ახალი ამბები

საქართველოს ნატოში შესვლას 71% უჭერს მხარს – IRI

19 ნოემბერი, 2019 • 1270
საქართველოს ნატოში შესვლას 71% უჭერს მხარს – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ისნტიტუტის (IRI) მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 71% მხარს უჭერს ნატოში შესვლას. როგორც ბოლო 11 წლის დინამიკა აჩვენებს, ეს მაჩვენებელი ძირითადად სტაბილურია.

ნატოში შესვლას ყველაზე მეტი ადამიანი 2018 წლის შემოდგომაზე, აგვისტოს ომის შემდეგ უჭერდა მხარს და ეს მაჩვენებელი 87% იყო. მას შემდეგ აღნიშნული მცირედით იცვლებოდა, თუმცა, ძირითადად, 70%-იანი ნიშნულის ფარგლებში მერყეობდა.

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ მთავარი შემაფერხებელი, რაც ნატოში შესვლას ხელს უშლის, ოკუპირებული ტერიტორიებია, 23%-ის აზრით კი – რუსეთის წინააღმდეგობა.

გარდა ამისა, მოსახლეობის აღქმით, ნატოში შესვლა გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას (27%), თავდაცვას (15%), გააძლიერებს ეკონომიკას (11%), ქვეყანას დაეხმარება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში (9%), ხელს შეუწყობს მშვიდობას/სტაბილურობას (5%), ქვეყანას დაიცავს რუსეთისგან (4%) და ა.შ. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა ისიც, რომ 17%-მა საერთოდ არ იცის, რაში წაადგება საქართველოს ნატოში შესვლა.


კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი