ახალი ამბები

ბრძოლა ზედოზირებასთან: სტიგმა და კანონმდებლობა, როგორც ბარიერი

31 აგვისტო, 2020 • 1503
ბრძოლა ზედოზირებასთან: სტიგმა და კანონმდებლობა, როგორც ბარიერი

სოციალური სტიგმა, ზიანის შემცირებისთვის აუცილებელი ბაზის არარსებობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატი, რომელსაც რეცეპტის გარეშე არ გასცემენ – ასეთია მოცემულობა, რომლითაც საქართველო ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს ხვდება. სტატისტიკის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით ზედოზირებით სიკვდილიანობა ქვეყანაში შემცირებულია, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლებს რთულ მდგომარეობაში აყენებს.

ზედოზირება, იგივე ინტოქსიკაცია, ხდე­ბა მაშინ, როდესაც ადამიანი იმაზე მეტ ნარკოტიკს მოიხმარს, ვიდრე მის ორგანიზმს შეუძლია გაუმკლავდეს. სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას ზედოზირების სხვადასხვა მახასიათებელი აქვს.

როგორც “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი”(GHRN) განმარტავს, ზედოზირების საშიშროე­ბა იქმნება მაშინაც, როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდი არ მოიხმარს ნარკოტიკს და შემდეგ ჩვეულ დოზას მიიღებს. ორგანიზ­მის ამტანობა გარკვეული დოზების მიმართ მალე მცირდება, ამიტომ ძველი დოზით ნარკოტიკებთან დაბრუნება, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს.

ზედოზირების კონტექსტში ნარკოტიკების მომხმარებლები იმავე გამოწვევების წინაშე დგანან, რომელთაც, პირობითად, 2012 წელს აწყდებოდნენ – აღნიშნეს დისკუსიის დასაწყისში, რომელიც 31 აგვისტოს თბილისში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით. პრობლემის მასშტაბების შემცირების ერთ-ერთ ბარიერად მოიხსენიეს კანონმდებლობა, რომელიც ცალკეული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვნად დასახვეწია.

“უფრო ჰუმანური უნდა გახდეს მთლიანად საკანონმდებლო ბაზა, ფული დაიხარჯოს ჯანდაცვაში – ეს არის მკურნლობა, რეაბილიტაცია ზიანის შემცირების, რესოციალიზაციისკენ მიმართული პრობლემები… დღეს ხელისუფლება მეტს ხარჯავს ადამიანების დასჯაზე, ვიდრე მათთვის ხელის გაწოდებასა და მკურნალობაზე.

მთავარი არის პრევენცია: პრევენცია საზოგადოებისა და მომავალი თაობისთვის, რომ დავიცვათ ის ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული რისკებისგან. ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოში და რეალურ შედეგზე შემდეგ გვექნება საუბარი”, – ეუბნება “ნეტგაზეთს” კონსტანტინე ლაბარტყავა, ორგანიზაცია “ახალი ვექტორის” დირექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებების შემდეგ, 2014 წელს შეიცვალა კანონი, რომლის თანახმადაც, სასწრაფო დახმარების სამსახური ვალდებული იყო, პოლიციას დაკავშირებოდა იმ შემთხვევაში, თუ პირი მას ზედოზირების გამო მიმართავდა. მათ ეს ვალდებულება ახლა არ აქვთ, თუმცა ლაბარტყავა მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა დღეისათვის კვლავ რეპრესიულია და ვითარებას ვერ გააჯანსაღებს ცალკეული ცვლილებები, ერთიანი ხედვის გარეშე.

სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 165-200 000 ადამიანი იღუპება ზედოზირებით.

საქართველოში, GHRN-ს მონაცემებით, 2014 წლიდან დღემდე ზედოზირების შემთხვევათა სტატისტიკა მზარდია, თუმცა სიკვდილიანობა წლიდან წლამდე მცირდება. მაგალითად, თუ 2014 წელს ორგანიზაციამ 39 დაღუპული აღრიცხა, 2019 წელს ეს რიცხვი 10-ზე ნაკლები იყო. მეორე მხრივ, ეს მხოლოდ ნაწილია საერთო სტატისტიკისა, რომელიც ფიზიკურად არ არის ხელმისაწვდომი ერთიანი ბაზის არარსებობის გამო.

“რამდენჯერაც ჩვენ მოვითხოვეთ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მათ ეს მონაცემები არ აქვთ. უნდა იწარმოებოდეს არა მხოლოდ გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა, არამედ, ზოგადად, ზედოზირება რამდენ შემთხვევაში დადგა, რამდენჯერ იყო სამედიცინო დახმარება საჭირო, რა დახმარება გაეწიათ ადამიანებს და თუ გარდაცვალება დადგა, რა იყო ამის მიზეზი”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბრისას მაკა გოგია, “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” წარმომადგენელი.

მისი თქმით, საკითხზე მომუშავე არასამთავრობოები წლების განმავლობაში ითხოვენ სახელმწიფოსგან ერთიანი რეესტრის შექმნას. სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან ერთად, ის საუბრობს სტიგმაზეც, რომელიც პროცესს მეტად აფერხებს.

“ოჯახის წევრები მუდმივად ცდილობენ, დამალონ ძირითადი მიზეზი, რომ ნარკოტიკების მოხმარებამ განაპირობა იგივე ინფარქტი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ა.შ. ეშინიათ საზოგადოების განკითხვის, მიცვალებულის სტიგმატიზების და ა.შ. ეს ყველაფერი კომპლექსში ქმნის იმას, რომ ჩვენ სტატისტიკა ქვეყანაში არ გვაქვს”, – აღნიშნავს ის.

რეესტრის არარსებობაში სტიგმის როლზე დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ ბიუროკრატიის ფაქტორსაც: NCDC-ის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის მენეჯერი ქეთევან სტვილია  კოორდინაციის პრობლემაზე საუბრობს:

“…ეს არ არის მხოლოდ ჯანდცავის რეესტრი. ეს უნდა იყოს სისტემა, რომელიც გააერთიანებს როგორც შსს-ს მონაცემებს, ასევე, სასწრაფო დახმარების მონაცემებს და “ზიანის შემცირების ქსელის მონაცემებს. რატომ ვერ ხერხდება ამ ბაზების გაერთიანება?

თუნდაც იმიტომ, რომ “ზიანის შემცირების ქსელში” მონაცემები ფიქსირდება არა პირადი ნომრით, არამედ ბენეფიციარის ე.წ. კოდით, რადგან მათ არ უნდათ, რომ პირად მონაცემი იყოს გამოყენებული სერვისის მიღებისას. ამიტომ ამ ბაზების ერთმანეთთან დაკავშირება ამ ეტაპზე, ვერ ხერხდება.

შსს-ში აღრიცხვიანობა ხდება პირადი ნომრით. შეიძლება, მასაც ჰქონდეს დაფიქსირებული შემთხვევა, მეც, მაგრამ ვერ მოვახდინოთ ამ მონაცემის თანათანხვედრა. მეორე მხრივ, შეიძლება, ზიანის შემცირებაში იყოს დაფიქსირებული შემთხვევა, რომელიც არ იქნება სხვაგან ასახული, იმიტომ, რომ იქ პირადი ნომერი არ ფიქსირდება”.

აუცილებელ პრეპარატად, რომელსაც ადამიანები ზედოზირებისას იღებენ, ნალოქსონი მიიჩნევა. როგორც დისკუსიისას აღინიშნა, მაღალი მოთხოვნის გამო, პრეპარატი პრაქტიკულად აღარ არის ხელმისაწვდომი აფთიაქებში, თუმცა ნალოქსონის პრობლემას აქვს მეორე მხარეც: ის მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედოზირების ქვეშ მყოფი პირი, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ეს მედიკამენტი, თუმცა რეცეპტი არ აქვს, მას აფთიაქში საკმარისი მარაგის არსებობის პირობებშიც კი ვერ იყიდის.

“ეს [რეგულაცია], ფაქტობრივდ, გამორიცხავს ნალოქსონზე ხელმისაწვდომობას, რადგან წარმოუდგენელია, წინასწარ განსაზღვრო, როდის გექნება ზედოზირება და როდის უნდა გამოგიწეროს ექიმმა პრეპარატი”, – აღნიშნავს კონსტანტინე ლაბარტყავა.

პრეპარატის ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობაზე დისკუსიის სხვა მონაწილეებიც თანხმდებოდნენ. NCDC-ის წარმომადგენელი ქეთევან სტვილია აღნიშნავს, რომ თავის დროზე ნალოქსონი ნარკოლოგებთან კონსულტაციის გარეშე შეიტანეს სარეცეპტო სისტემაში და იქ ამ დრომდე რჩება.

“წაიღე ნალოქსონი სახლში” – ამ სახელწოდების პროექტს”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” წლებია ახორციელებს “გლობალურ ფონდთან” და NCDC-სთან ერთად. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციის ბენეფიციარებს ათასობით კოლოფი ნალოქსონი დაურიგდათ რეცეპტის გარეშე, რასაც ქსელი გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებასაც უკავშირებს. ახალი ინიციატივის ფარგლებში იგეგმება სპეციალური აპარატების დადგმაც განსაზღვრულ ადგილებზე, სადაც ქსელის ბენეფიციარებს სპეციალური ბარათით ნალოქსონის მიღება შეეძლებათ.

სანამ სახელმწიფოს მიდგომები შეიცვლება, 31 აგვისტოს მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა არაერთგზის ახსენეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპონენტი: ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რომლის მისაღწევადაც ამ დღეს აღნიშნავენ. ექიმი-ნარკოლოგის, კლინიკა “ნეოგენის” დირექტორის, დავით ვადაჭკორიას თქმით, ზედოზირება იმაზე გაცილებით რთული სამართავია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და მნიშვნელოვანია როგორც რიგით მოქალაქეთა, ისე მედპერსონალის ინფორმირება.

“არსებობს სპეციალური კურსები, პირველადი დახმარებისა და ა.შ. იქ ყოველთვის უნდა შეიტანონ კომპონენტად, რა უნდა ქნან ადამიანებმა ზედოზირების შემთხვევაში… იგივე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან, სხვა ჯგუფის ნარკოტიკებთან მიმართებით, როგორ და რამდენად კომპეტენტურად უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება ადამიანს. ამას ცოდნა სჭირდება არა მარტო მოსახლეობაში, არამედ ინტენსიური თერაპიის ექიმების მიერ, რომლებთანაც ზედოზირებით ხვდებიან ადამიანები”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ვადაჭკორიას თქმით, პრობლემამ თავი იჩინა 2018 წელსაც, როდესაც საქართველოში დაფიქსირდა სიკვდილიანობა იმ დროისათვის უცნობი ნივთიერებით. ნარკოლოგი აღნიშნავს, რომ ექიმებს არ ჰქონდათ საკმარისი ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ემოქმედათ ასეთ დროს. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დავით ვადაჭკორიას აუცილებლად მიაჩნია მედიცინის მუშაკთა კვალიფიკაციაზე მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი