დღეს, 3 ოქტომბერს, პოლიციელები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის, არეფ იუსუპოვის დასაკავებლად მივიდნენ. მას წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივებმა, რის გამოც პოლიციას მისი დაკავების საშუალება არ მიეცა. თავის მხრივ, ენმ-ის წარმომადგენლები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ.
როგორც შსს აცხადებს, არეფ იუსუპოვს ბრალად ედება 27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში “ქართული ოცნების” ორ აქტივისტზე ძალადობა. უწყების ინფორმაციით, მათ იუსუპოვის დასაკავებლად მოსამართლის განჩინებაც ჰქონდათ, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და იუსუპოვის დაკავების საშუალება არ მისცა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
რა მოხდა ნახიდურში
სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში, სადაც ადგილობრივები ხშირად იკრიბებიან, 27 სექტემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “ქართული ოცნებისა” და “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” (ენმ-ის გარშემო შექმნილი ბლოკი) აქტივისტები, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონირტორინგის ცენტრმა” (EMC). ორგანიზაციამ მოისმინა როგორც დაპირისპირებული მხარეების, ასევე სხვა ადგილობრივების ვერსიები მომხდარის შესახებ და განაცხადა:
“ჩვენ მიერ გამოკითხული ადგილობრივი თემის წევრები განმარტავენ, რომ 27 სექტემბერს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის გოგა მიშველიანის ძმასთან ერთად, 30-ზე მეტი ხელკეტებიანი პირი მივიდა ადგილობრივ ჩაიხანაში და გარკვეული შელაპარაკების შემდეგ, მათ ძალადობას მიმართეს, დააზიანეს ჩაიხანის ინფრასტრუქტურა და ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გაისროლეს, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.
მათი განმარტებით, ჩაიხანა, სადაც ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა, წარმოადგენს სივრცეს სოფლის მოსახლეობისთვის და ის არ არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების შეკრების ადგილი. ჩაიხანაში თავს იყრიან როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერები და ის მოსახლეობაც, რომელიც არცერთი პარტიის მხარდამჭერად არ მოიაზრებს თავს. შესაბამისად, დაპირისპირების შედეგად ასევე დაშავდნენ სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც პარტიულ საქმიანობაში არ არიან ჩართულნი და თავს არ მოიაზრებენ რომელიმე პარტიის მხარდამჭერებად.”
როგორც EMC აცხადებს, ადგილობრივი თემის წევრების შეფასებით, ნახიდური (ყოფილი არახლო) წარმოადგენს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფელს, სადაც, ბოლო წლებში, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უჭერს. მათი თქმით, ეს პრაქტიკა მმართველი პარტიის აქტივისტების გაღიზიანებას იწვევს და ეს კონტექსტი წინასაარჩევნო პერიოდში ესკალაციის მიზეზი ხდება. ადგილობრივების განმარტებით, “ქართული ოცნების” აქტივისტების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ბოლნისის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ არაერთ სოფელში, მსგავსი ტიპის თავდასხმა ადრეც განხორციელებულა და სულ რამდენიმე კვირის წინ ამავე სოფელში ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტს ღიად დაემუქრნენ. ადგილობრივების მოსაზრებით, ამგვარი ძალადობის შემთხვევები მოსახლეობის ერთგვარ დაშინებასა და დასჯას ისახავს მიზნად, აგრეთვე დემოკრატიულ პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
მთავარ ფოტოზე: ნახიდურში სამედიცინო დახმარება დასჭირდა ერთ ადგილობრივს/მთავარი არხი