იყო ისეთი აქტუალური ზოგიერთი ჩვენი კოლეგისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ახალმა პარლამენტმა ბოლომდე მიიყვანოს ნარკოპოლიტიკის რეფორმა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” აკაკი ზოიძემ.

მსვლელობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის. 17 ივნისი, 2017. ფოტო: ნეტგაზეთი

ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტი „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დაარეგისტრირეს დეპუტატებმა: აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ და სოფო ქაცარავამ.

რეფორმას უნდა უზრუნველეყო ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ჰუმანიზმის, ინდივიდუალური და არარეპრესიული მიდგომის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრინციპებზე დაფუძნება.

კანონპროექტის განხილვა არაერთხელ გადაიდო და მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ ის არ მიუღია. ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია და ჯერჯერობით არ დგას ახალი პარლამენტის დღის წესრიგში.


მთავარ ფოტოზე: დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციაზე. აქცია “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” სამტრედიაში 2016 წლის 20 აგვისტოს გაიმართა.  ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი