ახალი ამბებისამართალი

ლუკა სირაძის საქმე: სადამდე მივიდა გამოძიება და სისტემა

16 ივლისი, 2020 • 3348
ლუკა სირაძის საქმე: სადამდე მივიდა გამოძიება და სისტემა

15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვიდან 7 თვისთავზე პასუხისგებაში ერთი გამომძიებელია მიცემული, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სპეციალისტები კი ისევ სისტემური ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. მომხდარზე კითხვები ხელახლა ამოტივტივდა მას შემდეგ, რაც მოზარდის დედამ ტელეეთერში სხვა პოლიციელების დასჯაც მოითხოვა და საქმეში მათ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. იმის შესახებ, რომ მოზარდის სუიციდი მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალეულობა არ არის, მომხდარის შემდეგ თავად სახელმწიფოც საუბრობდა.

შეცვლილი ჩვენება და არასაკმარისი მტკიცებულებები – რა ეტაპზეა გამოძიება?

ლუკა სირაძეს წარწერების გაკეთებას ედავებოდნენ იმ სკოლის კედლებზე, რომელშიც თავად სწავლობდა(“მწვანე სკოლა”). მოზარდის დედა, ელიკო ჩხიტუნიძე ამბობს, რომ  მისი შვილის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გარდა, აღიარებითი ჩვენების მისაღებად პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე სხვა პოლიციელებმაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი აქვს, რომ 15 წლის მოზარდს ხელი დაარტყა.

“ყველაფერმა ერთად იმოქმედა მასზე [ლუკა სირაძეზე], და მიაღწიეს იმას, რომ გატყდა ბავშვი, ყველანაირი სიძლიერე წაერთვა”, – განაცხადა ჩხიტუნიძემ “ფორმულასთან” საუბრისას.

მისი თქმით, მხოლოდ მაშინ ჩათვლის, რომ სამართლიანობას მიაღწია, როცა ჩოლოიანი და კიდევ 3 პოლიციელი უმკაცრესად დაისჯებიან, ამისთვის კი დახმარებას საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვს. გარდა ამისა, მისი თქმით, პასუხი სკოლის წარმომადგენლებსაც უნდა მოეკითხოთ.

ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, რევაზ აჭარაძე იცავს. მისი თქმით, დაცვის მხარე გამოძიებასთან იმთავითვე აქტიურად თანამშრომლობდა და მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას აწვდიდა. თუმცა, ადვოკატის თქმით, პრობლემა საქმის სპეციფიკა და თვითმხილველთა სიმცირეა.

“…რადგან პოლიციის განყოფილებაში მოხდა ეს შემთხვევა, ასეთ დროს მოწმეთა სიმწირეა ყოველთვის. არ არის ბევრი ადამიანი, ვინც შეესწრო რაიმე ქმედებას პოლიციის მხრიდან. ვინც შეესწრო და იყო ობიექტური მოწმე, მის გარდა არის კიდევ ორი მოწმე, ვინც ამბობს, რომ მარიანა ჩოლოიანი ახორციელებდა გარკვეულ ძალადობას.

სხვა პოლიციელების მიმართ, იმაზე, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, მტკიცებულებები ვერ იქნა მოპოვებული ამ ეტაპისთვის. მაგალითად, სხვა ოთახში რომ გაიყვანა პოლიციის უფროსის მოადგილემ ლუკა, რა მოხდა იმ ოთახში, ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ. მოწმე შიგნით არ იყო, კამერა შიგნით არ არის.

შესაბამისად, ვერ დამტკიცდება, რომ მან ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება. [ვგულისხმობ ქმედებას], რომელიც სისხლის სტანდარტს აღწევს, თორემ შეიძლება, მას ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა დაეკისროს”, – აღნიშნა აჭარაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

იურისტი მიუთითებს კიდევ ერთ გარემოებაზე, რომელმაც ხელი შეუშალა სხვა პასუხისმგებელი პირების გამოკვეთას: “მწვანე სკოლის” უსაფრთხოების მენეჯერმა, რომელიც ამბობდა, რომ სხვა პოლიციელმაც იძალადა მოზარდზე ფსიქოლოგიურად და ასევე მისი ძმის სამხედრო აკადემიიდან გარიცხვით დააშანტაჟა, საბოლოოდ ჩვენება გადათქვა.

“ამ პიროვნებამ, სამწუხაროდ, შემდგომ გადათქვა თავისი ჩვენება, თითქოსდა მაშინ, როცა გამომძიებელმა გამოკითხა, იყო შეუძლოდ, ჰქონდა სიცხე და ვერ გაეცნო სრულყოფილად გამოკითხვის ოქმს. რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცაც მოხდა, უბრალოდ, მტკიცებულებების სიმწირეა სხვა პირების მიმართ. მარიანა ჩოლოიანის მიმართ მინიმუმ არის სტანდარტი, რომ უნდა იყოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი”, – ამბობს ადვოკატი.

თავის დროზე საქმის გამომძიებელი ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი – აცხადებდა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევების ფაქტები გამოვლინდა, თუმცა სხვა პოლიციელების მიმართ ინსპექტორმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გამოკვეთა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.

როგორც ადვოკატი ამბობს, ამ დრომდე არ მისვლია ინფორმაცია, რა დაადგინა გენერალურმა ინსპექციამ. “ნეტგაზეთმა” აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ასე გვიპასუხეს:

“გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, აღნიშნულ თანამშრომლებს დაეკისრათ დისციპლინარული სახდელი”.

უწყებაში სახდელის ფორმას არ აკონკრეტებენ.

პასიური სახელმწიფო კოდექსის მოლოდინში: სად წავიდა სისტემა?

მოზარდის დაღუპვის შემდეგ, თავად მთავრობიდან ისმოდა განცხადებები სისტემური პრობლემის  შესახებ, რომელმაც ტრაგედია გამოიწვია. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ ეს იყო “სისტემური ხარვეზი” და არ შეიძლებოდა, პასუხისმგებლობა ერთი პიროვნებისთვის დაეკისრებინათ.

“ჩვენ უნდა  მივუდგეთ ამ საკითხს სისტემურად”, – ამბობდა ის და ვითარების გაჯანსაღების ერთ-ერთ გზად სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების მეტ ჩართულობას ასახელებდა, განსაკუთრებით, კერძო სკოლებში, რომლებთანაც ტიკარაძის უწყებას ნაკლები შეხება ჰქონდა.

მინისტრს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეც ეთანხმება. მმართველი გუნდის წევრი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ლუკა სირაძის სიკვდილი სისტემური პოლიტიკის არქონასაც უკავშირდება.

“დიდი ტრაგედია, რაც დაემართა ოჯახსა და მთელ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ სისტემურად, სამწუხაროდ, აქამდე არ გვქონდა ბავშვებზე ორიენტირებული მიდგომა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში იმ ფორმით, რა ფორმითაც რეალურად უნდა იყოს”, – ამბობს ის.

პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს ბავშვთა კოდექსი, რომელიც პარლამენტისა და არასამთავრობოების, ასევე დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა. სოფო კილაძის თქმით, დოკუმენტი ვითარებას გააუმჯობესებს, თუმცა ეს სწრაფად ვერ მოხდება:

“კოდექსში არის მთელი რიგი საკითხები გათვალისწინებული და ის ქმნის სისტემას იმისთვის, რომ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობები, ისე სახელმწიფო ორგანოები, იყოს ბავშვზე ორიენტირებული. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ იმ პირობებში, როცა სისტემა არ არსებობდა, ნულიდან დაწყება ძალიან რთულია და გარკვეულ დროს მოითხოვს.

ჩვენ არ გაქვს იმის პრეტენზია, რომ პირველ სექტემბერს ბავშვის კოდექსი შევა ძალაში და უცებ ყველაფერი იქნება კარგად. რა თქმა უნდა, ეს ასე ვერ იქნება. ვერც ერთი რეფორმა ვერ ამუშავდება ისე, რომ თავიდანვე ყველაფერი მოიცვას”, – აცხადებს ის და ამატებს, რომ სახელმწიფო მუშაობს, რათა კანონის ამოქმედების თარიღს მომზადებული შეხვდეს.

ბავშვთა უფლებებისა და მართლმსაჯულების კუთხით კონკრეტულ ჩანაწერებზე კითხვის საპასუხოდ, კილაძე აღნიშნავს, რომ კოდექსი მოიცავს ბავშვებისათვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევას და ბიუჯეტში კონკრეტული თანხებიც არსებობს.

“რაც შეეხება სოცმუშაკების რაოდენობის ზრდას, რა თქმა უნდა, ჩვენ წელს უკვე გავზარდეთ რაოდენობა როგორც ცენტრალური ორგანოების კუთხით, ასევე, რაც მთავარია, ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც ეს ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობდა”, – აცხადებს ის.

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა აბაშიძე პროცესს ოპტიმისტურად არ უყურებს. ლუკა სირაძის დედის ინტერვიუს შემდეგ მან “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტში ის დაპირებები ჩამოწერა, რომელიც, მისი თქმით, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გაახმიანეს მოზარდის სუიციდის შემდგომ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ჯგუფში აბაშიძის ორგანიზაციაც იყო მიწვეული. უფლებადამცველის თანახმად, დაპირებებს შორის იყო:

  • იუსტიციის სამინისტრო წარადგენდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ მოწმე ბავშვებს ჰყავდეთ სავალდებულო ადვოკატი;
  • სოციალური მუშაკების რაოდენობა, მინიმუმ, 50-ით მეტი იქნებოდა;
  • სკოლებს ექნებოდათ კრიზისული სიტუაციების მართვის პროტოკოლი;
  • შსს-ს ექნებოდა ცალკე გამოყოფილი სპეცდანაყოფი და გადამზადებული ადამიანები იმუშავებდნენ მხოლოდ არასრულწლოვნებზე;
  • უფასო იურიდიული დახმარების სამსახურს დაახლოებით 800 ათასამდე გაეზრდებოდათ ბიუჯეტი და ყველა მოწმე ბავშვს მოემსახურებოდნენ უფასოდ.

აბაშიძის თქმით, ამ დაპირებებიდან, მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი შესრულდა. კერძოდ, შსს-მ გამოყო შენობები და ტექნიკური აღჭურვილობა დეპარტამენტისთვის, რომელიც მხოლოდ ბავშვთა საკითხებს განიხილავს.

“მტკიცებითში ვერ გეუბნებით ახლა, რომ რაც შსს-მ ფორმალურად გააკეთა, პრაქტიკაში კარგად მუშაობს, რადგან არ გვქონია საშუალება, რომ გადაგვემოწმებინა”, – ამბობს აბაშიძე.

ანა აბაშიძის თქმით, აღნიშნულის გარდა, არცერთი დაპირების შესრულებაზე სამუშაო ჯგუფის დაშლის შემდეგ ინფორმაცია არ მიუღია. არადა, როგორც უფლებადამცველი ყვება, რომ ოფიციალურმა პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვებს კონკრეტული ხარჯებიც წარუდგინეს, რომელიც რეფორმებს უნდა მოხმარებოდა.

“ფინანსური ნაწილიც კი გავიარეთ, რა დასჭირდებოდა ამ ცვლილებებს. ბოლო ეტაპი იყო უკვე  დარჩენილი, რომ პრემიერს უნდა მოეპოვებინა დამატებითი ფინანსები. დაახლოებით საუბარი იყო 1.5 მილიონ ლარზე, რომლითაც დაიწყებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები რეფორმული თავლსაზრისით.

დავიშალეთ იმ დაპირებით, რომ პრემიერი და მისი აპარატი ძალიან მალე გვეტყოდნენ პასუხს ამ თანხასთან დაკავშირებით. ეს პასუხი არ მიგვიღია, რაც ნიშნავს იმას, რომ არ მოიპოვეს ეს ფული და არ ჩადეს იმ მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ დაპირებების შესასრულებლად”, – აღნიშნავს უფლებადამცველი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ამ კუთხით სურათი არსებითად იგივეა: ბავშვები დღესაც ადვოკატების გარეშე იკითხებიან, სკოლებში კრიზისული სიტუაციების მართვის პროტოკოლი არ დანერგილა, სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდაზე საუბრის პარალელურად კი, სახელმწიფო მათ ამცირებს. ეს უკანასკნელი ჯანდაცვის სამინისტრომ სისტემაში რეორგანიზაციით ახსნა.

ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა სწრაფი მოქმედება, რისი მზაობაც, ამ ეტაპზე, არ ჩანს.

“ბავშვთა კოდექსში წერია ძალიან ლამაზი ლოზუნგები, რაც პრაქტიკულად იმეორებს ბავშთა უფლებათა კონვენციის შინაარსს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არ არის მაშველი რგოლი, რომლითაც სწრაფად, დროულად, დღესვე უნდა მიეხედოს არსებულ პრობლემებს”, – ამატებს ის.

“ნეტგაზეთი” არაერთგზის შეეცადა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებას ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზე ინფორმაციის მისაღებად. ვცადეთ ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან დაკავშირებაც, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ანა აბაშიძის მიერ ნახსენები სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. უწყებიდან ჯერჯერობით არავის უპასუხია.

ლუკა სირაძის საქმე მოკლედ

15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღით ადრე სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა მოზარდის გარდაცვალებიდან მალევე განაცხადა, რომ გამომიძებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მანამდე შსს აცხადებდა, რომ საქმეში პოლიცია უდანაშაულო იყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ამბობდა, რომ 15 წლის მოზარდის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ღამის 12-ის ნახევრამდე.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

მომდევნო თვეში სახელმწიფო ინსპექტორმა “მწვანე სკოლა” სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე არასრუწლოვნების სამეთვალყურეო საშუალებების და გადაღებების წესების დარღვევისთვის 500 ლარით დააჯარიმა. მთავარი პუნქტი, რაც ინსპექტორის მიერ მიწოდებულ ახსნა-განმარტებაში იყო მითითებული, გულისხმობდა გამოძიების ფარგლებში სკოლის მიერ პოლიციისთვის მიწოდებულ ვიდეომასალას. სკოლის დირექტორის თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ მასალის პოლიციისთვის გადაცემა არ შეიძლებოდა.

რედაქციის შენიშვნა [პარასკევი, 13:30] სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ შსს-ში არ ამბობენ, რა დაადგინა გენინსპექციამ პოლიციელებთან დაკავშირებით, რომელთა საკითხიც აღნიშნულ უწყებას სახელმწიფო ინსპექტორმა გადასცა განსახილველად. სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შსს-დან პასუხი მივიღეთ, რის შემდეგაც მასალის ეს ნაწილი შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი