ევროკავშირის საბჭომ 24 სექტემბერს საბოლოოდ დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც სომხური საქონლის მიმართ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებების (ATM) გამოყენებას ითვალისწინებს.

როგორც „არმენპრესი“ სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის პრესმდივან ანი ბადალიანზე დაყრდნობით წერს, რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80% იმპორტის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლდება. შეღავათიანი რეჟიმი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

რეგულაცია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები ხელს მოაწერენ და ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდება.

ევროკავშირის საბჭომ დოკუმენტს 2 სექტემბერს დაუჭირა მხარი, 15 სექტემბერს ის ევროპარლამენტმა დაამტკიცა, ხოლო 23 სექტემბერს – ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა.

სომხეთის საგარეო უწყების შეფასებით, ახალი რეჟიმი ხელს შეუწყობს სომხეთის საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციას, ევროკავშირის ბაზარზე სომხური პროდუქციის წვდომის გაფართოებას და სომხეთ-ევროკავშირის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

სომხეთმა საკუთარი საქონლის ექსპორტისთვის ალტერნატიული ბაზრების ძიება, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვთან ერევნის პოლიტიკური უთანხმოებების ფონზე რუსეთმა სხვადასხვა სომხური პროდუქციისთვის [მათ შორის, მინერალური წყალი, ხილი, ყვავილები] შეზღუდვები დააწესა.