ახალი ამბები

რატომ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში ანალიტიკოსების აზრით

2 ნოემბერი, 2020 •
რატომ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში ანალიტიკოსების აზრით

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, “ქართულმა ოცნებამ” 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 48,22% მიიღო პროპორციულ ნაწილში და პირველივე ტურში გაიმარჯვა 30-დან 14 მაჟორიტარულ ოლქში. ოპოზიცია კენჭისყრის შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. რამდენად სწორია და როგორ შეცვლის მანდატებზე უარის თქმის სტრატეგია პოლიტიკურ პროცესებს? ანალიტიკოსები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, თვლიან, რომ მიუხედავად ყველაფერისა, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

“რას მოგვცემს ბოიკოტი? ეს არის კითხვა, რომელიც პარტიებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან”, – ამბობს კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი.

“ჯერ ვნებათაღელვა დამცხრალი არ არის, ემოციური ფონი და გულისწყრომაც გასაგებია, — აქვს საფუძველი. მაგრამ ოპოზიციას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ხმები და პირიქით, უნდა გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, პატივი სცენ საკუთარი ამომრჩველის ხმას. უფრო უპრიანი იქნებოდა, შესულიყვნენ პარლამენტში და იქ გაერთულებინათ ხელისუფლებისთვის ყოფნა. მით უმეტეს, არ მგონია, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ისეთი მონოლითური იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათთვის არ იქნებოდა ადვილი, ამდენი [ოპოზიციურ] ლიდერს გამკლავებოდნენ პარლამენტში”, – აცხადებს კაკაჩია.

მისი აზრით, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, პირველ რიგში, უნდა დააყენოს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის საკითხი და მოითხოვოს იმ სისტემური პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც მმართველ პარტიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

“დანაშაულებრივ უგუნურებას” უწოდებს პარლამენტში შესვლაზე უარს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას გადათქვამენ. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ბოიკოტი მხოლოდ ენმ-ის გრძელვადიან ინტერესშია და პარტიები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” ამ თამაშში მიჰყვებიან, საკუთარ თავს აზარალებენ.

პაატა ზაქარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2024 წლიდან, როცა ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა, პარლამენტში მოსახვედრად პარტიებისთვის დაწესებული იქნება 5%-იანი ბარიერი. შესაბამისად, მცირე პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერის პირობებში პარლამენტში შესვლა შეძლეს, 2024 წლიდან ამ შანსს კარგავენ.

“ძალიან ცუდია უაპელაციოდ მანდატებზე უარის თქმა, მაშინ როდესაც პანდემიის პირობებში უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე სხვა დროს და ხმა მოგცა. ოპოზიციაში დომინანტი მაინც “ნაციონალური მოძრაობაა”, რომელსაც უნდა, ბოიკოტისკენ წაიყვანოს პარტიები. 9 პარტია საქართველოს პარლამენტში დიდი ხანია, არ ყოფილა. ამ დემოკრატიულ საფუძველზე უარის თქმა შეცდომაა, რადგან 2024 წელს 5%-ზე დაბალი მხარდამჭერის მქონე პარტიები პარლამენტში ვერ მოხვდებიან. ენმ-ს ეს აწყობს, რადგან მხოლოდ ის და “ოცნება” დარჩება — ამორალური, მაგრამ სწორი გათვლაა 2024 წლისთვის, — მაგრამ სხვა პარტიებს ახლა აქვთ შანსი, აჩვენონ საკუთარ სახე პარლამენტში და გაზარდონ საკუთარი აქტივი. რატომ მიჰყვებიან ენმ-ს ამ თამაშში, არ მესმის. ენმ-ს ჰყავს ძალიან მყარი ამორმჩეველი. იმის ნაცვლად, რომ სხვა პარტიებმა ეძებონ თავიანთი ამორმჩეველი, კარგავენ მათ — რას ეტყვიან ხალხს, ვინც ხმა მისცა?” – აცხადებს ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი მიესალმება, თუ ოპოზიცია ბოიკოტით თავისას გაიტანს, მაგრამ ფიქრობს, რომ ასე არ მოხდება. ასევე, მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის ნაკლებობის მიუხედავად, “ქართული ოცნება”, რომელიც “უაღრესად ცინიკური და უტიფარი პარტიაა”, ერთპარტიულ პარლამენტში ფასადურ ოპოზიციასთან ერთად დისკომფორტს არ იგრძობს.

“ოპოზიცია ქუჩაში საკმარის ხალხს ვერ გაიყვანს — ზამთარი მოდის და პანდემიაა. ეჭვი მეპარება, რომ საპროტესტო აქციებით და პარლამენტის ბოიკოტით წაიყვანონ “ქართული ოცნება” ხელახალი არჩევნებისკენ. “ქართული ოცნება” ძალიან კომფორტულად იგრძობს თავს. დარჩენილ 16 მაჟორიტარული ოლქსაც წაიღებს და ძალიან ბედნიერები იქნებიან. ოპოზიცია ვის უთმობს ამ სახელმწიფოს, არ მესმის”, – ამბობს ზაქარეიშვილი.

პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის ნაცვლად, ზაქარეიშვილის აზრით, ოპოზიციამ სამართლებრივად უნდა იბრძოლოს გაყალბებული ხმების დასაცავად, მიუხეადვად იმისა, რომ ქართულ სასამართლოში “მურუსიძე დახვდება” შემდეგ კი წავიდეს ევროპულ სასამართლოში.

“ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ ცხოვრება არ არის ერთი დღით მოწყობილი. ბრძოლაზე უარის თქმა და ბოიკოტის გზით წასვლა უშედეგოა”, – მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

მიუხედავად იმისა, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, პოლიტიკურ კრიზისს პროგნოზირებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ის ხაზს უსვამს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს პარალიზება მოხდება — ვერ მიიღებს კანონებს, რომლებსაც კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება: საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული კანონები, პრეზიდენტის აქტები და ა.შ.

“ოპოზიციის პარლამენტში შესვლა არ გამორიცხავს კრიზისს. ერთი მხრივ, გვეყოლება უხმო, პოლიტიკურად აბსოლუტურად გამოუცდელი და პულტზე თითის დამჭერთა უმრავლესობა და მეორე მხრივ, პოლიტიკურად გამობრძმენდილი პოლიტიკური ლიდერების 40%, ვისაც შეუძლია, შიგნიდან გააშიშვლოს სისტემის აბსურდულობა. კრიზისი ორივე ვარიანტში გაფორმდება, სხვა საკითხია, რომელი ფორმა უფრო მისაღებია. საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებიდან გამომდინარე და სახელმწიფოებრივი რისკებიდან გამომდინარე, უფრო ვიხრები საპარლამენტო პროტესტისკენ. ზედმეტი ქუჩის რყევები შეიძლება არ იყოს სასურველი პანდემიის ფონზე”, – მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარის თქმას არასწორად მიიჩნევს ბაკურ კვაშილავაც, GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი. მისი შეფასებით, ოპოზიციის სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ ხანგრძლივი ბრძოლის წარმოება არ იცის. კვაშილავას აზრით, არასწორია მოსაზრება, რომ “ქართული ოცნების” გამარჯვების განწყობა უკვე შექმნილია და მეორე ტურებში ოპოზიციის მონაწილეობას აზრი არ აქვს.

“ოპოზიციამ არა მხოლოდ მიტინგებზე, საარჩევნო ბრძოლაშიც უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა და მობილიზაცია და, ვფიქრობ, მეორე ტურში მოგების გაცილებით უკეთესი შანსები ექნება”, – განაცხადა კვაშილავამ.

ოთხივე ანალიტიკოსს, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მოჰყავს, რომ საერთაშორისო პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციას პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის ნაწილში, მიიჩნევენ რა, რომ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიზიარეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პირველადი შეფასება, რომ “საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა”. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები – ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა – განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის.

ამასთან, საქართველოს უცხოელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იყოს განხილული.

„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციით, არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რისი შესაძლო მაქსიმალური გავლენა შედეგებზე იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.

“იყო დარღვევები და გარკვეულ პროცენტებში ცდომილება მოსალოდნელია, მაგრამ ზოგადად, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მიჩნეულია, რომ ეს არჩევნები იმაზე კატასტროფულად ცუდი არ ყოფილა, ვიდრე 2016-18 წლის არჩევნები. აქედან გამომდინარე, მანდატებზე უარის თქმა არ მგონია, სწორი იყოს. 4%-ის გამო ამ რისკზე წასვლა არ იქნებოდა სწორი.  მით უმეტეს, ოპოზიცია აღიარებს, რომ მართალია, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებით, მაგრამ კენჭისყრის დღეს გაყალბების მიუხედავად, “ქართული ოცნება” გავიდოდა პირველ ადგილზე.

უმრავლესობის შექმნა, გასაგებია, უფრო სათუო გახდებოდა, მაგრამ როცა მოპარულ არჩევნებზე ლაპარაკობ, ერთია, როცა ხმების 60% მიიღე და ეს დაგაკლეს და მეორეა, როცა ამბობს, რომ 29% გაქვს და უნდა გქონდეს 35% და მაინც მეორე ადგილზე იყო. აქედან გამომდინარეა, ალბათ, ის შეფასებებიც, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებისგან და პარტნორებისგან ვიღებთ. უნდა გვესმოდეს, რომ სრულიად განსხვავებული სტუაცია იმისგან, რაც ბელარუსში ხდება. მასობრივი დემონსტრაციები, მით უმეტეს, კოვიდის პირობებში, ძალიან რთული იქნება”, – ამბობს კვაშილავა.

კითხვაზე, მანდატებზე უარის თქმის მუქარა და საპროტესტო აქციები ხომ არ არის ოპოზიციის სტრატეგია და შანსი, ხელისუფლებას დაათმობინოს სადავო პროცენტები, კვაშილავა აცხადებს, რომ ეს სწორი სტარტეგია იქნებოდა.

“თუმცა, თუ პირდაპირ იტყვი, რომ მე რეალურად ბოიკოტი კი არ მინდა, მინდა 4%, ამ 4%-ს არავინ მოგცემს. ბუნებრივია, რომ დისკუსია შესაძლებელია იყოს ამ ფორმითაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, თუ მეორე ტურში იბრძოლებს და გაიმარჯვებს იქ, სადაც შეუძლია. ეს უფრო აჩვენებს ძლიერებას და იმას, რომ ოპოზიციური ერთობა რეალურად ერთ გასროლაზე მეტია, ვიდრე იმის თქმა, რომ რაღაც არ მომეწონა და მეორე რაუნდს არ ვითამაშებ”, – აცხადებს ბაკურ კვაშილავა.

ის ასევე იზიარებს მოსაზრებას, რომ პარლამენტში ოპოზიციის გარეშე დარჩენა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას პოლიტიკური თვალსაზრისით ლეგიტიმაციის პრობლემას შეუქმნის, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში სადავო იქნება, ვისი ბრალით არის შექმნილი აღნიშნული პრობლემა.

„მდუმარე უმრავლესობისთვის“, ვისი აზრიც დემოკრატიაში გადამწყვეტია, ასეთი ქცევა მხოლოდ ოპოზიციის გადაჭარბებული რადიკალიზმის კიდევ ერთი დასტური იქნება, რასაც ისევ „ოცნება“ დაიხვევს ხელზე.

რადიკალური მოთხოვნების პერსპექტივას ვერ ხედავს პოლიტოლოგი გია ნოდია. მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა. ნოდია წერს, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან სერიოზული დარღვევებით, რომლებიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს — უდანაშაულო ადამიანების, ივერი გელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებას მხოლოდ წინა ხელისუფლებისთვის ჩრდილის მისაყენებლად — ისე არჩევნების დღეს, და დაუშვებელია, თავმოყვარე საზოგადოებამ ასეთი რამ გადაყლაპოს.

“სერიოზული პროტესტი ბუნებრივი და სამართლიანი რეაქციაა. მაგრამ უნდა დავსვათ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად არაკომფორტული კითხვა: რას ემსახურება პროტესტი, ემოციის გამოხატვას (ანუ „ორთქლის გამოშვებას“), თუ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მიღწევას? ამაზე ნათელი პასუხი ჯერ არ მაქვს. პოპულარული ლოზუნგია პარლამენტის ბოიკოტი. რა შედეგს ვაღწევთ ამ შემთხვევაში? ამას ცხადად ვერავინ ხსნის. აქ შედარების ობიექტი უნდა იყოს 2008 და არა 2003 წელი.

„ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ექნება 76 მანდატზე მეტი, რაც სავსებით საკმარისია, რომ პარლამენტი ფორმალურად ლეგიტიმური იყოს და იმუშაოს (2003 წელს, „ახალი მემარჯვენეები“ რომ არ მისულიყვნენ პარლამენტში, შევარდნაძეს ამის შანსი არ ექნებოდა). რა მოუტანა 2008 წლის ოპოზიციას პარლამენტში არშესვლამ? არაფერი, შემდგომი მარგინალიზაციის გარდა. 2011 წელს ციდან წმინდა ბიძინა რომ არ ჩამოფრენილიყო, ოპოზიცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა”, – აცხადებს ნოდია.

მისი აზრით, ოპოზიციის ერთიანობა საჭიროა, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტის იდეასთან დაკავშირებით მას მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოში ყველა ოპოზიციური პარტია შევა, არცერთი თუ ზოგიერთი, პარლამენტი მაინც ერთნაირად უფლებამოსილი იქნება.

“ცხადია, ოპოზიციის არშესვლით ეჭვის ქვეშ დადგება პარლამენტის არაფორმალური ლეგიტიმურობა. მაგრამ ვის თვალში? თუ საერთაშორისო საზოგადოებას ვგულისხმობთ, მთავრობაზე მეტად ამ შემთხვევაში ოპოზიცია დაზიანდება. თუ საუბარია პარლამენტის ლეგიტიმურობაზე ქართველი ხალხის თვალში, ბოიკოტს გამართლებულად ჩათვლის მხოლოდ ის, ვინც ისედაც უკიდურესად ნეგატიურადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ. „მდუმარე უმრავლესობისთვის“, ვისი აზრიც დემოკრატიაში გადამწყვეტია, ასეთი ქცევა მხოლოდ ოპოზიციის გადაჭარბებული რადიკალიზმის კიდევ ერთი დასტური იქნება, რასაც ისევ „ოცნება“ დაიხვევს ხელზე”, – ამბობს იგი.

გია ნოდია მნიშვნელოვნად მიიჩნევს დაზუსტებას, დიდი იყო საარჩევნო დღის დარღვევების მასშტაბი და ამბობს, რომ პოლიტიკურად შედარებით ნეიტრალური დამკვირვებლის ცნობიერებაში დაილექება აზრი, რომ ალბათური (მაგრამ არა დამტკიცებული) განსხვავება ოფიციალურ და სავარაუდო რეალურ შედეგებს შორის 2-4 პროცენტია.

“ცხადია, ესეც ბევრია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ არჩევნების ზოგადი შედეგი არალეგიტიმურად ცნო. დასავლურ დემოკრატიებში პარტია რომ 43-45%-ს იღებს პროპორციულ არჩევნებში, ეს დამაჯერებელ გამარჯვებად ითვლება; მით უმეტეს, თუ ის, გარდა ამისა, მაჟორიტარულ კომპონენტში ძალიან ძლიერ შედეგს აღწევს”, – აცხადებს ნოდია.

მისი აზრით, გამოსავალია, გაგრძელდეს პროტესტები, მაგრამ მათი მიზანი მიღებული ხმების დაცვა და ოფიციალური შედეგების სამართლიან შედეგებთან მიახლოება უნდა იყოს, თუნდაც ეს ოპოზიციის საერთო გამარჯვებას არ ნიშნავდეს, ხოლო უფრო რადიკალური მოთხოვნების (მაგალითად, არჩევნების შედეგების ზოგადი გაუქმების) დაყენებაც შესაძლებელია, მაგრამ, “დიდი ალბათობით, მათ ვერ მივაღწევთ”, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში „ოცნება“ დასავლეთის მხარდაჭერითაც შეიარაღდება და გამოვა, რომ ოპოზიციამ გაუთვლელად გაამწვავა სიტუაცია და დამარცხდა, რაც ისევ მთავრობას გააძლიერებს.

თავად “ქართული ოცნების” ლიდერებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციას ენმ აშანტაჟებს, რათა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და იმედი გამოთვეს, პარტიების “გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს, შემდგომ უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღებენ მონაწილეობას”.

მანდატებზე უარს ამბობს ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა

მასალების გადაბეჭდვის წესი