ახალი ამბები

ნატოსა და EU-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 56% ემხრობა, მაშინაც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობას დაძაბავს – TI-ის კვლევა

27 მაისი, 2020 • 1493
ნატოსა და EU-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 56% ემხრობა, მაშინაც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობას დაძაბავს – TI-ის კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დღეს, 27 მაისს, გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ეხება.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 56%, ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში მაშინაც კი, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს. გამოკითხულთა 26%-ის პასუხი კი აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი იყო.

გამოკითხულთა 49%-ის აზრით კი, რუსეთი ოკუპანტი და საქართვლოს მტერია, ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები არ უნდა გვქონდეს. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მაჩვენებლთან შედარებით 3%-ით მეტია.

39%-ის აზრით, ოკუპაციის მიუხედავად, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს საქართველოს, რაც შარშანდელ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით დაკლებული მონაცემია.

გამოკითხვისას რესპოდენტებს ასევე დაუსვეს კითხვა, უპირველესად რას მოუტანს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. გამოკითხულთა 41%-ის აზრით, ეს პროცესი საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს.

შეკითხვაზე, უპირველესად რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რესპოდენტების 47%-მა უპასუხა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის/გაუმჯობესებისთვის იქნება უპირველესად კარგი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით აღნიშნული კვლევა 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” მიერ ქვეყნის მასშტაბით 1 763 რესპოდენტს შორის ჩაატარა. კვლევის ცდომილება 2.2%-ის ფარგლებშია. გამოკითხვა არ ჩატარებულა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული არეალებსა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი