ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ველით, რომ თურქეთი განმუხტავს ყარაბაღის კონფლიქტს – სტოლტენბერგი

5 ოქტომბერი, 2020 • 1103
ველით, რომ თურქეთი განმუხტავს ყარაბაღის კონფლიქტს – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ელოდება, თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტს „განმუხტავს“, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ფრანც-პრესი“ (AFP).

თურქული გამოცემა „ჰურიეტიც“ წერს, რომ სტოლტენბერგის  განცხადებით, იგი ელოდება, რომ  თურქეთი „გამოიყენებს თავის გავლენას, რათა განმუხტოს კონფლიქტი“.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, სტოლტენბერგმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა:

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მკაფიო მესიჯი მივაწოდოთ ყველა მხარეს — დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა, ჩვენ  მხარი უნდა დავუჭიროთ [კონფლიქტის] მშვიდობიანად, შეთანხმბულად გადაჭრის გზას“.

„[კონფლიქტის] სამხედრო [გზით] გადაწყვეტა არ არსებობს“, – განაცხადა მან.

იენს სტოლტენბერგი თურქეთსა და საბერძნეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.


27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმდჯომარეებმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, მედიაში გავრცელდა ცნობები, თურქული ძალების ხელშეწყობით, აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების სავარაუდო დისლოკაციის შესახებ, რასაც აზერბაიჯანი და თურქეთი უარყოფენ.

მასალა თარგმანის დაზუსტების მიზნით განახლდა

გირჩევთ წაიკითხოთ:

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

თურქულმა ფირმამ სირიელი მებრძოლები დაიქირავა აზერბაიჯანში გასაგზავნად – წყაროები

მასალების გადაბეჭდვის წესი