ახალი ამბები

მარიამ ჯაში: “ოცნება“ გარეჯის საკითხს ვიწროპოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს

13 ოქტომბერი, 2020 • 978
მარიამ ჯაში: “ოცნება“ გარეჯის საკითხს ვიწროპოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ გენერალური მდივნი მარიამ ჯაში დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მარიამ ჯაში მხარდაჭერას უცხადებს მღვდელ კირიონს, რომელიც დავითგარეჯის მონასტერში მსახურობს, დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ კი უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავს. მისი აზრით, მმართველი გუნდი გარეჯის თემას წინასაარჩევნოდ, ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

“პირველ რიგში, ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართული ოცნება“ დავითგარეჯის საკითხს იყენებს ვიწროპოლიტიკური მიზნებისათვის, წინასაარჩევნოდ. ბოლო 7 თვეში დავითგარეჯის საკითხზე ჩვენმა ფრაქციამ ორჯერ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს (17 მარტს და 19 ივნისს), თუმცა არც წერილობითი პასუხი მიგვიღია დღემდე და არც მინისტრი მოსულა საკომიტეტო მოსმენაზე. რეაგირების გარეშე დატოვა ჩვენი 27 მაისის მიმართვაც პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა. სამწუხაროდ, მხოლოდ არჩევნებამდე 1 თვით ადრე ინტერესდება მთავრობა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბედით.

საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა წლების მანძილზე თავს არიდებდა საჯარო განხილვებს, რაც მართებული იყო. დღეს კი ყველაზე ხმაურიანი, მიუღებელი ფორმითა და ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებისათვის ყველაზე შეუფერებელ დროს ხდება საჯარო დებატების გააქტიურება. ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა არა პოპულისტური განცხადებებით და კონფლიქტის გამაღვივებელი მოქმედებებით უნდა გადაწყდეს, არამედ აკადემიური მსჯელობით და ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგით დიპლომატიური სამსახურების ჩართულობით”, – აცხადებს მარიამ ჯაში.

მისივე თქმით, “თუკი საბოლოოდ დავითგარეჯისა და მიმდებარე ტერიტორიების საკითხი საქართველოსთვის სასიკეთოდ გადაწყდა, ეს უპირველესად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქოს დამსახურება იქნება”.

“არცერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა შეეცადოს პოლიტიკური ქულების ჩაწერას, მით უმეტეს, რომ კონკრეტული ქმედებებით თუ უმოქმედობით ყველა მთავრობამ დაუშვა შეცდომები.

იქ, სადაც წლების მანძილზე იდგნენ ქართველი მესაზღვრეები, დღეს დგანან აზერბაიჯანელი ჯარისკაცები. მაგრამ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა 1996 წლის შეთანხმების შემდეგ და საზოგადოებას ბევრ კითხვაზე სჭირდება პასუხი.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამა კირიონს. ვიცნობ მას, როგორც გამორჩეულ და ღირსეულ ღვთის მსახურს, რომელიც მამა გაბრიელის კურთხევით 25 წელია ემსახურება დავითგარეჯის სამონასტრო კოპლექსს და იბრძვის ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ინტერსების დასაცავად.

ბატონი ივერი მელაშვილისა და ქალბატონი ნატალია ილიჩოვას საქმეზე  ჩვენ უპირობოდ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და წინასწარი შეფასებებისაგან თავს ვიკავებთ. აქვე ვთვლით, რომ არცერთ სახელმწიფო უწყებაში ექსპერტები არ არიან გადაწყვეტილებების მიმღები და, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირები”, – აცხადებს მარიამ ჯაში.

მისივე თქმით, შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო დაძაბა ქვეყნის პოლიტიკური გარემო და შესაძლოა დააზიანოს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები.

“ამიტომ ვფიქრობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე უნდა შეჩერდეს საგამოძიებო მოქმედებები და მოიძებნოს სამართლებრივი ფორმა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ექსპერტები პროცესის დასრულებამდე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. არჩევნების შემდეგ კი, გამოძიება რომ არ დარჩეს საარჩევნო პოპულისტურ ნაბიჯად – აუცილებლად უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე”, – აცხადებს ჯაში.

როგორც ცნობილია, კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი