ყირგიზეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს. სოორონბაი ჯეენბეკოვის თქმით, გადაწყვეტილება მიიღო ძალადობისა და სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულს წინ უძღოდა 10-დღიანი პროტესტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევდა.
Associated Press-ის თანახმად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები ზეიმობენ. თუმცა უცნობია, ჩააცხრობს თუ არა ქვეყნის პირველი პირის გადადგომა დაძაბულობას ყირგიზეთში, ვინაიდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასევე მოიცავს ამჟამინდელი პარლამენტის დაშლასა და მისი თავმჯდომარის გადადგომას. ის მეორე პირია პრეზიდენტის შემდეგ.
ჯეენბეკოვი ამ დრომდე აცხადებდა, რომ არ აპირებდა გადადგომას, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არ დაისადგურებდა. თუმცა, 15 ოქტომბრის განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ სისხლისღვრა არ სურს.
“არ მინდა, ისტორიაში შევიდე ისეთი პრეზიდენტის სახელით, რომელმაც სისხლი დაღვარა და საკუთარ მოქალაქეებს ესროლა”, – წერს ის.
მანვე მოუწოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უზრუნველყონ მათი მხარდამჭერების დაშლა და მშვიდობა ქუჩებში.
ახლა ჯეენბეკოვის გადადგომას პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, კანატ ისაიევის თქმით, პარლამენტი აღნიშნულზე სამსჯელოდ პარასკევს შეიკრიბება. ყირგიზეთის კანონმდებლობით, პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვებისას ძალაუფლებას სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე იბარებს. თუმცა ისაიევის მიიჩნევს, რომ მას ამის უფლება არ აქვს, ვინაიდან ამჟამინდელ პარლამენტს მანდატი სულ მალე ეწურება.
ბიშკეკის ცენტრში ვითარება 5 ოქტომბრის საღამოს დაიძაბა. ათასობით ადამიანი იმავე დღეს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, სახელისუფლებო პარტიებმა გაიმარჯვეს, გაყალბებულად მიიჩნევდა და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა რიგ სახელმწიფო დაწესებულებებს შეუტიეს.
ვითარების განსამუხტად ქვეყნის ცესკომ ბათილად ცნო არჩევნების შედეგები, გასულ კვირას კი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სადირ ჟაპაროვი დანიშნა. ის ყოფილი პარლამენტარია, რომელიც არსებული ხელისუფლების დროს დააკავეს. ის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გაათავისუფლეს საპყრობილედან. ჟაპაროვი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც ითხოვდა ჯეენბეკოვის გადადგომას.
პოსტსაბჭოთა ყირგიზეთში, ბოლო 15 წლის მანძილზე, ეს მესამე შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი საპროტესტო გამოსვლების შედეგად გადადგა.