„სომხეთის შეიარაღებული ძალების NATO-ს სტანდარტებზე რეალური გადასვლა ხანგრძლივი, რთული პროცესი იქნება, რომელიც დიდ საბიუჯეტო ხარჯებს მოითხოვს, ამასთან, გაურკვეველია, რა პერსპექტივა ექნება ამას სომხეთის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ოლეგ სალიუკოვმა. ინფორმაცია რუსეთის უშიშროების საბჭოს აპარატის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მისი შეფასებით, სომხეთის ხელისუფლების განცხადებები შეიარაღებული ძალების ევროატლანტიკურ სტანდარტებზე გადასვლის შესახებ ამ ეტაპზე ძირითადად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

სალიუკოვის თქმით, სომხეთის არმიის შეიარაღების დაახლოებით 90% რუსული წარმოებისაა. მათ შორის მან დაასახელა „ისკანდერის“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, „Тор-М2“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და Су-30СМ ტიპის გამანადგურებლები.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ასევე მოიყვანა რუსი სამხედრო ეკონომისტების შეფასებები, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს NATO-ს ქვეყნებში ერთ სამხედრო მოსამსახურეზე საშუალოდ დაახლოებით 493 ათასი დოლარი იხარჯებოდა, სომხეთში კი – დაახლოებით 26 ათასი დოლარი. სალიუკოვის განცხადებით, სხვაობა დაახლოებით 19-ჯერ შეადგენს და NATO-ს სტანდარტებზე გადასვლა დამატებით ხარჯებს მოითხოვს სომხეთის გადასახადის გადამხდელებისგან.

სალიუკოვმა ასევე გაიხსენა 2025 წელს სომხეთსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და განაცხადა, რომ დოკუმენტი ერევნის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავების კურსს ამყარებს.

სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრად, თუმცა 2024 წლიდან ორგანიზაციაში მონაწილეობა გაყინული აქვს.

ამასთან, ერევანსა და მოსკოვს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა გრძელდება. რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხზე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სექტემბერში განაცხადა, რომ ბაზას სომხეთის უსაფრთხოებისთვის იგივე სასიცოცხლო მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა ერევანს მისი გაყვანის საკითხი არ დაუყენებია და მზად არის, მისი შემდგომი ყოფნის პირობებზე იმსჯელოს.