ახალი ამბები

ამნისტია ოპოზიციისთვის რაიმე ჟესტის გასაკეთებლად არაა ინიცირებული — თალაკვაძე

16 დეკემბერი, 2020 •
ამნისტია ოპოზიციისთვის რაიმე ჟესტის გასაკეთებლად არაა ინიცირებული — თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი ოპოზიციისთვის რაიმე ჟესტის გაკეთებას არ ნიშნავს.

თალაკვაძე სპეკულაციას უწოდებს მოსაზრებას, რომ კანონპროექტის ინიცირება “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

“ამნისტიის შესახებ” დღეს გამოქვეყნებულ კანონის პროექტში ის მუხლები ვერ მოხვდა, რომლითაც “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუასა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეები მიმდინარეობს. სწორედ ამ ადამიანებს მიიჩნევს ოპოზიცია პოლიტპატიმრებად და მათ გათავისუფლებას ითხოვს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს მუხლები  ამნისტიის შესახებ კანონში ვიხილოთ, თალაკვაძე პასუხობს, რომ კანონის მიღებამდე მუხლებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

“სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ ამით ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს საპარლამენტო უმრავლესობამ. მოგეხსენებათ, რომ მაღალი პროფილის საქმეები ვერ იქნება და არ იქნება პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი, ეს არის ცალსახად მართლმსაჯულების საკითხი. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ეს კანონი ადამიანებს არ დაყოფს პოლიტიკოსებად და არაპოლიტიკოსებად.

ჩვენ ვისმჯელებთ მუხლებზე და ჩვენი მთავარი კრიტერიუმი გადაწყვეტილების მისაღებად იქნება ის, რომ ადამიანებმა, ვინც საპატიმროებიდან საზოგადოებაში დაბრუნდებიან, არ შეუქმნან საფრთხე მოქალაქეების უსაფრთხოებას და, რაც მთავარია, მივაღწიოთ იმ მიზანს, რაც აქვს ამნისტიას”, — განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს, 16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან კიდევ ოჯახში ძალადობა. მისივე თქმით, ამნისტია სულ შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ციხეს დატოვებს რამდენიმე ასეული პატიმარი.

“ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი