ახალი ამბები

შსს: ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ გატაცებული ოთხივე მძევალი თავისუფალია

22 ოქტომბერი, 2020 •
შსს: ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ გატაცებული ოთხივე მძევალი თავისუფალია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ გატაცებული ოთხივე მძევალი თავისუფალია, არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნება და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულის შესახებ უწყებამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. შსს-ში ამბობენ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა და კიდევ სამი მოქალაქე თავისუფალია.

რაც შეეხება თავდამსხმელს, შსს-ს განცხადებით, მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. დამატებით დეტალებზე უწყებაში ამ დროისთვის განმარტებას არ აკეთებენ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლეს, ასევე ჯანმრთელობას, საფრთხე არ ემუქრება. მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”, – წერია შსს-ის განცხადებაში.

მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც, რომელმაც თქვა, რომ მძევლებს დაზიანებები არ აღენიშნებათ, გამოძიების შესახებ დეტალებზე კი არ ისაუბრა.

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულ თავდამსხმელ 20-მდე მოქალაქე  მძევლად ჰყავდა აყვანილი  და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი