პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დევნილებს საცხოვრისის ნაცვლად ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარის მიღებას შესთავაზებენ, განცხადებიდან რამდენიმე საათში ასობით დევნილი გამოეხმაურა. კომენტარები იწერება როგორც აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფებში, ისე დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდზე. გამოხმაურებების დიდი ნაწილი კრიტიკულია – დევნილები თანხას არასაკმარისად მიიჩნევენ, შეთავაზებას დაცინვად აღიქვამენ და კითხულობენ, რატომ უწევს ზოგიერთ ოჯახს საცხოვრებლის მოლოდინში 33-34 წლის გატარება.

„10 000 ლარად რა უნდა ვიყიდოთ?“ – ეს კითხვა არაერთ კომენტარში მეორდება. დევნილები წერენ, რომ აღნიშნული თანხით საცხოვრებლის შეძენა შეუძლებელია, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ოჯახში რამდენიმე ადამიანია. მათი ნაწილი ამბობს, რომ ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ შეთავაზებული თანხა პრობლემას ვერ აგვარებს.

“თქვენი ერთ-ერთი საკუთრება მომყიდეთ მაგ ფასად და თანახმა ვარ …. ათიათას ლარად საკითხავია, საფლავის მიწა მომივა? – წერს ერთ-ერთი კომენტატორი.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უნამუსობა. ჩვენ სამნი ვართ, 30 ათას ლარად რა უნდა შევიძინოთ, ავტოფარეხი?
“გთხოვთ, დეტალურად ამიხსნათ, თუ რისი ეკვივალენტია ეს 10’000 ლარი, ანუ მაინტერესებს, როგორ დაანგარიშდა, რა სტატისტიკური მონაცემებისა თუ ბაზრის კვლევებზე დაყრდნობით მივიდა შესაბამისი უწყება თანხის ამ ოდენობამდე? გთხოვთ, კონპეტენტურმა სპეციალისტმა მიპასუხოს და არა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა”.

„33 წელი ველოდებით ხალხი საცხოვრებელს და ახლა 10 000 ლარს სთავაზობთ? უბრალოდ სირცხვილია“.

„უკვე წერაც მომბეზრდა… ვწერთ და ვკითხულობთ, აზრი? ვისაც ჰყავს პატრონი, ის იღებს ბინებს“

“ადამიანის კატეგორიას ისე უჭირს და სწრაფი თანხა ისე სჭირდება, ბევრმა აიღო და ბევრიც აიღებს, სამწუხაროდ. ზუსტად იცით ეს ამბავი და მაგაზეა გათვლილი”.

“დაცინვას საზღვარი ხომ უნდა ქონდეს? 14 წელია 45 ლარისთვის კაპიკი არ მოგიმატებიათ. ყველაფრის ფასი გაასმაგებულია და თქვენ სამათხოვრო 10 ათასს სთავაზობთ გაჭირვებულ, უსახლკარო ადამიანს? ან სახლი, ან კომპენსაცია, ეს რას ნიშნავს? დევნილების აჯანყება არ მიიღოთ…”

“კობახიძე, მიიღებ შენ დევნილების რევოლუციას”.

სხვა დევნილები ინიციატივას უფრო მწვავე შეფასებებით ეხმაურებიან.

დევნილების უკმაყოფილება მხოლოდ თანხის ოდენობას არ უკავშირდება, – ისინი წერენ, რომ წლების განმავლობაში საცხოვრებლის მოლოდინში არიან, ზოგიერთ მათგანს კი ოჯახის წევრები ისე დაეღუპა, რომ ბინის მიღებას ვერ მოესწრო.

კომენტარების ავტორები ასევე ითხოვენ განმარტებას, რა პრინციპით ნაწილდება ბინები და რატომ რჩებიან ოჯახები წლების განმავლობაში საცხოვრებლის გარეშე.

არის განსხვავებული მოსაზრებებიც: ზოგიერთი დევნილი წერს, რომ მრავალსულიანი ოჯახისთვის თანხის მიღება შესაძლოა მისაღები ალტერნატივა იყოს, თუ ბინის მოლოდინი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ დევნილთა განსახლების საკითხის სრულად მოგვარებას არსებული ტემპით სულ მცირე კიდევ 10 წელი დასჭირდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც წარსულში საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღიათ, საცხოვრებლის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლებათ – ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ოდენობით. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება, ხოლო მისთვის მიმდინარე წელს 58 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

მთავრობის განცხადებით, კომპენსაციების გაცემის პარალელურად, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა გაგრძელდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი, ხოლო მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ ბინებს დამატებით 2 600 ოჯახი მიიღებს. თუმცა, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, დაახლოებით ამდენივე დევნილს [რამდენიმე ათეულ ათას დევნილს] ჯერ არ მიუღია სახელმწიფოსგან საცხოვრებელი.

„ჩემი ორი კლიენტი ბინის მიღებას ვეღარ მოესწრო“ – ადვოკატი, რომელიც დევნილებს ეხმარება