ახალი ამბები

აშშ-ის არჩევნები: ბაიდენი ლიდერობს, ტრამპი წინასწარ შედეგებს აპროტესტებს ზოგიერთ შტატში

5 ნოემბერი, 2020 • 1113
აშშ-ის არჩევნები: ბაიდენი ლიდერობს, ტრამპი წინასწარ შედეგებს აპროტესტებს ზოგიერთ შტატში

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ ხმებს მეორე დღეა ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, “დემოკრატიული პარტიის” კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხმათა რაოდენობით ლიდერობს და, Associated Press-ის მონაცემებით, კიდევ ერთ შტატში სჭირდება გამარჯვება იმისთვის, რომ აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში გამარჯვებისათვის საჭირო 270 ხმა შეუგროვდეს. პარალელურად, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი  არჩევნების “მოპარვის” მცდელობებზე საუბრობს და ერთ-ერთ შტატში ხმების გადათვლას ითხოვს.

რა ხდება ახლა და ვინ სად ლიდერობს?

მოცემულ მომენტში, როგორც CNN, ისე Fox News, დემოკრატ ჯო ბაიდენს, რომელმაც ხმათა საერთო რაოდენობით ბარაკ ობამას რეკორდი მოხსნა, გამარჯვებულად ასახელებენ მიჩიგანსა და ვისკონსინში – ორ ე.წ. მერყევ შტატში, რომლებშიც 2016 წელს ჰილარი კლინტონი დამარცხდა. მედისაშუალებების ნაწილი, მათ შორის Fow News, გამარჯვებას ბაიდენს უწინასწარმეტყველებენ არიზონის შტატშიც. აღნიშნულისგან ჯერ თავს იკავებენ სხვა მედიასაშუალებები, მათ შორის, CNN, ვინაიდან არ გამორიცხავენ, რომ სურათი შეიძლება შეიცვალოს.

მერყევი შტატების ნაწილში, მათ შორის, ჯორჯიასა და პენსილვანიაში, ამ დროისთვის დონალდ ტრამპი ლიდერობს, თუმცა დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ რომელიმე მათგანში ბაიდენი შეძლებს, ხმათა რაოდენობით გადაუსწროს ამჟამინდელ პრეზიდენტს. ეს გამორიცხული არ არის, ვინაიდან გასული საათების მანძილზე ამ ორ შტატში ტრამპსა და ბაიდენს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ხმების დათვლის პარალელურად, ჯო ბაიდენმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ დემოკრატიული პარტია მოიგებს ამ არჩევნებს. მეორე მხრივ, ბაიდენმა ამომრჩევლებს სიმშვიდისა და მოთმინებისაკენ მოუწოდა.

აშშ-სა და მის გარეთ, განსაკუთრებით ელოდებიან ნევადის შტატის შედეგებს, რომელსაც, შედარებით მცირე – 6 წარმომადგენელი ჰყავს ამომრჩეველთა კოლეგიაში, თუმცა, ამჟამად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისი მნიშვნელობა იზრდება: თუ ნევადას ბაიდენი მოიგებს, მას ზემოხსენებულ კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმა უგროვდება. თუ შტატში ტრამპი გაიმარჯვებს, სურათი მის სასარგებლოდ შემოტრიალდება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ბაიდენმა მინიმუმ კიდევ ერთ მერყევ შტატში უნდა აჯობოს კონკურენტს, რომ გამარჯვება განიმტკიცოს.

მოცემულობას კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის დონალდ ტრამპისა და მისი მხარდამჭერების მტკიცება – ჯერჯერობით, მტკიცებულებების გარეშე – რომ არჩევნებს “იპარავენ”.  ტვიტერზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში ის “ფარულად გადაყრილ ბიულეტენებზე” საუბრობს. ეს, ისევე როგორც სხვა არაერთი პოსტი, “ტვიტერის” ადმინისტრაციამ უკვე მონიშნა, როგორც “საკამათო” ან “შესაძლო დეზინფორმაცია”.

უკვე ცნობილია, რომ ტრამპის გუნდი მინიმუმ ერთი შტატის, ვისკონსინის შედეგების გადათვლას მოითხოვს. პარალელურად, ხმების დამთვლელ პუნქტებთან აქციებს მართავენ ტრამპის მხარდამჭერები, სხვადასხვა მოთხოვნით: არიზონაში, ქალაქ ფენიქსში, მათ ხმების დათვლის გაგრძელება მოითხოვეს, დეტროიტში კი – პროცესის შეჩერება.

რა არის საარჩევნო კოლეგია და როგორ მუშაობს ის

შეერთებულ შტატებში პრეზიდნეტის არჩევის სისტემა განსხვავდება მსოფლიო ანალოგებისგან. კერძოდ, მოქალაქეები ირჩევენ საარჩევნო კოლეგიის წევრებს თავიანთი შტატიდან, ხოლო კოლეგია — პრეზიდენტს.

მთლიანობაში, კოლეგია შედგება 538 წევრისგან. თითოეული შტატი კოლეგიაში წარმოდგენილია იმდენივე ამომრჩევლით, რამდენითაც კონგრესში [ვაშინგტონის ფედერალური ოლქის გარდა — მას ჰყავს სამი წარმომადგენელი ოლქში, თუმცა არ ჰყავს ხმის უფლების მქონე წარმომადგენელი კონგრესში].

საარჩევნო კოლეგიის კიდევ ერთი სპეციფიკური მახასიათებელი ისაა, რომ კანდიდატმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება გამარჯვებულზე მეტი ხმა მოიპოვოს, მაგრამ მაინც წააგოს. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა 2016, 2000 და 1876 წელს.

გამარჯვებისთვის კანდიდატს სჭირდება მინიმუმ 270 ხმა. შესაძლებელია, რომ საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვოს [იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ შემთხვევაში, ქვევით მოგიყვებით].

ვრცლად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, წაიკითხეთ აქ:

ბაიდენი თუ ტრამპი? – რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის არჩევნების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი