ახალი ამბები

ჩოლოიანის ადვოკატის განცხადება სიცრუეა – საია

6 ოქტომბერი, 2020 • 1691
ჩოლოიანის ადვოკატის განცხადება სიცრუეა – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გაგი მოსიაშვილმა საქმესთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გაავრცელა, რითაც საიას აზრით, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას შეეცადა.

ორგანიზაციის განცხადებით, ადვოკატი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებამ გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 07 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მარიანა ჩოლოიანს პროკურატურა ამ ეტაპზე ჩვენების მიცემის იძულებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება). შესაბამისად, ამ დროისათვის სასამართლოში არ განიხილება ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი. ამდენად, სასამართლო არ იკვლევს ლუკა სირაძის გარდაცვალების მიზეზებს.

ამის მიუხედავად, სხვადასხვა მედიასაშუალებებში მარიანა ჩოლოიანის დაცვის მხარის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლუკა სირაძე გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, რაც მათივე განმარტებით, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნით. ასევე, არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძე როგორც დედის, ასევე ძმის მხრიდან იყო აგრესიის მსხვერპლი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია განმარტავს, რომ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებული ფაქტები არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

ორგანიზაციის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი დასკვნა. კერძოდ, დასკვნების თანახმად, გარდაცვალების დღეს ლუკას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებულ სისხლში, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

მეორე ექსპერტიზის ფარგლებში კი ლუკას სისხლის ნიმუშის აღება მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას. მეორე დასკვნაში, საია-ს განცხადებით, აღნიშნულია, რომ სისხლში აღმოჩნდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ფსიქოტროპული ნივთიერებები დიაზეპამი და ნორდაზეპამი, რომლებიც მას სამედიცინო დანიშნულებით გაუკეთდა კლინიკაში მიყვანის შემდგომ:

“სასამართლო სხდომაზე აღნიშნული პრეპარატების სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენება სასამართლოს სპეციალური ცოდნის მქონე პირმაც მისცა. ექსპერტიზის დასკვნით ასევე უარყოფითია პასუხი ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით.

აშკარაა, რომ მცდარი ფაქტების გავრცელებით, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საზოგადოებაში ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობის ფორმირებას და ამ გზით საკუთარი კლიენტის ინტერესების დაცვას ცდილობს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოქმედება ეწინააღმდეგება ადვოკატის ეთიკის ნორმებს. ორგანიზაციის განცხადებით, კლიენტის ინტერესების დასაცავად ადვოკატის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს.

საია მოუწოდებს გაგი მოსიაშვილს, შეწყვიტოს მცდარი ფაქტების გავრცელება და იმოქმედოს კანონის და ადვოკატის ეთიკის ნორმების შესაბამისად. ორგანიზაცია ასევე გეგმავს მიმართოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მოსიაშვილის მიერ პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის თაობაზე.

დღეს, 6 ოქტომბერს, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა მედიაცენრტ “მთავარში” პრესკონფერენცია გამართა. ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მხოლოდ გარდაცვლილი მოზარდის დედის ჩვენების საფუძველზე.

ამასთან, ადვოკატი ამბობდა, რომ ლუკა სირაძე ვარდნის დროს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებს ქვეშ იმყოფებოდა:

ექსპერტიზით დადგინდა, რომ უფრო არის თავისუფალი  ვარდნა, ანუ გადმოვარდნა და არა ვინმეს მხრიდან თავის მოკვლა. მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ლუკა სირაძემ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თავი მოიკლა, არასწორია, ზეწოლა თურმე განხორციელდა პოლიციაში, არცერთი მოწმე არ საუბრობს ამაზე, მხოლოდ დედის ჩვენება იქნა ამისთვის გამოყენებული.

სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად, ასე უაპელაციოდ მხოლოდ დაზარალებული, დაინტერესებული დედის ჩვენებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არის უსამართლობა. დადგინდა, რომ ლუკა სირაძე ვარდნის დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვკატი ასევე ამბობდა, რომ გარდაცვლილი მოზარდი ზეწოლას არა გამომძიებლის, არამედ ოჯახის წევრების მხრიდან განიცდიდა. მოსიაშვილი ამბობდა, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას ლუკა სირაძე უფროს ძმას ესაუბრა ტელეფონით, რომელიც მოზარდს ეჩხუბა. ამასთან, მოსიაშვილი ირწმუნება, რომ მოზარდს ჩხუბი განყოფილებაში დედასთანაც მოუვიდა:

” ასევე, ფაქტია ის გარემოება, რომ, სამწუხაროდ, იყო გარკვეული სახის დისკრიმინაცია სწორედ დედის მხრიდან გარდაცვლილი ახალგაზრდის მიმართ, ვინაიდან მას არაერთხელ უთქვამს და ამას მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ერთი შვილით ძალიან კმაყოფილი იყო, საუბარია მის უფროს შვილზე, ბექა სირაძეზე, რომ ის წარმატებული იყო, ხოლო მისი პატარა შვილი, ლუკა სირაძე ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა”, – თქვა გაგი მოსიაშვილმა.


15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოზარდის გარდაცვალებას წინ უძღოდა დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებელი კი სწორედ მარიანა ჩოლოიანი იყო. ამ საქმეზე ბრალი მხოლოდ მას წარედგინა. ჩოლოიანი მოზარდის გარდაცვალებიდან მალევე დააკავეს, თუმცა ის ბრალს არ აღიარებდა. მანამდე შსს-ც აცხადებდა, რომ საქმეში პოლიცია უდანაშაულო იყო. ჩოლოიანს, რომელსაც გამოძიება ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებას ედავებოდა, სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა.

გამომძიებლის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიმ თქვა, რომ 15 წლის მოზარდის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 23:30 საათამდე.

ლუკა სირაძის ძმა გასული წლის დეკემბერში  “ნეტგაზეთთან” აცხადებდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ: 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

მიმდინარე წლის ივლისში ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ ტელეეთერში განაცხადა, რომ მისი შვილის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის გარდა, პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე ფსიქოლოგიურად იძალადეს სხვა პოლიციელებმაც, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი აქვს, რომ 15 წლის მოზარდს ხელი დაარტყა.

მისი თქმით, მხოლოდ მაშინ ჩათვლის, რომ სამართლიანობას მიაღწია, როცა ჩოლოიანი და კიდევ 3 პოლიციელი უმკაცრესად დაისჯებიან, ამისთვის კი დახმარებას საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვდა. გარდა ამისა, მისი თქმით, პასუხი სკოლის წარმომადგენლებსაც უნდა მოეკითხოთ.

თავის დროზე საქმის გამომძიებელი ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი – აცხადებდა, რომ ჩოლოიანის გარდა, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდანაც გამოვლინდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევების ფაქტები, თუმცა სხვა პოლიციელების მიმართ ინსპექტორმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გამოკვეთა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნულ პოლიციელებს დისციპლინარული სახდელი დაეკისრათ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში სახდელის ფორმა არ დაუკონკრეტებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი