ახალი ამბები

ტრამპი კვლავ ირწმუნება, რომ არჩევნები მოიგო

8 ნოემბერი, 2020 • 1179
ტრამპი კვლავ ირწმუნება, რომ არჩევნები მოიგო

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წინასწარი მონაცემით აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტად  დემოკრატი ჯო ბაიდენი სახელდება, ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისევ ირწმუნება, რომ არჩევნები მოიგო. წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტრამპმა “ტვიტერზე” წერა კვლავ ბრალდებითი ტონით განაგრძო.

“დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებულნი ხმების დასათვლელ ოთახებში. მე მოვიგე არჩევნები, მივიღე 71 000 000 ლეგალური ხმა. მოხდა ცუდი ამბები, რომელთა სანახავადაც ჩვენი დამკვირვებლები არ დაუშვეს. [ეს] იქამდე არასოდეს მომხდარა”, – წერს ტრამპი.

მისივე მტკიცებით, საფოსტო ბიულეტენები მიიღო მილიონობით ადამიანმა, რომელთაც ეს არ უთხოვიათ.

ტრამპი საარჩევნო უბნების დახურვიდან დღემდე ახმიანებს მსგავს ბრალდებებს და ირწმუნება, რომ “არჩევნები მოიპარეს”. თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის ამ განცხადებებს დასაბუთება თან არ ახლავს. ზემოხსენებული პოსტი, სხვა არაერთ პოსტთან ერთად, “ტვიტერის” ადმინისტრაციამ უკვე მონიშნა, როგორც “საკამათო” ან “შესაძლო დეზინფორმაცია”.

გამოცემა Associated Press-მა ტრამპის მიერ გახმიანებული ბრალდებების ნაწილი გადაამოწმა. მაგალითად, გამოცემამ სიცრუედ შეაფასა პრეზიდენტის მტკიცება, რომლის თანახმადაც დემოკრატებმა სასამართლოს მიმართეს, რათა რესპუბლიკელი დამკვირვებლები პენსილვანიაში, ხმების დასათვლელ განყოფილებებში არ შეეშვათ.

სააგენტოს ცნობით, დამკვირვებელთა რაიმე ფორმით დაბრკოლება არავის უცდია. Associated Press-ის თანახმად, საკითხი ეხებოდა დისტანციას, რომელიც პარტიულ დამკვირვებლებს უნდა დაეცვათ ელექტრონული ფოსტით დაფიქსირებულ ხმებზე პასუხისმგებელი მუშაკებისგან. ტრამპის წარმომადგენლებმა სასამართლოს ამ დისტანციის შემცირების მოთხოვნით მიმართეს და სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც მათი საჩივარი.


წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია: CNN-ის, FOX News-სა და სხვა მედიასაშუალებების მონაცემებით, ბაიდენმა მოიგო პენსილვანიის შტატი და დაუგროვდა  270-ზე მეტი ხმა ამომრჩეველთა 538-წევრიან კოლეგიაში, რაც საკმარისია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პოზიციის დასაკავებლად. არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი გახდება, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.

ამ მომენტისთვის, ბაიდენს 74 000 000-ზე მეტი ხმა აქვს – ყველაზე მეტი ამ მონაცემით მან აშშ-ის ყველა სხვა პრეზიდენტის შედეგი გააუმჯობესა. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მის მიერ მოპოვებულ ხმათა რაოდენობა არის ყველაზე დიდი, რომელიც კი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი