ახალი ამბები

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე“ სააკაშვილიც დაკითხონ

13 ოქტომბერი, 2021 • 1695
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე“ სააკაშვილიც დაკითხონ

პროკურორი მიხეილ სანდრაძე ამბობს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც დაკითხონ.

ჟურნალისტებთან საუბარში პროკურორი აცხადებს, რომ ნებისმიერი პირი, ვისაც საქმესთან რაიმე შეხება აქვს, დაიკითხება.

„გამოძიება ამ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც რაიმე შემხებლობა ექნება ამ საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაიკითხება. და შესაძლებელია, ეს იყოს მიხეილ სააკაშვილიც. თუ მას შეხება ექნება და ეცოდინება არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია“, — ამბობს ის.

დამატებით კითხვებზე, მათ შორის, ამ ეტაპზე თუ განიხილება სააკაშვილის დაკითხვა, ის პასუხობს – „შესაძლებლობაზე ვსაუბრობ, შესაძლებელია ეს ასე მოხდეს. თუ რა ფორმით, ამაზე ინფორმაცია გექნებათ,“.


დღეს 13 ოქტომბერს ე.წ. კარტოგრაფების საქმის მორიგი სხდომა ჩაინიშნა. ამ საქმეზე  არსებითი განხილვა დღეს თავიდან დაიწყო, რადგან მოსამართლე შეიცვალა. ნეტგაზეთთან საქმის ადვოკატები არ აკონკრეტებენ მოსამართლის შეცვლის მიზეზს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.

დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდაპირველად პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მიმდინარე წლის 28 იანვარს, კვლავ ბრალდები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გირაოთი შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი