საზოგადოება

სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნებს ბელარუსში ექსტრემიზმზე ამოწმებენ — მედია

26 აგვისტო, 2022 •
სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნებს ბელარუსში ექსტრემიზმზე ამოწმებენ — მედია

ნობელიანტი ბელარუსელი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის ნაწარმოებებს ექსტრემიზმის სახელმწიფო კომისია სწავლობს და ავტორის წიგნების ამოღება უკვე დაავალეს ბიბლიოთეკებს. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი ბელარუსული მედიასაშუალება Zerkalo.io ავრცელებს.

Zerkalo ბელარუსიდან დევნილმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა დააფუძნეს მას შემდეგ, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ რეიდი მოაწყო მედიასაშუალება tut.by-ის ოფისში და დახურა, თანამშრომლების ნაწილი კი დააპატიმრა.

როგორც Zerkalo წერს, ლექსიევიჩის წიგნების მოსალოდნელი ცენზურის შესახებ შეიტყვეს მკითხველისგან, რომელმაც ბელარუსში, დრიბინსკის რაიონული ბიბლიოთეკიდან ნობელიანტი მწერლის წიგნები წასაკითხად წაიღო.

„ალექსიევიჩის წიგნები ჩვენი რაიონული ბიბლიოთეკიდან ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოვიტანე. როდესაც რამდენიმე დღის წინ დასაბრუნებლად მივედი, ბიბლიოთეკარმა მითხრა, რომ უნდა დაებრუნებინა ალექსიევიჩის ყველა წიგნი და ამას ვერ ახერხებდა, რადგან ორი ცალი კიდევ ჰქონდა ვიღაცას გატანილი. ბიბლიოთეკარს ისიც კი ჰკითხეს, თუ როგორ ადამიანს ჰქონდა ეს წიგნები წასაკითხად გატანილი“, — განუცხადა დრიბინსკის რაიონში მცხოვრებმა ქალმა Zerkalo-ს.

ამის შემდეგ მედიასაშუალებამ დეტალების გარკვევა ოფიციალურ უწყებებში სცადა და საბოლოოდ, ჟურნალისტმა, როგორც მკითხველმა, ისე დარეკა ბელარუსის კულტურის სამინისტროში. სახელმწიფო უწყებაში წიგნების ამოღების ბრძანების გაცემა უარყვეს, თუმცა განაცხადეს, რომ ექსტრემიზმის სახელმწიფო კომისა განიხილავს ალექსიევიჩის შემოქმედებას.

„არსებობს ექსტრემიზმის სახელმწიფო კომისია. იქ გაიგზავნა ალექსიევიჩის წიგნები. კულტურის სამინისტროში მოვიდა მიმართვა და ჩვენ წიგნები კანონის შესაბამისად გადავეცით ექსტრემიზმის სახელმწიფო კომისიას. კულტურის სამინისტროს არ გაუცია ბრძანება ფონდებიდან ალექსიევიჩის წიგნების ამოღების შესახებ“, — განუცხადეს Zerkalo-ს ჟურნალისტს ბელარუსის კულტურის სამინისტროში.

უწყებაში ასევე დასძინეს, რომ კომისია იღებს როგორც დადებით, ისე უარყოფით გადაწყვეტილებებს, თუმცა უცნობია, როდის მოხდება ეს.

როგორც ბელარუსული მედიასაშუალება წერს, ექსტრემიზმის სახელმწიფო კომისია 20 წევრისგან შედგება და მას ხელმძღვანელობს ბელარუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი, წარსულში ინფორმაციის მინისტრი ლილია ანანიჩი.

Zerkalo-სვე ცნობით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის სასკოლო ბიბლიოთეკებიდან 33 მწერლის ნაწარმოებები ამოიღეს, მათ შორის იყო სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნებიც. მწერლები, რომლებზეც ბელარუსის ხელისუფლებამ ცენზურა დააწესა, იყვნენ ბელარუსის მწერალთა კავშირის წევრები, რომელიც ლუკაშენკოს ხელისუფლებამ გააუქმა.


სვეტლანა ალექსიევიჩი რუსულენოვანი ბელარუსელი მწერალია, რომელმაც ლიტერატურის დარგში 2015 წელს ნობელის პრემია მიიღო.

ალექსიევიჩს ლუკაშენკოს რეჟიმი ჯერ კიდევ 1992 წლიდან დევნის, რის გამოც თავს ევროპის ქვეყნებს აფარებდა, თუმცა 2011 წელს სამშობლოში დაბრუნდა.

2020 წელს მწერალი  გახდა პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას საკოორდინაციო საბჭოს წევრი. ლუკაშენკოს ხელისუფლებამ არჩვენების გაყალბების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტი ძალით ჩაახშო და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებიც დაიწყო, ათასობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდა. იყო სვეტლანა ალექსიევიჩის დაპატიმრების მცდელობაც, რის გამოც მის ბინასთან ევროპელი დიპლომატები მორიგეობდნენ. საბოლოოდ, ალექსიევიჩმა ქვეყანა 2020 წლის ოქტომბერში დატოვა.

ალექსიევიჩის ოთხი ნაწარმოები — „ჩერნობილის ლოცვა“, „ცინკის ბიჭები“, „უკანასკნელი მოწმეები“ და „სექენდ ჰენდის დრო“ — ქართულად გამოსცა გამომცემლობამ „არტანუჯი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი