ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

27 სექტემბერი, 2020 •
უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

შეტაკებების განახლბის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მისი მთავრობა აპირებს, განიხილოს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ფორმალურად აღიარების საკითხი.

„დიახ, ჩვენ უნდა გადავხედოთ არწახის [ყარაბაღის სომხური დასახელება] დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს. ჩვენს დღის წესრიგში არის ასეთი საკითხი. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს. განვიხილავთ მოვლენათა განვითარების ყველანაირ სცენარს“, – განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტის საგანგებო სესიაზე.

მისი განცხადების თარგმანს რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ (ТАСС) ავრცელებს.

ყარაბაღმა, რომელსაც აზერბაიჯანი და გაეროს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს, დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა სომხეთის მხარდაჭერით. ამის მიუხედავად, სომხეთი ფორმალურად დღემდე არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთში და ყარაბაღში საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული. აზერბაიჯანი საუბრობს „ოპერაციაზე სრულ ფრონტზე“.

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი