ახალი ამბები

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

4 მაისი, 2020 • 3042
აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

ქალთა მიმართ ძალადობაზე “სტამბულის კონვენცია” საქართველოს ავალდებულებს, დასჯადი გახადოს აბორტის იძულება. ვიდრე იურისტები სამართლებრივ ვაკუუმზე მსჯელობენ, ქალები ტრაგიკულ ისტორიებს ყვებიან.  

ნეტგაზეთი ესაუბრა რამდენიმე ქალს, რომლებსაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე აბორტის გაკეთება აიძულეს ან აიძულებდნენ. ისინი ყვებიან, რომ ბავშვის გაჩენა/არგაჩენის არჩევანი მათ ან პარტნიორმა, ან მშობლებმა წაართვეს, ან ორივემ ერთად. 

ქალებს, რომლებსაც ვესაუბრეთ, ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ სურთ და თავიანთ ისტორიებს ანონიმურად ყვებიან: 

ისტორია 1

„მე იძულებითი აბორტის მსხვერპლი ვარ. ჩემმა მაშინდელმა ეგრეთ წოდებულმა საქმრომ გამაკეთებინა მუქარით და იძულებით… 18 წლის ვიყავი და ვერაფერი გავაკეთე. შემეშინდა და მოახერხა მოკლედ ეს ყველაფერი… იმის შემდეგ 9 წელი გავიდა და არ გამსვლია ის ტკივილი. მინდა, რომ ასეთი რამ სხვამ აღარასდროს გამოსცადოს..

კლინიკაში რომ მივედი, მახსოვს, მხოლოდ ის მკითხეს, სრულწლოვანი ვიყავი თუ არა.. მომცეს დღე მოსაფიქრებლად და თან გამაფრთხილეს, თუ 6 კვირას გადავცდებოდი, მერე გამოტუმბვას ვეღარ გააკეთებდნენ და უფრო რთული იქნებოდა.

ამიტომ, მეორე დღესვე მივედი. პარტიორი არც ფულით დამხმარებია და არც არანაირად. მხოლოდ ის მკითხა,  გავიკეთე თუ არა და ყოჩაღ, სწორად გაგიგია, რაც გითხარიო.  9 წლის განმავლობაში ყოველ წელს ჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანი –  ყველა დაეღუპა და სახლიც დაკარგა. ამ ამბავს დაუკავშირა მისი ეს უბედურებები და პატიებას მთხოვდა სულ.  მაგრამ .. ნუ რაღა აზრი აქვს ახლა …

ყოველდღე ვნანობ, რომ ვერ გავაჩინე ბავშვი. არიან ადამიანები, ვინც გააზრებულად იკეთებენ აბორტს და უნდათ, ეს მათი არჩევანია, მაგრამ როცა გაიძულებენ, აბორტი გაიკეთო, შენ კი ბავშვი გინდა, ეს ცალკე საშინელებაა…

ისტორია 2

გააზრებული სექსუალური ურთიერთობა მქონდა. შეასბამისად,  ვფიქრობდი, თუ დავფეხმიმდებოდი, აუცილებლად გავაჩენდი ბავშვს, რადგანაც პარტნიორს ასე თუ ისე ვენდობოდი ამ საკითხში.

ფეხმძიმობის ამბავი მეშვიდე კვირაში მძიმე ტოქსიკოზით გავიგე,  პარტნიორს მაშინვე ვუთხარი და ჩემზე ყურებამდე შეყვარებული მზრუნველი და უწყინარი ადამიანის ნაცვლად შეშინებული, გამწარებული და მოძალადე შემრჩა გვერდით. 2 კვირის მანძილზე ყოველდღე ფსიქოლოგიურად მამზადებდა მომავალი „საშინელი ცხოვრებისთვის“, რაც ბავშვის გაჩენას მოჰყვებოდა.

შესაბამისად,  შემაშინა და თანხმობა ვთქვი. თუმცა გადავიფიქრე მალევე და ჩემს ოჯახს საშველად მოვუხმე. 21 წლის ასაკში, თანაც საქართველოში და თანაც რეგიონში, საიდანაც ვარ – ეს, მარტივად რომ ვთქვა, ბოზობა იყო – ამიტომაც აქაც ზურგი მაქციეს და ისევ პარტნიორთან დავიწყე გამოსავლის მოძებნა.ამ დროს კაცებს წინადადება აქვთ, რომ თავი იმართლონ, ეეჭვებათ,  რომ ბავშვის მამა თვითონ არიან.. ირგვლივ რამდენიმე მეგობარს ვთხოვე დახმარება, არავინ იყო ისეთი, ვინც ჩემს მხარეს დაიჭერდა.

ერთი არჩევანიც არ დამიტოვა გარემოებამ. მაშინ ქალების ჯგუფი რომ ყოფილიყო, ალბათ ღამის კოშმარებს უფრო ნაკლებად ვნახავდი.. ამიტომ, ვნანობ. აბორტმა მიწისქვეშ ჩაიარა. პარტნიორმა თავისი ხელით დამალევინა ჩემთვის გაუგებარი წამლები, რადგან სჯეროდა, რომ ექიმებთან სიარულით „პატიოსანი გოგოს“ იმიჯი  შეილახებოდა.კვირის ნაყოფი მედიკამენტებით ჩამომეშალა და,  რა თქმა უნდა, გართულებებიც მოჰყვა – ძლიერი სისხლდება, შინაგანი ორგანოების დაზიანება.

ახლა თითქოს არაფერი მაწუხებს, თუმცა შესაძლებელია დაფეხმძიმება გამიჭირდეს მომავალში.  ვცდილობ, ამ გამოცდილებაშიც რაღაც კარგი დავინახო – თუნდაც ის, რომ ამ სახით დავეჯახე საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, რომლებიც მხოლოდ მორალურად კი არა, ფიზიკურადაც დამანგრეველი აღმოჩნდა, რამაც გამაძლიერა“. 

ისტორია 3

„გათხოვილი ვიყავი და ქორწინებიდან 2 შვილი მყავს. ისე მოხდა, რომ ქმარს გავშორდი და დიდი ხანი მამრობითი სქესის წარმომადგენლისკენ გახედვაც არ მინდოდა. მაგრამ გაშორებიდან  4 წლის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომლის მიმართაც გრძნობა გამიჩნდა. როგორ ურთიერთობაზეც ვოცნებობდი, ზუსტად ეგეთი კარგი და ჰარმონიული უერთიერთობა გვქონდა. დაახლოებით 1 წელი ასე ვიყავით. მე ძალიან ბედნიერი  და სულ იმას ვფიქრობდი, რითი დავიმსახურე, რომ ასეთი კარგი ადამიანი შემხვდა-მეთქი.

ქმართან დაშორების შემდეგ, ჩემს მშობლებთან დავბრუნდი და იქ ვცხოვრობდით. სულ მეგონა, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, ჩემი ბრალი იყო და ოჯახს დავაწექი ჩემი შეცდომის გამო.. თუნდაც, ბავშვის დატოვებით და ა.შ. არ მქონდა კარგი სიტუაცია..

ერთ დღესაც დავორსულდი – გამიზნულად არა –  შემთხვევით. გამიხარდა და თან ძალიან შემეშინდა, მაგრამ თან იმასაც ვფიქრობდი, არ უნდა მეშინოდეს, როდესაც ასეთი კარგი ადამიანი მყავდა გვერდით. ეს ამბავი რომ ვუთხარი ჩემს პარტნიორს,  მითხრა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო . ჰოდა, მირეკავს რამდენიმე წუთში და მეუბნება, რომ ჩემი გადასაწყვეტი იყო, რას ვიზამდი, რადგან მე 2 შვილი მყავდა და თვითონ ჩემს გვერდით ვერ იქნებოდა, რადგან წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ჩვენი მომავალი და ერთად ყოფნა.

თუ გინდა გააჩინე და ხანდახან წავიყვან ხოლმეო ჩემთანო. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მწარე იყო ამის მოსმენა ჩემთვის. სახლში მე ამას ვერ ვიტყოდი და ჩემს უკვე არსებულ 2 შვილს ქუჩაში ვერ დავტოვებდი. იმის შესაძლებლობა კი, რომ მე მარტო გამეზარდა 3 შვილი – არ მქონდა.

აქ იმას აღვნიშნავ, რომ ჩემი მეორე შვილი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა, 7 ოპერაციის შემდეგ ძლივს გადავარჩინეთ… მაშინ ოჯახის მხრიდან დიდი ზეწოლა იყო, რომ აბორტი გამეკეთებინა.. დღემდე იმას მეუბნებიან, რომ ამ ბავშვის პრობლემები ჩემი ბრალია და რომ უნდა მომეშორებინა.

ჩემ გვერდით ამ სიტუაციაშიც არავინ იყო.. გავიკეთე მედიკამენტოზური აბორტი, ახლა კი ძალიან განივცდი ამას. ღამე მესიზმრება ხოლმე ეს ბავშვი.. ძალიან რთულია“.

ისტორია 4

„ჩემი ოთხწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდა აბორტით. აბორტით, რომელიც ძალდატანებით და ჩემი პარტნიორისგან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ განხორციელდა.

ჩემმა ურთიერთიბამ ამ 4 წლის განმავლობაში მრავალი პრობლემა შემიქმნა, განსაკუთრებით, მშობლებთან. მრავალი მსხვერპლი გავიღე მისთვის, მაგრამ ყველაზე რთული ნაყოფის მოშორება იყო.  ჩვენ ორ ქვეყანას შორის გვქონდა ურთიერთობა, იქ, სადაც მე გავიზარდე, და თბილისს შორის. მე ბევრი რამ არ ვიცოდი, რაც ამ ორსულობას თავიდან ამაცილებინებდა.

ტესტმა, რომელმაც ორი ხაზი, ანუ ორსულობა აჩვენა, მთელი ცხოვრება თავდაყირა დამიყენა და მრავალი თვე უძილოდ გამატარებინა. სიხარულის ნაცვლად- შიში, ბედნიერების ცრემლების ნაცვლად- ბღავილი.

პირველად მას დავურეკე, მან კი შეშინებული ხმით მითხრა: “ეგ ბავშვი არაა მაინც და უპრობლემოდ მოიშორებ, ჩემი ნების გარეშე მაინც ვერ გააჩენ!“ ალბათ, მე მაშინ პირველად მოვკვდი. მე არავინ მყავდა აქ მის და მშობლების გარდა, რომელთაც ჩემი ორსულობის გაგონებაზე, ალბათ, გულის შეტევა დაემართებოდათ..

ორსულობა გართულდა.. თავი საშინელაბათა ფილმში მეგონა, რომელსაც ერთი დასასრული ჰქონდა – იძულებითი აბორტი. არც მორალური და არც ფინანსური მხარდაჭერა არ მქონდა.. აქ კი, სადაც ახლა ვცხოვრობ, მსგავსი პროცედურა ძვირია. ამას ემატებოდა გართულებული ორსულობის ხარჯებიც.

აბორტი უსახსრობისა გამო 9 კვირაზე გავიკეთე.. ამას ემატებოდა ზეწოლა პარტნიორისგან.. ერთ-ერთ შეხვედრაზე მან მითხრა, რომ ბავშვის გაჩენის ფინანსები არ ჰქონდა და თუ მაინცდამაინც მინდოდა ბავშვი, საქართველოში გამოვპარულიყავი და იქ გამეტანა თავი, სანამ რამეს მოიფიქრებდა. სხვა არჩევანი არ მქონდა.

შაბათს ჩემს არასრულწლოვან დასთან ერთად და სიმწრით ნასესხები ფულით წავედი აბორტზე, რომელიც უნდა ჩატარებულიყო სრული ნარკოზით, ერთგვარი მინიოპერაცია. რამდენიმე საათით ადრე სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ჩემს მაშინდელ შეყვარებულს სხვა პარტნიორიც ჰყავდა და მაშინ მიხვდი, რატომ მაიძულებდა ფსიქოლოგიურად, ამ ნაბიჯზე წავსულიყავი.

სახლიდან გამოპარული მივედი და დავწექი საოპერაციო მაგიდაზე მაღალი წნევით – გარეთ მოზარდი და მელოდა. ტკივილით გავიღვიძე. სახლში საღამოს სისხლდენითა და ნარკოზით გაბჟუებული მივედი, მაგრამ ღიმილიანი სახით, რათა მშობლებს არაფერი შეემჩნიათ.

აბორტი დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა ჩემთვის, მაგრამ ამ ტრავმას წინ უძღოდა უიმედობა, მიტოვება და იმედგაცრუება. მე თუ არ გავიკეთებდი,  ის წამიყვანდა ძალით ან მშობლები, რომელთათვის ეს ბავშვი “შავი ლაქა” იქნებოდა.

ყველაზე რთული იძულებაა, როცა შენ ნაცვლად მრავალი სხვა აკეთებს არჩევანს. ხვდები, რომ ყველა საკუთარ თავზე და ავტორიტეტზე ღელავს, შენ კი მეორეხარისხოვანი ხარ, რომელსაც არ გაქვს უფლება, შებღალო მათი ფსევდოფასეულობები. ვფიქრობ, ყველაზე მეტად მშობელი უნდა იდგეს შვილის გვერდით შეცდომისა თუ სწორი არჩევანის დროს. ეგაა მშობლის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და უპირობო სიყვარული“

„ქალი იძულებითი აბორტის მსხვერპლი იყო, თუმცა, მას დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ“ 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, გვანცა საკანელაშვილი ნეტგაზეთს უყვება, რომ 2019 წელს ორგანიზაციამ განსახილველად მიიღო საქმე, რომელიც პოლიციელის მხრიდან აბორტის იძულებას ეხებოდა.

შემთხვევა 2018 წელს მოხდა –  სრულწლოვან ქალს პოლიციელმა პარტნიორმა, უფლებამოსილების გადამეტებით, საქართველოს ერთ-ერთი რაიონის კლინიკაში აბორტის გაკეთება აიძულა.

„ოჯახის წევრები არ იყვნენ ეს ადამიანები, თუმცა გარკვეული ახლო ურთიერთობა მათ ჰქონდათ და ამ ურთიერთობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ეს ფაქტი“, – ამბობს საკანელაშვილი.

იურისტი განმარტავს, რომ ეს და სხვა მსგავსი საქმეები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ ხარვეზს, მათ შორის იმას, რომ მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულებისა, მუხლი უშუალოდ აბორტის იძულებაზე ჯერჯერობით არ არსებობს.

„ეს პრობლემას ქმნის უპირველესად კვალიფიკაციის თვალსაზრისით და ეს მნიშვნელოვანია მსხვერპლთა უფლებების სათანადო დაცვისთვის. თუ არ არსებობს შესაბამისი მუხლი და არასწორი კვალიფიციკაცია ხდება ფაქტისა, იქ რთულია, რომ მსხვერპლის უფლებების დაცვაზე ვისაუბროთ.

მეორე მხრივ, პრობლემა არის ამ მუხლის არარსებობა კოდექსში იმიტომაც, რომ ჩვენ საერთაშორისო დონეზე გვაქვს ვალდებულება აღებული, რომლის მიხედვითაც, სტამბულის კონვენციის შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ ადგილობრივი კანონმდებლობა.კონვენცია 39-ე მუხლით, მოუწდებს ქვეყნებს, რომ მოახდინოს იძულებითი აბორტის და სტერილიზაციის კრიმინალიზება.

იძულებითი სტერილიზაცია საქართველოში კრიმინალიზებულია. ასევე დასჯადია უკანონო აბორტიც, თუმცა იძულებით აბორტზე  არაფერი არ არის და სწორედ ამიტომ, ქართული კანონმდებლობის წესრიგში მოსაყვანად, მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდეს ცვლილებები“, – განმარტავს “ნეტგაზეთთან” გვანცა საკანელაშვილი.

რაც შეეხება ზემოხსენებულ საქმეს, საკანელაშვილის თქმით, გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის – იძულების, უკანონო აბორტის, მუქარის, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სხვა. თუმცა, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ქალს დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს.

იურისტი გვიყვება, რომ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ცვლილება ან ცვლილების გეგმა კანონმდებლობაში იძულებითი აბორტის მუხლის დასამატებლად. 

ქალების სექსუალობისა და რეპროდუქციის კონტროლი საქართველოში 

საქართველოში ქალების სექსუალობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტროლის პრობლემა ჯერ კიდევ მწვავედ დგას. ამასთან დაკავშირებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომელთა შორის ასევე არის სახალხო დამცველის აპარატიც.

ომბუდსმენის 3 აპრილის ანგარიშში ნათქვამია, რომ გენდერული თანასწორობის საკითხი პირდაპირ კავშირშია ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებთან.

„ქალთა უფლებები მოიცავს უფლებას, დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე აკონტროლონ საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით“ ,- ამბობდა სახალხო დამცველი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად, ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას სხვები აკონტროლებენ.

ასეთ პრაქტკებს შორის, არის, მაგალითად, ე.წ. ქალიშვილობის ტესტი, ქალთა სტერილიზაციის საკითხი და ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის უფლება.

ვრცლად წაიკითხეთ:

ნეტგაზეთი | როგორ აკონტროლებენ საქართველოში ქალთა სექსუალობასა და რეპროდუქციას

მასალების გადაბეჭდვის წესი