ახალი ამბები

აქცია სასამართლოსთან ილიჩოვასა და მელაშვილის მხარდასაჭერად

30 ნოემბერი, 2020 • 923
აქცია სასამართლოსთან ილიჩოვასა და მელაშვილის მხარდასაჭერად

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი.

ისინი დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.

სასამართლოსთან იმყოფება “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, ილიჩოვასა და მელაშვილის დაკავება ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და ამჟამად “ბიძინა ივანიშილს ისინი პოლიტიკურ მძევლებად ჰყავს”. ასევე, ხოშტარიას თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მიუხედავად მათი მოთხოვნისა, ხელმოწერების შეგროვებისა და წარდგენილი მტკიცებულებებისა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ილიჩოვასა და მელაშვილს მოსამრთლე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

დღევანდელი სასამართლო პროცესის შედეგად კარტოგრაფების პატიმრობიდან გათავისუფლების მოლოდინი არ აქვთ სამოქალაქო აქტივისტებსაც. “სირცხვილიას” აქტივისტის, ანა ჭარხალაშვილის თქმით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავება მმართველი პარტიის წინასაარჩევმო ინტერესებისთვის მოხდა. “ეს ადამიანები” ქართული ოცნების” პოლიტპატიმრები არიან და მათი საქმეები აუცილებლად გასაჩივრდება საერთაშორისო დონზე და ვფიქრობთ, რომ გაზაფხულისთვის ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება”, – განაცხადა ჭარხალაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა იწყება.

როგორც “ნეტგაზეთს” ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ განუცხადა, ადვოკატებმა სასამართლოზე მიიტანეს 214 ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდებში უდგებიან.

“კარტოგრაფების საქმეზე” წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს იყო დანიშნული, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს პროცესის ორი თვით გადავადების თხოვნით მიმართა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა ჩაინიშნა.


სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი