ნეტგაზეთი | ლარის დაკარგული წონასწორობა – რა გველოდება ზამთარში ლარის დაკარგული წონასწორობა – რა გველოდება ზამთარში – Netgazeti
RU | GE  

ლარის დაკარგული წონასწორობა – რა გველოდება ზამთარში

უკვე რამდენიმე კვირაა, ლარი ძირითად უცხოურ ვალუტებთან თითქმის ყოველდღე უფასურდება და ჯერჯერობით ვერ იპოვა ე.წ. წონასწორობის წერტილი, რაც ბიზნესსაც და მოსახლეობასაც გაუჩენდა სტაბილურობის განცდას.

თუ სექტემბრის დასაწყისში ერთი დოლარის ოფიციალური ღორებულება 3.07 ლარი იყო, 25 სექტემბრის ოფიციალური კურსით, დოლარი თითქმის 3.29 ლარი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 120 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ანუ ბაზარს დოლარის რესურსი მიაწოდა, ლარი მაინც უფასურდება.

სექტემბერში ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ კერძო კომპანიებს კორონავირუსის პანდემიის ფონზე ახალი თავსატეხი გაუჩინა: როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, ეროვნული ვალუტის მსგავსი გაუფასურება პრობლემებს რამდენიმე კვირაში აუცილებლად შექმნის, გაძვირდება პროდუქტი და გარკვეული სახეობის ნაწარმი, შესაძლოა, ბაზრიდან საერთოდ გაქრეს.

რატომ უფასურდება ლარი?

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების რამდენიმე მიზეზს ასახელებს: 1. მთავრობის გაზრდილი ხარჯები, რამაც შედარებით გაზარდა იმპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნა და 2.  უარყოფითი მოლოდინები.

მიმდინარე წელს მთავრობა თითქმის 8 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს, თუმცა ამ თანხის გარკვეული ნაწილი 2021 წელსაც დაიხარჯება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2020 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლები შეისწავლა, რომლის თანახმადაც, 6 თვეში მთავრობამ დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის მოცულობის ვალი აიღო.

მთავრობა სხვადასხვა დახმარების პროგრამას სწორედ ამ ვალის მეშვეობით აფინანსებს, რაც, ნამჩავაძის თქმით, ბაზარზე ფულის მასას ზრდის. გარდა ამისა, ეკონომისტი გვეუბნება, რომ გაზრდილი ხარჯები მოსახლეობაში იმპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნას შედარებით ზრდის. გასულ თვეებში ექსპორტის მაჩვენებელთან ერთად იკლებდა იმპორტის მაჩვენებელიც  — იანვარ-აგვისტოში იმპორტი 17.5%-ით არის შემცირებული.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების კიდევ ერთ მიზეზად ბესო ნამჩავაძე უარყოფით მოლოდინებს ასახელებს. მისივე თქმით, მოსახლეობა მიეჩვია, რომ უკვე რამდენიმე წელია, წლის ბოლოს ლარი უფასურდება, რასაც ახლა პანდემიის ე.წ. მეორე ტალღაც დაერთო.

ბესო ნამჩავაძე © ნეტგაზეთი

“ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ უცხოელი ტურისტები, რომლებიც ზამთრის თვეში ჩამოდიოდნენ, მათ საზღვარს კიდევ დიდხანს არ გაუხსნიან”, – აცხადებს ეკონომისტი ნეტგაზეთთან ინტერვიუში და დასძენს, რომ მსგავსი უარყოფითი მოლოდინების ფონზე მოქალაქეები დოლარს იმარაგებენ, ანაბრებზე არსებული თანხა უცხოურ ვალუტაში გადააქვთ, მსგავსი ქმედებები კი, საბოლოო ჯამში, დოლარზე მოთხოვნას ზრდის.

როგორც ნამჩავაძე ამბობს, ლარის გაუფასურებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სამთავრობო ხარჯებსაც.

“ეს განსაკუთრებით მოხდა სექტემბრიდან, როდესაც მთავრობამ ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხის გამოყენება დაიწყო და ნაშთიდან დაახლოებით 220 მლნ ლარი დახარჯა. ეს თანხა ქვეყანაში არსებულ ლარის მასას ზრდის. შემდეგ ეროვნულ ბანკს უხდება ამ ლარის მასის დაკომპენსირება და დოლარის გამოშვება [ინტერვენციით]. თავად მთავრობის ქმედება ცალსახად უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას”, – მიიჩნევს ნამჩავაძე.

ეკონომისტის თქმითვე, მთავრობის მიერ დიდი რაოდენობით ფულის ხარჯვას სხვა ეფექტიც აქვს, რაც იმპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდაში გამოიხატება. ეს, შესაბამისად, ქვეყნიდან დოლარის გადინებას უწყობს ხელს.

ბესო ნამჩავაძის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსს სავალუტო ბაზარი განსაზღვრავს, რთულია იმის თქმა, რომელ ფაქტორს მიუძღვის მეტი ან ნაკლები წვლილი ლარის გაუფასურებაზე.

ვალუტით ვაჭრობა მიმდინარეობს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში, ხოლო დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი აშშ დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის. თავის მხრივ, სავალუტო სისტემაში რეგისტრირებულნი არიან კომერციული ბანკები, საინვესტიციო ფონდები და ის კორპორაციები თუ ინდივიდები, რომლებსაც უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა სურთ.

ნამჩავაძე ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვებიდან დოლარის გაყიდვას დადებითად აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ის ბაზარს დოლარს აწვდის იმ პერიოდში, როცა ლარი დღიურად რამდენიმე თეთრით უფასურდება. ეჯონომისტის განმარტებითვე, თუ ასეთ გაუფასურებას ეროვნული ბანკი არ შეაჩერებს, შემდეგ ეს უკვე ბაზარზე პანიკას გამოიწვევს.

“ეროვნულ ბანკს 2017, 2018 და 2019 წლებში თითქმის საერთოდ არ გაუყიდია დოლარი. ახლა ჩათვალა, რომ პანდემიით ხელოვნურად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია და უნდა დაეხმარო ლარს”, – გვითხრა ნამჩავაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს სავალუტო რეზერვებიდან 13-ჯერ გაყიდა სხვადასხვა მოცულობის დოლარი, რაც, ჯამში, 400 მლნ აშშ დოლარს აღემატება. 31 აგვიტოს მდგომარეობით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მოცულობა დაახლოებით 3.9 მილიარდი აშშ დოლარია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ სავალუტი ინტერვენციები წლის ბოლოდმე გაგრძელდება, მეტიც, სები ბაზარზე 200 მლნ აშშ დოლარზე მეტის გაყიდვას აპირებს.

გვენეტაძემ ასევე განაცხადა, რომ რეზერვებს ლარის გასამყარებლად/გასაუფასურებლად არ ყიდიან და რეალურად, ინტერვენციები ბაზრისთვის დოლარის მიწოდების მიზნით ხორციელდება. ამას გარდა, ლარის გაუფასურებას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი წინასაარჩევნო აჟიოტაჟსაც უკავშირებს და ამბობს, რომ არჩევნების შემდგომ ლარი უნდა დასტაბილურდეს.

უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოსვლის მნიშვნელოვანი წყარო არის გზავნილები. პანდემიის მიუხედავად, ივნის-აგვისტოში ქვეყანაში ფულადი გზავნილები გაიზარდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა, როცა გზავნილებმა თითქმის 189 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ბესო ნამჩავაძე გვეუბნება, რომ რეალურად გზავნილების მოცულობა არ გაზრდილა და ფრენებზე შეზღუდვების დაწესების გამო უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ვერ ჩამოვიდნენ, ამის გამო კი თანხამ, რაც შესაძლოა ქვეყანაში თავად ჩამოეტანათ, საბანკო არხებში გადაინაცვალა, შედეგად, გაიზარდა გზავნილების სტატისტიკაც.

“მაგალითად, იტალიიდან გზავნილები გაზრდილია. იტალიაში დიდი ეკონომიკური კრიზისია, დაახლოებით 10-12%-ით მცირდება მათი ეკონომიკა. ასეთ დროს როგორ უნდა იშოვონ ქართველებმა უფრო მეტი ფული და გადმორიცხონ, ვიდრე შარშან ამ დროს შოულობდნენ, ჩემთვის წარმოუდგენელია. შესაძლოა, რადგან აქ ოჯახებს უფრო გაუჭირდათ, თავად იქ დასაქმებულებმა მეტი მოიკლეს და რასაც შოულობენ, აქ აგზავნიან”, – მიიჩნევს ბესო ნამჩავაძე.

მისივე განმარტებით, 2020 წლის მარტიდან, ანუ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თითქმის განულდა შემოსავლები ტურიზმიდან.

“ამ შემოსავლების გაქრობით დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დავკარგეთ. ამ თანხას ვერ გადაფარავს ვერც იმპორტის შემცირება, ვერც ფულადი გზავნილების ზრდა და ვერც დღემდე მიღებული საერთაშორისო დახმარება. ეს იყო გაუფასურების მთავარი მიზეზი, რადგან 2 მილიარდი დოლარის დანაკლისი ვერანაირად ვერ ამოვავსეთ”, – ამბობს ნამჩავაძე.

მოსალოდნელი პრობლემები

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ გაუფასურების პროცესი თუ გაგრძელდება, სამომხმარებლო იმპორტირებულ პროდუქტზე ლარის გაუფასურება უკვე ოქტომბირიდან აისახება და ამ პროდუქტზე ფასები გაიზრდება.

მისივე პროგნოზთ, ფასის გამო ზოგიერთი ბრენდის საქონელი, შესაძლოა, ბაზრიდან საერთოდ გაქრეს. ჭყონია მთავრობას ურჩევს, მაქსიმალურად შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები, რადგან “ლარის მასა კიდევ უფრო მეტ პრობლემას” ქმნის.

“იმპორტიორი კომპანიები ძირითადად მუშაობენ კონსიგნაციით ან საბანკო გარანტიით. ეს ნიშნავს, რომ პროდუქციას რომ წამოიღებ, თანხის გადახდა ერთ, ორ ან სამ თვეში გიწევს. როცა გაანგარიშებული გაქვს დოლარის კურსი 3.10-ზე, ანუ პროდუქტზე ფასი ასე გაქვს დათვლილი, შემდეგ დოლარის ყიდვა 3.30 კურსით გიწევს, წარმოიგინეთ, რამხელა ზარალია.

კურსის ცვლილება ფასებზე სწრაფად, ერთ-ორ დღეში, არ აისახება. ეს გარკვეული ციკლია და დაახლოებით ორი კვირიდან ერთ თვემდე სჭირდება. აქ ყველაზე რთული არის ის, რომ დღეს ზედა ზღვარი, “საკურსო ბალიში”, კომპანიებმა რაც უნდა დაიჭირონ, არ იციან. თუ 2-3 თვის წინ კურსი 3.10-ის ფარგლებში ტრიალებდა, დღეს ეს ზედა ზღვარი არ არსებობს, ყოველდღიურად 2-3 პუნქტით უფასურდება ლარი. ამიტომ, ზედა ზღვრის დაჭერა ძალიან რთულია”, – ამბობს ჭყონია.

დიქტრიბუტორთა ასოცაციის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ პანდემიის გამო მთავრობას დახმარება სთხოვეს, რადგან, როგორც თავად ამბობს, იმპორტიორები ტურიზმის სექტორთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და სხვადასხვა ტურისტულ ობიექტს მათი ვალი აქვს, ჯამში, დაახლოებით 20 მლნ ლარის რაოდენობის. ჭყონიას თქმით, მთავრობისგან ითხოვეს, რომ ბიზნესისთვის დღგ-ს გადახდის საშუალება პროდუქციის რეალიზების შემდეგ დაევალებინათ, რაზეც მთავრობამ უარი უთხრა.

“ეს გარკვეულწილად შეგვიმსუბუქებდა წნეხს და საბრუნავი საშულებაც გაცილებით მეტი გვექნებოდა”, – ამბობს ივა ჭყონია.

ნეტგაზეთს სურდა, რომ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები დაესვა მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის, თუმცა ამ მიმართულების მინისტრებმა დღეს, 24 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან შეხვედრა არ ისურვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.