ახალი ამბები

სქესობრივი დანაშაული და არსებული საკანონმდებლო ხარვეზები — წიგნის პრეზენტაცია

25 ნოემბერი, 2020 • 1330
სქესობრივი დანაშაული და არსებული საკანონმდებლო ხარვეზები — წიგნის პრეზენტაცია

დღეს ქალთა ორგანიზაცია „საფარიმ“ წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოში სქესობრივი დანაშუალების პრაქტიკასა და თან არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებს მიმოხილავს.

ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც წიგნის ავტორებმა დღევანდელ პრეზენტაციაზე განიხილეს, ქართულ კანონმდებლობაში გაუპატიურების ხარვეზიანი მუხლია.

საქმე ეხება კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტებას. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ  გაუპატიურების მუხლში მსხვერპლის მხრიდან თანხმობის ნაწილიც შევიდეს.

დღეს არსებული მუხლი ამას არ ითვალისწინებს, უფლებადამცველბი კი ამბობენ, რომ ეს, ერთი მხრივ, არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართალთან, მეორე მხრივ კი, ასობით სქესობრივ დანაშაულს დაუსჯელს ტოვებს.

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარები“ – ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავის მიხედვით მომზდდა და რომელიც, როგორც „საფარიში“ ამბობენ, საგამოძიებო უწყებებს – შსს-სა და პროკურატურის წევრებსაც დაურიგდებათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი გაუპატიურების მუხლის შესწორება – რამდენიმე მაგალითი

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები თუ საჯარო უწყებები გაუპატიურების მუხლის ხარვეზიანობაზე საუბრობენ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გაუპატიურებას შემდეგნაირად განმარტავს:

„გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

თუმცა ეს განმარტება, თანხმობის ნაწილის უგულებელყოფის გარეშე, საერთაშორისო სამართალთან თანხვედრაში არ მოდის. მათ შორის, არ ესადაგება არც სტამბოლის კონვენციას, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერიც საქართველოა.

თავის მხრივ, თანხმობა კი უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობის დასადასტურება უნდა მოხდეს კონტექსტის გამოკვლევით და გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით.

სფეროს სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე უკეთ კანონმდებლობის ხარვეზიანობა ქალთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების დროს ჩანს. „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ სასამართლო პრაქტიკაში არაერთი საქმე მოიპოვება, სადაც ქალი უარს აცხადებდა სქესობრივ კავშირზე და კავშირი მისი ნების გარეშე მოხდა, თუმცა გაუპატიურების განაჩენი სასამართლოს არ გამოუტანია.

„მახსოვს ერთი საქმე, სადაც არსებობდა ჩანაწერი, სადაც ისმოდა ქალის ტირილნარევი ხმა, რომ არ უნდოდა მას სქესობრივი ურთიერთობა. თუმცა დადგა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ უარი საკმარისად არ მიიჩნია გაუპატიურების მუხლის დაკვალიფიცირებისთვის და რეალურად, თქვა, რომ ძალადობა ვერ დაინახა. რახან ვერ დაინახა ძალადობა, არ მიიჩნია ეს ქმედება გაუპატიურებად. ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბევრი მსგავსისგან“, – აცხადებს პატარაია.

კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილიც. ხატიაშვილი 3 წლის განმავლობაში შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო.

„ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო სასამართლო პრაქტიკიდან – როგორც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვეოდა, დაზარალებულს მოძალადე სისტემატურად სცემდა და მის წინააღმდეგ ახორციელებდა ადევნებას და ერთ დღესაც აიძულა ცემისა და მუქარის გამოყენებით გაჰყოლოდა მდინარის ნაპირას, სადაც ისინი მარტო იმყოფებოდნენ. იქვე მოხდა გაუპატიურება მოძალადის მანქანაში.

ეს დაკვალიფიცირდა როგორც გაუპატიურება და ამ მუხლით წავიდა საქმე სასამართლოში, თუმცა მოსამართლემ გაამართლა პირი და თქვა, რომ ესეც იყო ნებასყოფლობითი სქესობრივი კავშირი იმიტომ, რომ უშუალოდ სქესობრბვი კავშირის დამყარების მომენტში არ გამოუყენებია ის კონკრეტული ხერხი, რომელიც მუხლშია მითითებული, ანუ ძალადობა, ძალადობის მუქარა, დაზარალებულის უმწეო მდგომარეობაში ყოფნა, და ეს ხერხები განმარტა ვიწროდ. თუმცა არ გაითვალისწინა ის, რომ ამას წინ ხანგრძლივი ძალადობრივი ისტორია და ის, რომ ამ ძალადობის გათვალისწინებით მსხვერპლს იმდენად ჰქონდა ნება დათრგუნული, რომ წინააღმდეგობა ვერ გაუწია“, – იხსენებს ხატიაშვილი.

მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, ხატიაშვილი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში სასამართლო პრაქტიკაში პოზიტიური მაგალითებიც დაგროვდა. ერთ-ერთი ასეთი რამ რამდენიმე წლის წინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და შემდგომ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარეს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაუპატიურების ნაწილში ბრალდებული გაამართლა და თქვა, რომ წინააღმდეგობის ნაწილს ვერ ხედავდა, თუმცა უზენაესმა არ გაიზიარა მსგავსი ხედვა და პირიქით, მოუწოდა სასამართლოს, რომ ამგვარი მიდგომა არ იყო სწორი. უზენაესმა თქვა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა იმ გარემოებებით, რომ გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღკვეთეს, შესაბამისად – „შემდგომში ყველა სახის ურთიერთობა უნდა წარმართულიყო იმ პრეზუმფციით, რომ ეს გოგოს ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა,“.

ხატიაშვილი ყვება, რომ ამავე საქმეში არსებობდა სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რაც უზენაესის გადაწყვეტილებას ამყარებდა – კერძოდ ის, რომ გოგოს არ მიეწოდებოდა საკვები და  მისთვის უცნობ სახლში მისი ნების წინააღმდეგ გადაიყვანეს.

„საბოლოო ჯამში, ეს მნიშვნელოვანი ელემენტები მიუთითებდა იმაზე, რომ გოგო არ იყო თანახმა შემდგომ ურთიერთობაზე, მათ შორის, სქესობრივ კავშირზე. ეს ერთ-ერთი სანიმუშო გადაწყვეტილებაა ამ კუთხით“, – განმარტავს გოგა ხატიაშვილი.

ამავე პრაქტიკაზე საუბრისას კრიმინოლოგი და ადვოკატი უჩა ბახტაძე ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია თანხმობისა და დათანხმების ერთმანეთისგან გამიჯვნა. მისი განმარტებით, დათანხმება ყოველთვის არ ნიშნავს თანხმობას. თანხმობა კი, თავის მხრივ, არა მხოლოდ ფაქტია, არამედ – „მენტალური პროცესი. როდესაც ადამიანს თავისუფალი ნებისა და უნარის გამოვლენის საშუალება აქვს,“.

„ამაზე ერთი ასეთი საქმე მახსენდება: რამდენიმე ადამიანმა გაიცნო მსხვერპლი და მისი მეგობრები დისკოთეკაზე. ცოტა ხანში მათ სახლში წასვლა შესთავაზეს, მაგრამ რეალურად, მეორე ბრალდებულის ბუნგალოსთან მიიყვანეს. გოგოებმა უარი განაცხადეს ბუნგალოში შესვლაზე და ფეხით წავიდნენ, თუმცა მეორე ბრალდებული გაჰყვა ამ გოგოებს და მსხვერპლის მეგობარი მანქანაში გააუპატიურა.

ამის შემდეგ სამივე გოგო ისევ დაბრუნდა ბუნგალოში, სადაც ამ საქმეში მთავარი ბრალდებული ელოდებოდა მათ. მან მსხვერპლი შეიყვანა თავის ოთახში, ლოგინზე დააწვინა და უთხრა, რომ მასთან სქესობრივი კავშირს აპირებდა. გოგომ ამაზე საპასუხოდ უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ დაინახა, თუ როგორ გააუპატიურეს მისი მეგობარი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაიწყო შარვლის გახდა და სქესობრივი აქტი განახორციელა. ემოციური მდგომარეობის ფონზე ეს გოგო დათანხმდა სქესობრივ კავშირს, თუმცა იმდენად დიდი შიში ჰქონდა მიღებული, მას შემდეგ, რაც ნახა, რომ მისი მეგობარი გააუპატიურეს – სასამართლომ ეს დათანხმების ფაქტად ჩათვალა, თუმცა, თანხმობად არ ჩაუთვლია,“.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი