ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ კარგავს ლეგიტიმაციას ბიბილოვი ცხინვალში

7 სექტემბერი, 2020 • 1301
როგორ კარგავს ლეგიტიმაციას ბიბილოვი ცხინვალში

ავტორი: მურატ გუკემუხოვი, ჟურნალისტი


ცხინვალის იზოლატორში სასიკვდილოდ ნაცემი ახალგაზრდა კაცის, 29 წლის ინალ ჯაბიევის საქმე შესაძლოა გახდეს დე ფაქტო ლიდერისთვის, ანატოლი ბიბილოვისთვის თანამდებობის დაკარგვის მიზეზი.


28 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში პოლიციელებმა სასიკვდილოდ სცემეს ინალ ჯაბიევი. მისი დასახიჩრებული სხეული კი ოჯახს – ცოლს და სამ შვილს გადასცეს. 

ანატოლი ბიბივლოვმა განცხადების გაკეთება იჩქარა და ჯაბიევის სიკვდილის მიზეზად თრომბი დაასახელა. აღნიშნულმა განცხადებამ გააძლიერა ჯაბიევის სიკვდილზე გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციისადმი უნდობლობა.

იმ დღეს, როდესაც ჯაბიევის ცხედარი ოჯახს დაუბრუნეს, მოკლულის ნათესავებმა და შეშფოთებულმა საზოგადოებამ მთავრობის სახლთან მოითხოვეს პრეზიდენტის, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან დათხოვნა და იუსტიციის მინისტრის დაპატიმრება. სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური კრიზისის საფრთხე შეიქმნა. 

პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა და ოჯახს შეჰპირდა, რომ ჯაბიევის მკვლელობას ობიექტურად გამოიძიებდნენ. თუმცა ამ დათმობამ კრიზისი ვერ შეამცირა, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. 

პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას გენერალური პროკურორის დათხოვნის შესახებ 34-დან 22-მა დეპუტატმა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. 17-მა დეპუტატმა კი სოციალური ქსელების საშუალებით განცხადება გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ წყვეტენ საპარლამენტო საქმიანობას მანამდე, სანამ გენერალურ პროკურორს არ დაითხოვენ. 

კანონის შესაბამისად, თუ პარლამენტში 2 თვის განმავლობაში ქვორუმი ვერ შედგა და სესია ვერ ჩატარდა, პარლამენტი დათხოვნილად ცხადდება. ამასთან, თუკი მთავრობის ფორმირებაც ვერ ესწრება, ეს გამოიწვევს “მთელი სახელმწიფო სისტემის კოლაფსს”.

სამხრეთ ოსეთში პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი მიმდინარე სიტუაციას “სამართლიანობის რევოლუციას” უწოდებს.

ერთი შეხედვით ეს არის გადაჭარბებული შეფასება – ორი საპროტესტო აქცია 2 ათასამდე მოქალაქის მონაწილეობით, რომელიც გაიმართა ჯაბიევის სიკვდილის შემდეგ და დაკრძალვის დღეს, აშკარად არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ სიტუაციას რევოლუციური უწოდო. 

თუმცა, ამ განსაზღვრებით, გობოზოვი საზოგადოებაში შიდა დაძაბულობას უსვამს ხაზს. დაძაბულობა იმდენად აშკარაა, რომ მას პრეზიდენტიც კი გრძნობს, რომელიც, როგორც წესი, საზოგადოების აზრს უგულებელყოფს. ახლა კი იგი მოულოდნელად შეიცვალა და დამთმობიც გახდა.

ერთი წლის წინ პრეზიდენტმა ყველანაირი სირცხვილის გარეშე დაარღვია ადგილობრივი კონსტიტუცია, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნები არ შეასრულა შს და იუსტიციის მინისტრების დათხოვნაზე, რომლებიც ციხეში პატიმრების მასობრივ წამებაზე იყვნენ პასუხისმგებელი.

ამჟამად ბიბილოვის შეუვალობიდან კვალიც აღარ დარჩა. 

ეს ამბავი 17 აგვიტოს საღამოს დაიწყო. ოფიციალური ვერსიით, ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, დაახლოებით 30 მეტრის მანძილიდან, უცნობმა სამჯერ გაისროლა მაკაროვის ტიპის იარაღიდან შს მინისტრის სამსხურებრივი “ნივის” მიმართულებით. ორი ტყვია ასცდა ავტომობილს, ერთი კი მძღოლის [საჭესთან შს მინისტრი იჯდა] საპირისპირო კარს მოხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ მანქანას დაბურული მინები აქვს, მსროლელი ვერ იქნებოდა დარწმუნებული, ვინ სად იჯდა. 

თუკი ამ ლოგიკურ არათანმიმდევრულობას დავუმატებთ ხელისუფლების მიმართ უკიდურესად დაბალ უნდობლობას, გასაკვირი არცაა, რომ მინისტრზე თავდასხმის ვერსია არავინ დაიჯერა. 

სამაგიეროდ, ამ ყველაფრის შემდეგ მომხდარმა მოვლენებმა საზოგადოების აზრი კიდევ უფრო გაამყარა, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომლის უკან ძალოვნები და პრეზიდენტი იდგნენ. 

ავტომობილზე “თავდასხმის” შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში მილიციამ 56 ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა, ყველა უშედეგოდ. ასეთი რაოდენობის ჩხრეკა იმაზე მეტყველებს, რომ გამოძიებას რაიმე ვერსიები არ ჰქონია.

სროლიდან მეორე დღეს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია. გამოძიების დასკვნამდე ბიბილოვი საკუთარი მოსაზრებით გამოვიდა: რომ თავდასხმის უკან კრიმინალი დგას, რომელსაც ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები მფარველობენ. მათი მიზანი კი, როგორც ბიბილოვი ამბობს, “რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის გაოწვევაა”. 

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და ძალოვანები დაავალდებულა, გამოძიების მიმდინარეობაზე ანგარიში პირადად ჩააბარონ. 

უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაისმა რიგი ბრალდებები ცალკეულ, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წევრებზე. გენერალურმა პროკურორმა ისინი დაადანაშაულა, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულებში მონაწილეობდნენ. 

ამ განცხადებებით, რთულია განსაზღვრო, რამდენად არის ეს ბრალდებები დასაბუთებული. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება დარწმუნებით, რომ აღნიშნული საინფორმაციო თავდასხმა ოპოზიციონერებზე მზადდებოდა შს მინისტრის ავტომობილზე “თავდასხმამდე” ადრე. 

22-23 აგვისტოს ჩხრეკის მეორე ტალღა დაიწყო, რომლის დროსაც სამი ცხინვალელი ახალგაზრდა – ინალ ჯაბიევი, ნიკოლოზ ცხოვრებოვი და გირსან კულუმბეგოვი დააკავეს, რომელთაც შემდეგი ხუთი დღე-ღამის განმავლობაში გამომძიებლები, სავარაუდოდ, აწამებდნენ. ნიკოლოზ ცხოვრებოვს ფეხები წაერთვა, ინალ ჯაბიევმა კი ვერ გაუძლო წამებას და გარდაიცვალა.

31 აგვისტოს [მიტინგიდან სამი დღის შემდეგ] ხელისუფლებამ ჯაბიევისა და ცხოვრებოვის წამებაში ჩართული შვიდი ოპერატიული თანამშრომლის შესახებ ისაუბრა, რომლის სათავეშიც კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის დანაყოფის უფროსი ირბეგ სლანოვი და ტერორიზმისა და ექსტრემიზმის განყოფილების უფროსი ანდრეი ჯიოევი იდგნენ. მათ ახლა 15- წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 

პირველ სექტემბერს, მათი დაკავების მეორე დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ისინი ერთადერთი დამნაშავეები არიან მთელ ამ საქმეში და თითქოს, საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ. 

გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა ასევე განაცხადა, რომ სამივე მათგანი[ჯაბიევი, კულუმბეგოვი და ცხოვრებოვი] ოპერატიული სამსახურის მიერ 27 აგვისტოს იყვნენ დაკავებული. ნიკოლოზ ცხოვრებოვის დედა, ალა ცხოვრებოვა კი აცხადებს, რომ მისი შვილი 23 აგვისტოს გაუჩინარდა. 

სიტუაციაში გარკვევას ოპოზიციური პარტია “ნიხასის” დეპუტატი დავით სანაკოევი შეეცადა. მის მოთხოვნას სასამართლო დეპარტამენტში უპასუხეს, რომ სამივე ეჭვმიტანილის მიმართ სასამართლოს არანაირი სანქცია არ გაუცია. შესაბამისად, მათ დაკავებაზე არანაირი პროცედურა არ ჩატარებულა. ისინი გაიტაცეს სამართალდამცველებმა და მომდევნო ხუთი დღე-ღამე სხვადასხვა სარდაფში აწამეს მინისტრ ნანიევზე თავდასხმის აღიარების მიზნით.

ადამიანები, რომლებიც იცნობენ სისტემას, ირწმუნებიან, რომ წარმოუდგენელია მსგავსი ქმედებები ხელისუფლების დავალების გარეშე  და არაერთი გამოცდილი თანამშრომელი ამას საკუთარი ნებით არ გააკეთებდა. 

წამებისა და გამოძიების ფალსიფიკაციის მაგალითები უამრავია და ისინი უკვე ნორმად იქცა აქ. უბრალოდ, ამჯერად ეჭვმიტანილი გარდაიცვალა. 

კითხვა: რომელი დიდი მიზნისთვის გახდა საჭირო მსხვერპლი? 

საექსპერტო წრეში ყველა ვერსია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. 

ერთ-ერთი ვერსიით, ბიბილოვი განრისხებულია დეპუტატების უარის გამო, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს საპრეზიდენტო ფონდის ბიუჯეტის 7%-მდე გაზრდას, რომელსაც ერთპიროვნულად განკარგავდა პრეზიდენტი.

ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე [30 ათასი მცხოვრები], ეს ძალიან დიდი თანხაა, რომელიც მას უზრუნველ ცხოვრებას და მომავალ, 2022 წლის არჩევნებში უპირობო გამარჯვებას მოუტანდა.

შესაბამისად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციაზე თავდასხმის მოტივი იყო მათი შეშინება და სპეციალური ფონდების შესახებ კანონის გატანა. 

მეორე ვერსია ასევე უკავშირდება მომავალ საარჩევნო კამპანიას, რომელიც პირველ ვერსიას ავსებს – პრეზიდენტი, სულ მცირე, გეგმავდა ოპოზიციის დისკრედიტაციას ამომრჩევლისა და მოსკოველი კურატორების თვალში, მაქსიმუმ კი, მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემას [ან შანტაჟს მათ მიმართ გამოძიების დაწყებით] და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის წართმევას. 

წინასაარჩევნო კამპანიის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოსკოვი საკმაოდ ნერვიულად რეაგირებს ნებისმიერ მკვეთრ მოქმედებებზე უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს. ამიტომ სჯობს, მსგავსი წმენდები ბევრად ადრე ჩატარდეს. როგორც ჩანს, ბიბილოვმა ეს გაკვეთილი აითვისა. 

2019 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მან გაუგონარი მიზეზებით დახურა მისთვის არასასურველი ყველა არასაპარლამენტო პარტია და მთელი პერიოდი არცერთ ახალ პარტიას არ მისცა რეგისტრაციის უფლება. 

თუმცა, ერთია ორგანიზაციის დახურვა, მეორე კი, ცნობილი ადამიანების, დეპუტატების მოშორება. რთულია წარმოიდგინო, როგორ შეეძლო ბიბილოვს საკუთარი გეგმის რეალიზება და მისი დაკავშირება მიმდინარე მოვლენებთან. 

სავარაუდოდ, მას არც ჰქონდა ბოლომდე გააზრებული და კარგად ვერ შეაფასა შემსრულებელთა პროფესიონალიზმი. საბოლოოდ, ყველაფერი პოლიტიკური კატასტროფით დასრულდა. 

საბოლოოდ, ბიბილოვმა და სხვებმა, ვინც მასთანაა დაკავშირებული, საზოგადოების თვალში ლეგიტიმაცია დაკარგეს. ამ სიტუაციას გამოსავალი არ აქვს. რეპუტაციული ზიანის კომპენსირებას ისინი ვეღარაფრით შეძლებენ. 

დღეს მთელი ადმინისტრაციული რესურსი მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლება ამ ამბავს ჩამოაშორონ და კერძო პირების დანაშაულად გასააღონ. ამასთან, ირწმუნებიან, რომ ჯაბიევის ტრაგედიის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს – დაზარალებულები, პრეზიდენტი, ძალოვნები, დეპუტატები და საზოგადოება. 

მხოლოდ ოფიციალურ პრესაში სტატიების სათაურები რად ღირს – “ვიყოთ ჩვენი წინაპრების ღირსეული შთამომავლები: ოსურ თემთა ხელმძღვანელები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მიმართავენ”; “მტერს არ სძინავს”; “დონეცკის პრეზიდენტი ბიბილოვს – თქვენ მიმართ ნდობა ურყევია”.  პრეზიდენტის პრესსამსახური კი ცდილობს “ქართული საფრთხით” შეაშინოს აღშფოთებული ამომრჩეველი. 

საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ ვერაფერი დააბრუნებს, თუმცა ბიბილოვს საშუალებას მისცემს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თანამდებობაზე დარჩეს. მთავარია, ბიბილოვმა მოულოდნელად არ მოისურვოს საკუთარი გეგმის გაგრძელება, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი