ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი სამხედრო ტყვეებს ცვლიან | ყარაბაღის მეორე ომი

14 დეკემბერი, 2020 • 1958
სომხეთი და აზერბაიჯანი სამხედრო ტყვეებს ცვლიან | ყარაბაღის მეორე ომი

აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა დღეს, 14 დეკემბერს სამხედრო ტყვეების ორმხრივი გაცვლის პროცესი დაიწყეს.

ბაქოში უკვე დაბრუნდა სამხედრო ტყვეების პირველი ჯგუფი, ასევე, აზერბაიჯანელი სამოქალაქო ტყვეებიც, რომლებიც მთიან ყარაბაღში 6 წლის წინ დააკავეს.

აზერბაიჯანული APA-ს ცნობით, სომეხი სამხედრო ტყვეების პირველი ჯგუფიც დღესვე დაბრუნდება სამშობლოში.

მთიან ყარაბაღში 44 -დღიანი ომის დასრულების შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, პროცესი დღემდე აქტიურად არ მიმდინარეობდა.

პროცესის გაჭიანურების გამო ერევანში სომხური ოპოზიციის წევრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აკრიტიკებენ.

არაადამიანური მოპყრობა

ომის მიმდინარეობის დროს სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ჩანდა,  თუ როგორ აიძულებდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი შეიარაღებული პირები მოწინააღმდეგის ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს ძალადობის გამოყენებით საკუთარი ლიდერების შეურაცხყოფას, მოწინააღმდეგის დროშაზე მთხვევასა და სხვა დამამცირებელ მოქმედებას.

დეკემბრის დასაწყისში ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანული მხარე არაადამიანურად ეპყრობოდა ომის პატიმრებს. ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარეობს იმ ვიდეომასალის შესწავლაც, სადაც სომეხი სამხედროებიც, შესაძლოა, არაადამიანურად ეპყრობოდნენ დატყვევებულ მოწინააღმდეგეებს.

აზერბაიჯანული მხარე არაადამიანურად ეპყრობა სამხედრო ტყვეებს | Human Right Watch

ვნებათაღელვა ერევანში

სომხეთის დედაქალაქში, 11 ნოემბრის ღამიდან მოყოლებული, პერმანენტული აქციები იმართება. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. აქციების განმავლობაში პროტესტის მონაწილეები სომხეთის მთავრობას აკრიტიკებდნენ, რადგან, მათი თქმით, ისინი არაფერს აკეთებდნენ სომეხი სამხედრო ტყვეებისა და ომის პატიმრების ტყვეობიდან დასახსნელად.

განსხვავებული შეფასებები მოჰყვა აზერბაიჯანელი ტყვეების ბაქოსთვის გადაცემასაც. ოპოზიციური მოძრაობის – სამშობლოს ხსნის/გადარჩენის მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, იშხან საღატელიანის განცხადებით, “ნიკოლ ფაშინიანმა ბაქოს გადასცა ბავშვის მკვლელები”.

ასგაროვისა და გულიევის შემთხვევა

2014 წელს, სომხური მხარის განცხადებით, მათ დააკავეს აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები – დილღამ ასგაროვი და შაჰბაზ გულიევი, რომლებიც ე.წ. “კონტაქტის ხაზის” გადაკვეთის შემდეგ დივერსიულ საქმიანობას ეწეოდნენ მთიან ყარაბაღში. სომხური მხარის განცხადებით, ასგაროვმა და გულიევმა მოკლეს 17 წლის სუმბათ წაკანიანი, რის გამოც ისინი ქალაქ შუშის/შუშას ციხეში იმყოფებოდნენ.

აზერბაიჯანელი ყოფილი ტყვეები ბაქოში დაბრუნებისას / APA.AZ

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ასგაროვი და გულიევი ქელბაჯარის რაიონში საკუთარი სახლების მოსანახულებლად გადავიდნენ და დანაშაული არ ჩაუდენიათ.

გათავისუფლებული პირების ოჯახის წევრები მადლობას უხდიან ქვეყნის პრეზიდენტს – ილჰამ ალიევს.


მთიან ყარაბაღში ომი ერთ თვეზე მეტია, რაც დასრულდა. შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. ასევე კონტროლი მოიპოვა სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, მათ შორის სოთქის ოქროს საბადოს ნაწილზეც, რაც სომხური საზოგადოების ნაწილის მიერ აღქმული იქნა, როგორც სომხეთის რესპუბლიკის ოკუპაცია, თუმცა ოფიციალური ერევნის განცხადებით, მიმდინარეობდა საზღვრის დემარკაციის პროცედურები და აზერბაიჯანელი სამხედროები არ იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

რამდენიმე დღის წინ შეიარაღებული ინციდენტი მოხდა ჰადრუთის რაიონშიც. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, რაიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფლებზე ბაქოს გავლენა ვრცელდება, თუმცა ამ სოფლებს სომხური არაფორმალური ჯგუფები აკონტროლებდნენ. ცეცხლის გახსნის შემდეგ სოფლებში რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი