საზოგადოება

რატომ დააბრუნა “ოცნებამ” “რუსული კანონი?” – შეფასებები

4 აპრილი, 2024 • 4995
რატომ დააბრუნა “ოცნებამ” “რუსული კანონი?” – შეფასებები

მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, “რუსული კანონის” მიღებაზე უარის თქმიდან ერთი წლისთავზე “ქართული ოცნება” იდენტურ კანონპროექტს აინიციირებს.

3 აპრილს, პარტიის ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ძველ და ახალ “რუსულ კანონებს” შორის განსხვავება მხოლოდ სახელშია – “უცხოური გავლენის აგენტის” ნაცვლად, ახლა მათი სამიზნე “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციაა“.

დღის განმავლობაში აქტუალური გახდა კითხვები: რატომ დაარღვია მმართველმა პარტიამ ერთი წლის წინ ხალხისთვის მიცემული პირობა, რომ “რუსულ კანონს” დღის წესრიგში აღარ დააბრუნებდნენ? საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რატომ შევიდა “ქართული ოცნება” ბრძოლაში, რომელიც ერთხელ უკვე წააგო? რაში დასჭირდა მაინცდამაინც ახლა ამის გაკეთება?

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” ძველი სტრატეგიით ეცდება მომავალ არჩევნებში გამარჯვებას – პოლარიზაციით. “რუსული კანონის” ხელახლა დაინიციირება, მისი აზრით, პოლარიზაციის გამწვავებისთვის სჭირდებათ.

“რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, მას შემდეგ მთავარი, რაზედაც დგას, არის საზოგადოების პოლარიზაცია. ყველა არჩევნებში პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ორ ბანაკად გაიყოს საზოგადოება: აქეთ ბიძინა, იქით მიშა – ვისაც არ უნდა ბიძინა, ესე იგი, უნდა მიშა. ამან 2012 წლის არჩევნების წინ კარგად იმუშავა. შემდეგში ეს მთლიანად ხელოვნურად იყო სტიმულირებული. მაგრამ, ფაქტია – აქამდე “ოცნება” ამით მოვიდა. ამიტომ პოლარიზაცია წარმატების საწინდრად ჩაითვალა.

ლგბტქ პროპაგანდაზე კანონპროექტის შემოგდებასაც ეს მიზანი ჰქონდა – კონფრონტაცია. თითქოს ერთ მხარეს არიან პატრიოტები და ოჯახური ღირებულებების დამცველები, მეორე მხარეს- კოლექტიური “ნაცები”, ანტიეროვნული ძალა. რადგან მათ ამაში ოპოზიცია არ აჰყვა, ჩათვალეს, რომ ეს არ არის საკმარისი. ამიტომ დასჭირდათ უფრო ძლიერი სტიმულატორი. თუმცა, ჩემი აზრით, გადააჭარბეს. იმიტომ, რომ ამ რუსული კანონის შემობრუნება ძალიან მასშტაბურ პროტესტს გამოიწვევს”, – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

ის “რუსული კანონის” მიღების კიდევ ერთ მიზეზად ასახელებს მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და პოლიტიკაში მესამედ, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით მოსული ბიძინა ივანიშვილის სურვილს, “ჰქონდეს სრული კონტროლი ყველაფერზე”.

დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ასახელებს სამ ძირითად აქტორს, რამაც მისი აზრით, “ქართულ ოცნებას” იმ კანონის დაბრუნება გადააწყვეტინა: რევანში გასული წლის 7-9 მარტის მასშტაბური პროტესტის შემდეგ, საზოგადოების “დატესტვა” და ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას, შესაძლოა, ჰქონდეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ.

“ქართული ოცნებისთვის” სისუსტის გამოვლინება პრობლემაა, რადგან მათი კონსტრუქცია ძლევამოსილებაზეა აგებული. შარშანდელი მარცხი მათთვის იყო შოკი. მათ დაინახეს ფაქტორი, რომელსაც ვერ აკონტროლებდნენ. ეს არის გარკვეული კომპლექსი, რომლის რეალიზებასაც ახლა ახდენენ. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ტესტავენ საზოგადოებას – რამდენად გაუვათ თავისი.

მესამე და ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ საკმაოდ მაღალი ალბათობით ეს [“რუსული კანონის” მიღება] არის თავის დროზე აღებული გარკვეული ვალდებულება. სახელმწიფო მოწყობის რუსული მოდელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მოხდეს რუსეთის მმართველობის სისტემასთან ჩვენი სინქრონიზაცია”, – განმარტავს ხუხაშვილი.

მისი შეფასებით, ტერმინის ცვლილება “უცხოური გავლენის აგენტიდან” “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციამდე” კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს ავტორების მიზანს, დასავლეთი წარმოაჩინოს როგორც მტერი.

“სასაცილო ის არის, რომ ჩვენ ვალდებულებებს ვიღებთ ევროპასთან, თითქოს ევროპაში მივდივართ, მაგრამ მენტალურად, სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით, ჩვენი ორიენტირი გამოდის რუსეთი. ანუ, სიტყვით ევროპაში და საქმით რუსეთში – ამ მოდელზე ვაწყობთ ჩვენ მმართველობით სისტემას, მართლმსაჯულებას, ნომენკლატურულ თუ კაპიტალისტურ ურთიერთობებს. პარალელურად, დასავლეთს რევოლუციური განწყობების და მეორე ფრონტის სიმბოლოდ ვაქცევთ.

ვიღაც იტყვის, რომ ეს პირდაპირი შეკვეთით ხდება, იმისათვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს რეინტეგრაციის პროცესი მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში. ზოგი იტყვის, რომ პრორუსები კი არ არიან, უბრალოდ მენტალური რუსები არიან. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს სიბრიყვით, ნაძირალობით, თუ უბრალოდ გაყიდვის საფუძველზე აკეთებს ხელისუფალი ამას. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი კატასტროფულია ქვეყნისთვის”, – ამბობს ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილი

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ანალიტიკოსი, ნინო სამხარაძე იზიარებს გია ხუხაშვილის პოზიციას, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა გასულ წელს განცდილი მარცხის გამოსწორება. ის ფიქრობს, რომ კამპანიის ხელახალი დაგეგმვის დროს ხელისუფლება გაითვალისწინებდა იმ ფაქტორებს, რამაც შარშან მათ უკან დახევა აიძულა:

“ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდებთან მუშაობა, იმიტომ, რომ ახალგაზრდები ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო მარტში ამ საპროტესტო აქციებზე. შეიძლება ეს იყოს საზოგადოებრივი აზრის ხელახლა მომწიფება უცხოური დაფინანსებების იდეის საწინააღმდეგოდ. შეიძლება ეს იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს უკვე ახალი ფაქტორია “ქართული ოცნებისთვის”.  ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება გამოირჩევა ლიდერზე ორიენტირებული არჩევანით. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი დიდ როლს თამაშობს მმართველი პარტიისთვის. ეს ფაქტორები შეიძლება მათ აძლევდეთ იმედს, რომ ახლა მარცხი არ ექნებათ”, – ამბობს ნინო სამხარაძე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც “ქართულ ოცნებას” მაინცდამაინც ახლა გადააწყვეტინა ამ ინიციატივის გახმიანება, ნინო სამხარაძის შეფასებით, არის საზოგადოების პოზიტიური მობილიზაცია სპორტში მიღწეული წარმატების ირგვლივ.

” მძაფრად დაეტყო “ქართული ოცნების” პროპაგანდის ნიუანსებს, როგორ ცდილობდნენ ამ სპორტსმენებთან ერთად შეგნებულად ხშირად გამოჩენას მედიის წინაშე, მათთან საკუთარი თავის აფილირებას. ეს მათთვის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია პოზიტიური აზრის მობილიზებისთვის. მგონია, რომ ძალიან ლოგიკურად იყენებენ ამას აქ და ახლა”, – ამბობს სამხარაძე.

ანალიტიკოსი განიხილავს იმ ვერსიასაც, რომ მმართველი პარტიის რეალური მიზანი არა ამ კანონის მიღება, არამედ მასზე ყურადღების გამახვილებით სხვა არადემოკრატიული კანონების უხმაუროდ გატანა იყოს.

“რა საბოლოო ამოცანა აქვს “ქართულ ოცნებას”, ესეც საკითხავია. მათ ძალიან ბევრი სხვა ანტიდემოკრატიული კანონის პროექტი წარადგინეს უკვე. მთელი სია გვაქვს – ცესკოს თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების, ინკლუზიურობის მიმართულებით ვხედავთ, რომ ძალიან ბევრ არადემოკრატიული კანონის პროექტს სთავაზობს ის საზოგადოებას. ამ სიტუაციაში შეიძლება მან უცხოური დაფინანსების შესახებ კანონის გარშემო უბრალოდ ყურადღება შემოკრიბოს, გრავიტაციის ცენტრი ამ უფრო მძაფრი კანონისკენ გადაქაჩოს იმისთვის, რომ სხვა ანტიდემოკრატიული კანონის პროექტები წარმატებით, უბრძოლველად გაიტანოს”, – ვარაუდობს სამხარაძე.

ნინო სამხარაძე

ნინო სამხარაძე ფიქრობს, რომ რადგან კანონპროექტის შინაარსში ფაქტობრივად არაფერი იცვლება, შესაძლებელია მის წინააღმდეგ უკვე გამოცდილი სტრატეგიით ბრძოლა.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას შეხვდება იმ ხარისხის წინააღმდეგობა, რა ხარისხიც იყო წინა წელს.  ფონი, რომელიც უკვე შექმნა “ქართულმა ოცნებამ”, თავისი ანტიდემოკრატიული, პოპულისტური, კონსერვატიული იმიჯის სახით, ბევრად უფრო მეტად უბიძგებს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ კანონის საბოლოო მიღებას. ინტელექტუალური თვალსაზრისით, მგონია, რომ პროგრესულ საზოგადოებას აქვს ძალიან მძლავრი იარაღები ხელში იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს ამ კანონს არგუმენტირებულად, ჯანსაღად, პროფესიონალურად”, – ამბობს ნინო სამხარაძე.

დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ გადამწყვეტი იქნება დასავლელი პარტნიორების პოზიცია. ის ფიქრობს, რომ პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურმა და ცალსახა პოზიციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსული კანონის ჩაგდებაში 2023 წელს. მას მოლოდინი აქვს, რომ ეს პრაქტიკა ახლაც ნაყოფიერი იქნება.

“დასავლეთმა ცალსახად ითქვა მაშინ, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, დავემშვიდობებით ევროპას – ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. თუ ახლაც ასეთი პოზიცია დაფიქსირდება დასავლეთიდან, ეს დამატებითი სტიმული იქნება, რადგან ხალხს ევროპა უნდა. ევროპა უნდა არა მარტო ოპოზიციას, ევროპა უნდა ხელისუფლების ბევრ მომხრესაც. თუ ევროპის და დასავლეთის პოზიცია იქნება ცალსახა, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს გზას უკეტავს ევროკავშირისკენ, მაშინ ორჯერ მეტი ხალხი გამოვა”, – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ქართულ საზოგადოებას თვითგამორკვევის ეტაპი უდგას – ნამდვილად უნდა დასავლეთი თუ არა. ის ფიქრობს, რომ საბოლოო სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის, ხელისუფლებისგან კი ძალისმიერ მეთოდებსაც არ გამორიცხავს.

“იმედი აქვთ, რომ გაიტანენ კანონს. საზოგადოება თუ ამას შეჭამს, ხომ კარგი, თუ არ შეჭამს, ბოლოსდაბოლოს, სცემენ ხალხს და ძალის დემონსტრირებას მოახდენენ ამით. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ გამოიწვია საზოგადოება გენერალური ბრძოლისთვის ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს – თანახმაა საბჭოთა კავშირში ცხოვრებისთვის თუ რეალური ევროპა უნდა?! საზოგადოების თვითგამორკვევის ეტაპი დადგა”, – ამბობს ხუხაშვილი.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამჯერად კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ იგეგმება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ საპარლამენტო პროცედურებს მინიმუმ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის ეს ნაბიჯი ევროპული მომავლის საბოტაჟის მცდელობად შეაფასა. თუმცა არ დაუზუსტებია, დაადებს თუ არა რუსულ კანონს ვეტოს მიღების შემთხვევაში.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი