ახალი ამბები

ენმ აშანტაჟებს სხვა პარტიებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ – თალაკვაძე

2 ნოემბერი, 2020 • 1386
ენმ აშანტაჟებს სხვა პარტიებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებზე ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ”.

თლაკვაძე ამბობს, რომ ბოიკოტის თავსმოხვევის მცდელობა იქნება ტესტი ბარიერგადალახული პარტიებისთვის, შეძლებენ თუ არა ისინი, თავი დააღწიონ ენმ-ის მონოპოლიას.

“ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რომ სხვა პარტიებიც შესულიყვნენ პარლამენტში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ამის შესაძლებლობა რეალურად მიეცათ. რომ არა ეს დემოკრატიული რეფორმები, სხვანაირად ისინი ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოლიტიკური  სივრცე ჰქონდა ჩაკეტილი. ოპოზიციაშიც გადასვლის შემდეგაც იგივეს აკეთებდნენ – მონოპოლია ჰქონდათ ოპოზიციაზე და სხვა პარტიებს მხოლოდ მათი ქოლგის ქვეშ შეეძლოთ არსებობა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია.

“პარტიები, რომელიც დამოუკიდებლად, მათ გარეშე შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაექვემდებარონ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ შანტაჟს და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელიც მათ მხარდამჭერებმა მისცეს არჩევნებში. ყველამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგებს. ჩვენ მზად ვართ და ველით თანამშრომლობას ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან ახალ პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და შედეგები არალეგიტიმურია. პირველ ნოემბერს გამართულ აქციაზე გაისმა მოწოდებები მანდატებზე უარის თქმის შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე ოპოზიცია შეჯერებული არ არის. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშილმა განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ. “ევროპული საქართველო” დღეს, 14:00 საათზე გამოაცხადებს პარტიის სამოქმედო გეგმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი