ახალი ამბები

ესებუა გამოძიებასთან თანამშრომლობის წინაპირობას ასახელებს

20 თებერვალი, 2023 • 1011
ესებუა გამოძიებასთან თანამშრომლობის წინაპირობას ასახელებს

ბადრი ესებუას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუ ესებუას ძმას პატიმრობიდან გაათავისუფლებენ:

„ბადრი ესებუას ძმა, რომელიც მძევლად არის აყვანილი, უნდა გათავისუფლდეს. ეს არის მთავარი მოთხოვნა როგორც ბადრის, ასევე ყველასი. თუ რამე კითხვები ექნება საგამოძიებო უწყებას ბადრისთან, ყველანაირ კითხვაზე მზადაა უპასუხოს, მაგრამ ის, რაც ხდება ბადრის ოჯახზე, უნდა დასრულდეს. თუ რაიმე სახის თანამშრომლობა სურს საგამოძიებო უწყებას, მზად ვართ, ღია ვიყოთ“ ,– აცხადებს ალექსანდრე კობაიძე „მთავარ არხთან“.

ჯერჯერობით პოლიციას ნაპოვნი არ აქვს თანხა, რომელიც, სავარაუდოდ, ბადრი ესებუამ საქართველოს ბანკიდან წაიყო გამოსასყიდის სახით.

ბადრი ესებუა 8 თებერვალს ზუგდიდში დააკავეს. ესებუას სწორედ ზუგდიდში,  „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წელს შეჭრასა და 43 ადამიანის მძევლად აყვანა ედება ბრალად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.

ბადრი ესებუას ძმა ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. ბიძინა ესებუას ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 13 ივლისს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბიძინა ესებუას გამოძიება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი