ახალი ამბები

ლუკაშენკოს კრიტიკის შემდეგ, ალექსიევიჩი საგამოძიებო უწყებამ დაკითხა

26 აგვისტო, 2020 •
ლუკაშენკოს კრიტიკის შემდეგ, ალექსიევიჩი საგამოძიებო უწყებამ დაკითხა

ნობელის ლაურეატი მწერალი ლიტერატურაში, სვეტალანა ალექსიევიჩი ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხა. მანამდე კი მწერალმა სოციალურ ქსელში ლუკაშენკოს მიმართა და დაწერა – „წადი, სანამ გვიანი არ არის!“.

BBC-ს რუსული ბიუროს თანახმად, ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტი საქმეს იძიებს „სახელმწიფოს მიტაცებისთვის გამიზნულ საჯარო მოწოდებების“ მუხლით. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში დაიკითხა ალექსიევიჩი.

„რადიო თავისუფლების“ ბელორუსული გამოცემის თანახმად, შესვლამდე ალექსიევიჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს მშვიდად გრძნობს,

„მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს კანონის ფარგლებში ვაკეთებთ. ჩვენი მიზანი იყო საზოგადოების გაერთიანება“, – თქვა ალექსიევიჩმა და განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებები არსად გახმიანებულა.

„ღმერთმა არ ქნას, რომ სისხლი დაიღვაროს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ შემართებით და ჩვენი სიმართლის რწმენის სიძლიერით“ ,- თქვა ალექსიევიჩმა.

დაკითხვა 40 წუთს გაგრძელდა, როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ალექსიევიჩმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა და საქმეში კვლავ მოწმის სტატუსით ფიგურირებს.


არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.

ოთხშაბათს სახელმწიფომ მეორე დემონსტრანტის დაღუპვა დაადასტურა. მთავრობის თქმით, მისი მდგომარეობა დაკავების შემდეგ, “უცებ გაუარესდა”. კიდევ ერთ დაღუპულთან დაკავშირებით სახელმწიფო ამტკიცებს, რომ მას ხელში აუფეთქდა ხელნაკეთი ბომბი, რომლის სროლასაც სამართალდამცავთა მიმართულებით გეგმავდა.

პროტესტი და შეტაკებები ქალაქის ქუჩებში დაიწყო არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოცხადებისთანავე, რომელთა მიხედვითაც ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80%-მა მისცა ხმა.

პროტესტის მესამე ღამეს, აქციის მონაწილებმა ტაქტიკა შეცვალეს: ბელარუსში მოქმედი ონლაინ მედიაპლატფორმის, Nexta-ს ტელეგრამის გვერდზე გაჩნდა მოწოდება, აქტივისტები მცირე ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და მთელ ქალაქში გაშლილიყვნენ.

“იმოქმედეთ, როგორც წყალმა” – მითითებულია მოწოდებაში. მსგავს ტაქტიკას იყენებდნენ ჰონგ კონგში მიმდინარე აქციებისას, სხარტი მოქმედების მიზნით.

არაერთმა აქტივისტმა უთხრა მედიას, რომ მიუხედავად ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვებისა, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და ლუკაშენკოს პრეზიენტად არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი