ახალი ამბები

კონგრესმა საბოლოოდ დაადასტურა ბაიდენის გამარჯვება

7 იანვარი, 2021 • 1417
კონგრესმა საბოლოოდ დაადასტურა ბაიდენის გამარჯვება

აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ დაადასტურა.

კაპიტოლიუმში გამართულ სხდომაზე დაამოწმეს საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჯო ბაიდენი – 306
  • დონალდ ტრამპი – 232

სხდომა 6 იანვარს, დღისით დაიწყო, თუმცა შენობაში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრის გამო ვეღარ გაგრძელდა.

შეჭრა კაპიტოლიუმში: რა მოხდა მანამდე?

6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამ დღეს ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

ვითარების გამწვავებიდან მალევე დაიწყეს სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია.

მასობრივი არეულობის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში მკერდის არეში დაჭრეს.

შეჭრას წინ უძღოდა ტრამპის მომხრეების საპროტესტო აქცია ვაშინგტონში. მათ სიტყვით თავად მოქმედმა პრეზიდენტმაც მიმართა. შენობაში ასობით პირის შეჭრის შემდეგ, ტრამპმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა “პატრიოტებად” მოიხსენია.

მიუხედავად ზემოხსენებული მოვლენებისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ კონგრესის ორივე პალატა დღესვე განაგრძობდა საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლას.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა: „შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?“

ბაიდენის გამარჯვება 2020 წლის არჩევნებში

2020 წლის არჩევნებში ჯო ბაიდენს დაუგროვდა 306 ხმა  ამომრჩეველთა 538-წევრიან კოლეგიაში, რაც საკმარისია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პოზიციის დასაკავებლად.

ბაიდენმა მოიგო იმ “მერყევი შტატების” ნაწილი, რომლებშიც 2016 წელს დემოკრატი ჰილარი კლინტონი დამარცხდა. მათ შორისაა მიჩიგანი, ვისკონსინი, არიზონა და პენსილვანია. ბაიდენმა ასევე გაიმარჯვა ჯორჯიაში – აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შტატში, სადაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ბოლო 28 წელია არ გაუმარჯვია.

სანამ პრეზიდენტად აირჩევდნენ, ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2008-2012 და 2012-2016 წლებში. მანამდე,  ათწლეულების მანძილზე, იყო სენატორი დელავერის შტატიდან.

ამ შედეგებით რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტთა რიგს, რომელთაც მხოლოდ ერთი ვადით იმსახურეს თეთრ სახლში.

თუმცა თავად ტრამპი არ აღიარებს ბაიდენის გამარჯვებას და “მოპარულს” უწოდებს 2020 წლის არჩევნებს. მისმა გუნდმა არაერთგზის, უშედეგოდ გაასაჩივრა სხვადასხვა შტატის შედეგები.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბედს ზემოხსენებულ ამომრჩეველთა კოლეგიაში მოპოვებული ხმების რაოდენობა წყვეტს. მთლიანობაში, კოლეგია შედგება 538 წევრისგან. თითოეული შტატი კოლეგიაში წარმოდგენილია იმდენივე ამომრჩევლით, რამდენითაც კონგრესში [ვაშინგტონის ფედერალური ოლქის გარდა — მას ჰყავს სამი წარმომადგენელი ოლქში, თუმცა არ ჰყავს ხმის უფლების მქონე წარმომადგენელი კონგრესში].

ყველაფერი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე

მასალების გადაბეჭდვის წესი