ახალი ამბებირეკლამა

მნიშვნელოვანი უფლებები, რაც არჩევნებით მოვიპოვეთ

27 ოქტომბერი, 2020 • 1114
მნიშვნელოვანი უფლებები, რაც არჩევნებით მოვიპოვეთ

ჩვენი ყოველდღიურობა ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. 10, 20, 50 წლის წინ, ჩვენი თანატოლები დღევანდელობისგან განსხვავებულ, აბსოლუტურად სხვა რეალობაში ცხოვრობდნენ.

ის, რაც დღეს ჩვეულებრივი რამ გვგონია, თუნდაც 100 წლის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა. ყველაფერი, რითაც შენი ერთი რიგითი დღე შედგება, წლების მანძილზე, სწორედ, არჩევნების, საკუთარი აზრის დაფიქსირების სურვილის და ჩვენი აქტიურობის საშუალებით მოვიპოვეთ.

განათლების უფლება

შეიძლება დღეს ეს სასაცილოდაც გეჩვენება, შეიძლება ხშირად ძალიანაც დაგზარებია, მაგრამ გახსოვდეს: ის, რომ დღეს საშუალო განათლება ყველა ბავშვისთვის აუცილებელია და სახელმწიფო ამას თითოეული მოქალაქისთვის უზრუნველყოფს, არჩევნებში ოდესღაც მიღებული უფლებაა. რომ არა არჩევნები და პარლამენტი, დღეს განათლების მიღება შესაძლოა კვლავაც ერთეულების პრივილეგიად დარჩენილიყო. მეტიც, თუკი გოგო ხარ, არასოდეს დაივიწყო, რომ შენი განათლების უფლებისთვის გასული საუკუნის 20-იან წლებში უამრავმა ქალმა იბრძოლა.

მოგზაურობის უფლება

50 წლის წინ ჩვენს თანატოლებს არ ჰქონდათ უფლება, 16 ქვეყნის საზღვარს გასცდენოდნენ. მხოლოდ ძალიან პრივილეგირებულ ოჯახები იყვნენ ნამყოფები იმ ადგილებში, შენ რომ ასე ძალიან გიყვარს და ბევრი ფოტოც გაქვს გადაღებული. მოგზაურობისა და გართობის უფლებაც დაახლოებით 30 წლის წინ, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმში მონაწილეობით მოვიპოვეთ.

დაქორწინების უფლება

ის, რომ დღეს უამრავი პატარა გოგო და ბიჭია დაცული არასასურველი და ადრეული ქორწინებისგან, სწორედ არჩევნების და პარლამენტის ასეთი გადაწყვეტილების გამოა. ცხადია, ამ მხრივ ქვეყანაში კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა უამრავ ჩვენგანს ოჯახის ნაადრევად და იძულებით შექმნის ნაცვლად უკვე ხელი მიუწვდება ისეთ სიკეთეებზე, როგორიცაა: განათლების, საკუთრების, უბრალოდ, ბედნიერების უფლება.

გამოხატვის თავისუფლება

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, რაც კაცობრიობამ მოიპოვა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აუცილებლად კანონით უნდა იყოს დაცული. ინტერნეტი კი დღემდე არნახულ თავისუფლებას და პლატფორმას გვთავაზობს ამ მხრივ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაც არჩევნების და პარლამენტის საშუალებით მოვიპოვეთ.

ფილმების ყურების, წიგნების კითხვის და მუსიკის მოსმენის უფლება

ჩვენ დღეს გადმოცემით ვიცით, რომ ცენზურა საშინელებაა. არადა არც ისე შორს იყო ის დრო, როცა საბჭოთა ხელისუფლება არასასურველ ფილმებს, წიგნებს, მუსიკასაც კი ბლოკავდა და ჩვენი მამების და დედების თაობა მათ არალეგალურად უსმენდა, კითხულობდა და უყურებდა. ის, რომ YouTube-ზე ნებისმიერი მუსიკის მოსმენა შეგიძლია, ან Netflix-ზე საყვარელი სერიალისთვის მთელი ღამის გათენება და მერე ამ ყველაფერზე მეორე დღეს წუწუნი, სწორედ არჩევნების დამსახურებაა.

მუშაობის უფლება

შეიძლება დღეს ამაზეც გეცინებოდეთ და ორშაბათს დილას განსაკუთრებით გეზარებოდეთ სამსახურში წასვლა, მაგრამ ფაქტია: მუშაობის, ამისათვის ანაზღაურების მოთხოვნის და ღირსეული შრომის პირობების მოთხოვნის უფლებაც სწორედ არჩევნების გზით მოვიპოვეთ. რამდენიმე ასეული წლის წინათ არც პროფესიის არჩევის ფუფუნება ჰქონდა ყველას; არც – შრომაში ანაზღაურების მიღების. და თუ ამ მხრივ კიდევ არის ბევრი რამ გასაუმჯობესებელი, ცხადზე ცხადია, რომ ესეც არჩევნების გზით უნდა გავაკეთოთ.

საკუთარი საქმის ქონის უფლება

დღეს სტარტაპების ბუმია. უფროდაუფრო მეტი ჩვენი თანატოლი ცდილობს, თავისი საყვარელი საქმიდან იშოვოს ფული და ეს არაჩვეულებრივია. უამრავი გრანტი და ინვესტიცია კი იმის გარანტიაა, რომ საინტერესო და ძალიან საჭირო სტარტაპები აუცილებლად იხილავენ დღის სინათლეს. მართალია, ამ ყველაფერს 24/7-ზე შრომა სჭირდება, ადვილი ნამდვილად არაფერია, მაგრამ ამის უფლება 50 წლის წინ ნამდვილად არ ჰქონდათ.

დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების უფლება

ის, რომ დღეს ქვეყანა, სადაც ჩვენ დავიბადეთ, დამოუკიდებელია, მოქალაქეთა ერთიანი ნების დამსახურებაა. და ეს ნება 1991 წლის 31 მარტს გამოვხატეთ. სწორედ ამ დღის შემდეგ აღდგა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო; გვაქვს კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი და გერბი.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება

დაბოლოს, ჩვენ არჩევნებით მოვიპოვეთ იმის უფლებაც, რომ თითოეულმა მოქალაქემ, 18 წელს ზემოთ, არჩევნებით, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, დააფიქსიროს საკუთარი აზრი, გაუგზავნოს პოლიტიკოსებს მკაფიო სიგნალები და გამოხატოს თავისი ნება: როგორი პოლიტიკური კურსი გვინდა, რომ ქვეყანას ჰქონდეს; როგორ გარემოში გვსურს ცხოვრება. ამ უფლების გამოუყენებლობით ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ხელისუფლებას, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მას სურს და არა ის – რაც ჩვენ გვგონია სწორი. თუ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შევწყვეტთ, მალევე დავკარგავთ იმას, რაც ამ გზით მოვიპოვეთ.

გახსოვდეს, რომ ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია! საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთადერთი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი ვიდეორგოლი დაგეხმარება, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა. სრული კამპანიის სანახავად კი ნახე Facebook გვერდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი