ახალი ამბები

კობახიძე არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებებს სახუმარო პოსტით პასუხობს

10 დეკემბერი, 2020 •
კობახიძე არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებებს სახუმარო პოსტით პასუხობს

“მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა”, – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

პოსტი სახუმარო ხასიათისაა და მასში აღწერილი სცენარი, კობახიძის აზრით, აჩვენებს, როგორი ნონსენსია ოპოზიციის განცხადებები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

⭕️ მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც…

Posted by ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze on Thursday, 10 December 2020

კობახიძე წერს, რომ იმ პროცენტების დათვლით, რომელსაც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მიიღეს, გამოდის, ოპოზიციამ, ჯამში, ხმათა 100% დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშასადამე, პარტია „ქართული ოცნება“ ბუნებაში არ არსებობს.

“ანუ არსებობს ორი პარალელური სინამდვილე – ერთი ნამდვილი, ოპოზიციის თვალით დანახული სინამდვილე და მეორე ყალბი, ცესკოს მიერ შექმნილი ვირტუალური სინამდვილე. შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ახლა კი სერიოზულად: ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ”, – წერს კობახიძე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კობახიძის პოსტი ცინიზმად შეაფასა და თქვა, რომ ოპოზიციის პასუხი ამ ცინიზმზე არის ის, რომ პარლამენტში არ შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი