ახალი ამბები

შედეგებს არ ვეთანხმები, თუმცა ძალაუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება – ტრამპი

7 იანვარი, 2021 • 976
შედეგებს არ ვეთანხმები, თუმცა ძალაუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება – ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, კვლავ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, თუმცა თანახმაა ხელისუფლების გადაბარებაზე. აღნიშნული განცხადება მან 7 იანვარს, მას შემდეგ გაავრცელა, რაც კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა ჯო ბაიდენის გამარჯვება არჩევნებში.

“მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს და ფაქტები ადასტურებს ჩემს სიმართლეს, 20 იანვარს მოხდება ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება”, – თქვა მან გავრცელებულ განცხადებაში.

ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდს უწოდა “ყველაზე დიდებული პირველი ვადა პრეზიდენტობის ისტორიაში” და განცხადების დასასრულს დასძინა:

“ეს მხოლოდ დასაწყისია ბრძოლისა, გავხადოთ ამერიკა უწინდებურად დიადი”.

აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ დაადასტურა.

კაპიტოლიუმში გამართულ სხდომაზე დაამოწმეს საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჯო ბაიდენი – 306
  • დონალდ ტრამპი – 232

სხდომა 6 იანვარს, დღისით დაიწყო, თუმცა შენობაში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრის გამო ვეღარ გაგრძელდა.

შეჭრა კაპიტოლიუმში: რა მოხდა მანამდე?

6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამ დღეს ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

ვითარების გამწვავებიდან მალევე დაიწყეს სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია.

მასობრივი არეულობის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში მკერდის არეში დაჭრეს.

შეჭრას წინ უძღოდა ტრამპის მომხრეების საპროტესტო აქცია ვაშინგტონში. მათ სიტყვით მიმართა თავად მოქმედმა პრეზიდენტმაც. შენობაში ასობით პირის შეჭრის შემდეგ ტრამპმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა “პატრიოტებად” მოიხსენია.

მიუხედავად ზემოხსენებული მოვლენებისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ კონგრესის ორივე პალატა დღესვე განაგრძობდა საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლას.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა: „შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?“

ყველაფერი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე

მასალების გადაბეჭდვის წესი