ახალი ამბები

ბადრი ესებუას იარაღის საქმეზე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

5 აპრილი, 2023 • 696
ბადრი ესებუას იარაღის საქმეზე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით, ესებუას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბადრი ესებუას რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.

სხვა ბრალდებებზე სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მათ შორის, ტერორიზმის საქმეზე.

ბადრი ესებუას ძმა ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. ბიძინა ესებუას ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 13 ივლისს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბიძინა ესებუას გამოძიება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი