ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო აცხადებს, რომ ყარაბაღის ლიდერი დაჭრეს, რასაც სომხეთში უარყოფენ

4 ოქტომბერი, 2020 • 1794
ბაქო აცხადებს, რომ ყარაბაღის ლიდერი დაჭრეს, რასაც სომხეთში უარყოფენ

ბაქოში აცხადებენ, რომ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი ბრძოლაში მძიმედ დაჭრეს, რასაც ერევანსა და სტეპანაკერტში უარყოფენ.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ასისტენტმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არაიკ არუთუნიანი, ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა „ბუნკერში“ დაჭრეს და „არა ფრონტის ხაზზე“.

ინფორმაციას გამოეხმაურა სომხეთის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომლის თანახმადაც არუთუნიანის სპიკერმა დე ფაქტო პრეზიდენტის დაჭრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს „ყალბი ახალი ამბები“ უწოდა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტი … თავის მოვალეობების შესრულებას აგრძელებს“.


მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, მთიანი ყარაბაღიდან აზერბაიჯანული ქალაქები განჯა, ტერტერი და გორადიზი დაბომბეს.

განჯა დასავლეთ აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია, რომელშიც 333 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქები რაკეტებითა და საარტილერიო ცეცხლით დაიბომბა.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, ზაკირ გასანოვის თქმით, განჯაზე დარტყმა ბრძოლის ზონას აფართოებს.

„განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია. ეს ერთი“, – დაწერა ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა. თუმცა აზერბაიჯანში განაცხადეს, რომ მხოლოდ სამოქალაქო პუნქტები დაზიანდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, განჯის დაბომბვისას ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 4 დაშავდა.

პარალელურად, AFP-ის ჟურნალისტები იუწყებიან, რომ იბომბება სტეპანაკერტი, მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქი.

„აზერბაიჯანული ძალები სტეპანაკერში სამშვიდობო სამიზნეებს ბომბავენ რაკეტებით“, – განაცხადეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

მთიან ყარაბაღში სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი