ახალი ამბები

მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო – ადვოკატი

27 ნოემბერი, 2020 • 918
მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო – ადვოკატი

ედუარ მარიკაშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასასამართლო სხდომა გადადო. ნეტგაზეთს მარიკაშვილმა უთხრა, რომ ორშაბათს, 30 ნოემბერს, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი გაიმართება, ანუ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, დარჩებიან თუ არა მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში.

“წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს უნდა ყოფილიყო, თუმცა აღარ იქნება. სავარაუდოდ, ვადა ორი თვით გაგრძელდა, რადგან პროკურატურას შუამდგომლობაში ორი თვით ჰქონდა მოთხოვნილი. გვიან დამირეკა თანაშემწემ და ზუსტი დრო, რამდენი ხნით გაგრძელდა წინასასამართლო სხდომა, ხვალ მეცოდინება. პროკურატურის შუამდგომლობა ჩვენ არ გვქონია, თუმცა, როგორც სიტყვიერად გვითხრეს, მათ არ ჰქონდათ დამატებითი ექსპერტიზის პასუხები მიღებული. ამ პასუხებს ელოდებიან და სურთ [მიღების] შემდეგ გაიმართოს წინასასამართლო სხდომა”,-ამბობს მარიკაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ბრალდებას სუსტი პოზიციები აქვს. ამას გარდა, მარიკაშვილის თქმით, თავდებობის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს ხვალ და ზეგ კიდევ შეუძლიათ მიმართონ.

“იმ ფონზე, როცა მთელი სახელმწიფო აპარატი ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს და გვაბრკოლებენ რაღაც მტკიცებულებების მოძიებაში, ვადის გაგრძელება ჩვენთვისაც ხელსაყრელია, რადგან უფრო მეტი რამის გაკეთებას ვეცდებით.”

25 ნოემბერს ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა საზოგადოებას მათთვის თავდებში დადგომის თხოვნით მიმართეს.

“მათ, ვისაც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბედი გაღელვებთ (და ვიცი, რომ ბევრს გაღელვებთ), მწერალი ხართ თუ ეკონომისტი, პოლიტიკოსი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მხატვარი თუ ჟურნალისტი, მღვდელმსახური თუ მომღერალი, სპორტსმენი თუ საჯარო მოხელე, ა.შ. და ა.შ.

უახლოეს დღეებში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მოუწევს მსჯელობა. ჩვენ, ადვოკატები ვაპირებთ, სასამართლოზე პატიმრობის თავდებობით შეცვლა მოვითხოვოთ, ხოლო თქვენ შეგიძლიათ თავდებში დაუდგეთ ამ ადამიანებს,”-დაწერა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში.

მელაშვილის და ილიჩოვას ადვოკატები საზოგადოებას მათთვის თავდებში დადგომას სთხოვენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი