ზუგდიდის სასამართლომ ბადრი ესებუას „საქართველოს ბანკში“ შეჭრის საქმეზე 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი ზუგდიდში დღეს გაიმართა.
მანამდე, ესებუა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული მუხლით ესებუას 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს ნათესავის სახლში დააკავეს, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ესებუას მშობლების სახლიდან 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავების ადგილიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
პროკურატურა ესებუას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით ედავებოდა, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.