ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო და უკრაინა მტკიცედაა მხარდაჭერილი, რატომ არაა აზერბაიჯანი? – ჩავუშოღლუ

5 ოქტომბერი, 2020 •
საქართველო და უკრაინა მტკიცედაა მხარდაჭერილი, რატომ არაა აზერბაიჯანი? – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩევუსოღლუმ ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად საერთო პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა აზერბაიჯანს, ყარაბაღის კონფლიქტი შეადარა უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებს და იკითხა:

„ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობა მტკიცედაა მხარდაჭერილი. როდესაც საქმე ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტს, რატომ არ ვეუბნებით სომხეთს, გაიყვანოს ძალები აზერბაიჯანის მიწიდან“?

ჟურნალისტმა ბრიფინგისას საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, როგორ აფასებს „სომხეთის ძალადობას აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ და, მისი აზრით, რატომ არ აქვთ [საერთაშორისო საზოადოებას] „საკმარისი პასუხი ან რეაქცია“ ამასთან დაკავშირებით.

პასუხად ჩავუშოღლუმ ჯერ თქვა, რომ „მშვიდობიან მოსახლეობაზე სომხეთის თავდასხმა სიახლე არ არის“ და ხოჯალის ტრაგედია გაიხსენა, შემდეგ კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს „ტერორისტებისა და ოკუპანტებისგან“ ტერიტორიების გამოხსნას და ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს აზერბაიჯანს, „როგორც მორალურად, ისე საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“.

„თუმცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვეყნები ან ცდილობს, ძალიან დაბალანსებული იყოს, ან აკეთებენ განცხადებებს სომხეთის მხარდასაჭერად“, – განაცხადა მინისტრმა, – „მაგალითად, ეუთოს მინსკის ჯგუფში საფრანგეთი სომხეთს ძალიან ღიად უჭერს მხარს. მოგეხსენებათ, მინსკის ჯგუფი შეიქმნა ამ პრობლემის გადასაწყვეტად და ის უნდა იყოს ობიექტური და კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას“.

„თუმცა, სამწუხაროდ, დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, არანაირი კონსტრუქციული ინიციატივა არ წარდგენილა მინსკის ჯგუფის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით აზერბაიჯანისთვის“. სწორედ ამის შემდეგ ახსენა მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველო და უკრაინა:

„როდესაც უკრაინის ან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ვსაუბრობთ, როგორც თურქეთი, ისე ჩვენი დასავლელი მეგობრები, ამ ქვეყნებს ძალიან მტკიცეთ ვუჭერთ მხარს. ანუ ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობა მტკიცედაა მხარდაჭერილი. როდესაც საქმე ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტს, რატომ არ ვეუბნებით სომხეთს, გაიყვანოს ძალები აზერბაიჯანის მიწიდან? ორივე ქვეყანა ნატოს პარტნიორია“…

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ გასაგებია, ნატომ „დაბალანსებულად უნდა მოუწოდოს [მხარეებს] ცეცხლის შეწყვეტისკენ“, თუმცა მთიანი ყარაბაღის საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის, გაეროს რეზოლუციებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ სომხეთის ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ და „სომხეთს ამისკენ ყველამ უნდა მოუწოდოს, მათ შორის, ნატომ“.

ჩავუშოღლუს განცხადების სინქრონული ოფიციალური ინგლისურენოვანი თარგმანი ნატოს ვებგვერდზეა ატვირთული.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთში ვიზიტისას, ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ელოდება, თურქეთი „გამოიყენებს თავის გავლენას, რათა განმუხტოს კონფლიქტი“.

გირჩევთ:

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი