ახალი ამბები

IMF-ის დირექტორი „დიდი დეპრესიის“ დაბრუნების რისკზე საუბრობს

18 იანვარი, 2020 •
IMF-ის დირექტორი „დიდი დეპრესიის“ დაბრუნების რისკზე საუბრობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) მმართველი დირექტორი აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკის განვითარების ამჟამინდელი მიმართულება ქმნის რისკს, რომ „დიდი დეპრესია“ დაბრუნდეს, რასაც უთანასწორობა და ფინანსური სექტორის არასტაბილურობა შეუწყობს ხელს.

ვაშინგტონში, „საერთაშორისო ეკონომიკის პიტერსონის უნივერსიტეტში“ (PIIE) გამოსვლისას IMF-ის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ თქვა, რომ IMF-ის ახალი კვლევა, — რომელიც ახლანდელ ეკონომიკას ადარებს „ხმაურიანი ოციანების“ (Roaring Twenties) დროინდელ ეკონომიკას, — უჩვენებს, რომ „დიდი დეპრესიის“ მსგავსი პროცესი უკვე დაწყებულია.

ტერმინი „ხმაურიანი 20-იანები“ მიემართება 1920-იანი წლებს დასავლურ საზოგადოებებსა და კულტურაში, რომელიც ეკონომიკური კეთილდღეობის ხანად მიიჩნევა, რასაც მოჰყვა „დიდი დეპრესია“, — გლობალური ეკონომიკის მასიური ვარდნის ათწლეული.

გეორგიევას თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორ ათწლეულში ქვეყნებს შორის უთანასწორობა შემცირდა, ქვეყნებს შიგნით უთანასწორობა გაიზარდა. მან განაცხადა:

„გაერთიანებულ სამეფოში, მაგალითად, ყველაზე მდიდარი 10% ფლობს თითქმის იმდენივე სიმდიდრეს, რასაც ყველაზედ ღარიბი 50%. და ეს სიტუაცია მსგავსია OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის) სხვა ქვეყნებშიც, სადაც შემოსავლებისა და სიმდიდრის უთანასწორობამ რეკორდულ ნიშნულებს აღწევს ან რეკორდულთან მიახლოებულია“.

გეორგიევამ თქვა: „რაღაც აზრით, ეს შემაშფოთებელი ტრენდი მეოცე საუკუნის საწყის პერიოდს მოგაგონებთ – როდესაც ტექნოლოგიისა და ინტეგრაციის ძალამ მოოქროვილი ხანა მოიყვანა, „ხმაურიანი ოციანები“ და, საბოოოდ, ფინანსური კატასტროფა“.

IMF-ის ხელმძღვანელის მოლოდინით, „ახლანდელი გამოწვევები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ვაჭრობის გაზრდილი პროტექციონიზმი, მიანიშნებს, რომ მომდევნო 10 წელიწადი სოციალური არეულობებითა და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობით დახასიათდება“.

„თუკი უნდა გამოვყოთ რაიმე თემა, რაც ახალ ათწლეულს განსაზღვრავს, ეს მზარდი გაურკვევლობა იქნება“, – განაცხადა მან.

წყარო: The Guardian

მასალების გადაბეჭდვის წესი