ახალი ამბები

სამგორში უბნის მასალები უჩვენებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მეტი ხმა აიღეს – ISFED-ის დირექტორი

4 ნოემბერი, 2020 • 1948
სამგორში უბნის მასალები უჩვენებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მეტი ხმა აიღეს – ISFED-ის დირექტორი

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე ფეისბუკზე წერს, რომ ISFED-ის საჩივრის საფუძველზე სამგორის საარჩევნო ოლქმა გახსნა #97 უბნის მასალები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ:

მაჟორიტარულ არჩვნებში ფიქრია ჩიხრაძეს ეწერა 0 ხმა, როდესაც რეალურად მიღებული აქვს 47 ხმა;

რაც შეეხება პროპორციულ არჩვნებს, — ნიჟარაძის თანახმად:

  • ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ ეწერა 4 ხმა, როდესაც მიღებული აქვს 26;
  • „გირჩს“ ეწერა 2 ხმა, როდესაც რეალურად მიღებული აქვს 32;
  • „ლელოს“ ეწერა 6 ხმა, როდესაც რეალურად მიღებული აქვს 26;
  • „სტრატეგია აღმაშენებელს“ ეწერა 9 ხმა, რეალურად კი მიღებული აქვს 39;

„აღმოჩნდა, რომ ნამდვილი ბიულეტენები შერეული იყო ბათილ ბიულეტენებთან“, – წერს ISFED-ის ხელმძრვანელი და მიუთითებს, რომ „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი ამ არჩევნებზე“.

„აუცილებელია, რომ სასწრაფოდ მოხდეს ყველა იმ უბნის მასალების გახსნა და გადათვლა, სადაც პრობლემები დაფიქსირდა“, – წერს იგი.

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ასკვნის, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს.

„ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას და ამდენად, საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, – წერს ორგანიზაცია.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი აცხადებს, რომ ცესკომ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ განიხილოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი