ახალი ამბები

პარლამენტისგან მოითხოვენ გაუპატიურების ხარვეზიანი მუხლის შეცვლას – ღია წერილი

25 ნოემბერი, 2020 • 1023
პარლამენტისგან მოითხოვენ გაუპატიურების ხარვეზიანი მუხლის შეცვლას – ღია წერილი

ქალთა ორგანიზაცია პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ გაუპატიურების ხარვეზიანი მუხლი შეცვალოს.

საქმე ეხება კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტებას. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ  გაუპატიურების მუხლში მსხვერპლის მხრიდან თანხმობის კომპონენტი შევიდეს.

დღეს არსებული მუხლი ამას არ ითვალისწინებს, უფლებადამცველბი კი ამბობენ, რომ ეს, ერთი მხრივ, არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართალთან, მეორე მხრივ კი, ასობით სქესობრივ დანაშაულს დაუსჯელს ტოვებს.

ნეტგაზეთი წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოში, თუმცა სექსუალური ძალადობა ხშირად დაუსჯელი რჩება და მსხვერპლებს შეზღუდული აქვთ მართლმსაჯულებაზე წვდომა.

ერთ-ერთი მიზეზი სექსუალური ძალადობის შესახებ არსებული პრობლემური კანონმდებლობა და პრაქტიკაა, რომელიც არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი და საბჭოური მტკიცებულებითი სტანდარტები სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით. შედეგად, სექსუალური ძალადობის უფრო ისეთი ფაქტების გამო ისჯებიან დამნაშავეები, სადაც მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ბიოლოგიური მასალა არსებობს.

სტამბოლის კონვენცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი განამტკიცებს, რომ გაუპატიურება არის მსხვერპლის სხეულში მისი თანხმობის გარეშე განხორციელებული სექსუალური ხასიათის შეღწევა. თანხმობის არარსებობა უნდა დამტკიცდეს კონტექსტის შეფასებით და ყველა გარემოების გათვალისწინებით.

CEDAW-ს კომიტეტის თანახმად, უნდა გადაისინჯოს მტკიცებულებების შესახებ არსებული სტანდარტები ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან მიმართებით, რათა მტკიცებულებითი მოთხოვნები არ იყოს „ზედმეტად მოუქნელი, შემზღუდველი ან გენდერული სტერეოტიპებით ნაკარნახევი.’’

საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებას კვლავ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობით ჩადენილ დანაშაულად განსაზღვრავს და არა თანხმობის არარსებობის ელემენტით.

სხვა სქესობრივი დანაშაულები კი ურთიერთიერთადამფარავი და ბუნდოვანია, რაც არსებულ ხისტ მტკიცებულებით სტანდარტებთან ერთად პრაქტიკაში ხშირად იწვევს:

1) ფიზიკური დაზიანებებისა და დამნაშავის ბიოლოგიური მასალის არარსებობის შემთხვევაში გაუპატიურების შემთხვევების დაუსჯელობას; 2) გაუპატიურების დაკვალიფიცირებას უფრო მსუბუქი მუხლით (მ. 139) და დამნაშვისთვის მთელი რიგი შეღავათების გავრცელებას.

ქალთა მოძრაობა მოვითხოვთ, დასრულდეს სქესობრივი დანაშულების დაუსჯელობა და მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:

– შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.

– თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობის დასადასტურება უნდა მოხდეს კონტექსტის გამოკვლევით და გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით,“.

ამ თემაზე წაიკითხეთ ვრცლად:

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი