ახალი ამბები

დაკავებულია ბადრი ესებუას ძმა – შსს

12 დეკემბერი, 2020 • 1207
დაკავებულია ბადრი ესებუას ძმა – შსს

სამართალდამცავებმა ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით ძებნილი ბადრი ესებუას ძმა დააკავეს. ინფორმაცია”ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, სად და რა ვითარებაში დააკავეს ესებუას ძმა, შსს, ამ ეტაპზე, არ ავრცელებს.

თავდასხმა “საქართველოს ბანკზე”

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის, ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო.  არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. 26 ოქტომებრს კი იდენტიფიცირებული პირის ვინაობა დაასახელა. სამინისტროს ინფორმაციით, ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

გარეკანზე: ფოტო არქივიდან/ბადრი ესებუას გადაადგილების კადრები

მასალების გადაბეჭდვის წესი