ახალი ამბები

ქართველი გამომცემლები სოლიდარობას უცხადებენ სვეტალანა ალექსიევიჩს

27 აგვისტო, 2020 • 1059
ქართველი გამომცემლები სოლიდარობას უცხადებენ სვეტალანა ალექსიევიჩს

ქართული გამომცემლობები, — „ინტელექტი“ და არტანუჯი“, — იუწყებიან, რომ სოლიდარობას უცხადებენ ნობელის ლაურეატ სვეტალანა ალექსიევიჩს, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს კრიტიკის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხა. გთავაზობთ მათი სოლიდარობის წერილს:

„ჩვენ, სვეტლანა ალექსივიჩის ქართველი გამომცემლები, გამომცემლობა „ინტელექტი“ და გამომცემლობა „არტანუჯი“ მხარს ვუჭერთ ჩვენს ავტორს, ნობელის პრემიის ბელარუს ლაურეატს და ადამიანს, რომელმაც საბჭოთა სინამდვილე და პოსტსაბჭოური მემკვიდრეობა შთამბეჭდავად, შეულამაზებლად გააცნო მთელ მსოფლიოს. „უტოპიის ხმების“ შემოქმედი დღეს თვითონ იმ სისტემის სამიზნედ იქცა, რომლის მსხვერპლებსაც ათეული წლების განმავლობაში იცავდა და ექომაგებოდა.

2017 წლის სექტემბერში, გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ორგანიზებით თბილისში გამართულ შეხვედრაზე სვეტლანა ალექსიევიჩი ამბობდა: „მე ვიცხოვრე ემიგრაციაში წლების განმავლობაში, მაგრამ მაინც დავბრუნდი სამშობლოში. იმიტომ, რომ სახლი მომენატრა. და იმიტომ, რომ მე მგონია, უნდა ვცხოვრობდე იმ ადამიანებს შორის, ვისზეც ვწერ“. შინ დაბრუნებული ალექსიევიჩი მიუღებელი აღმოჩნდა ლუკაშენკოს რეჟიმისთვის, რომელიც ოფიციალურად არ აღიარებდა და შეიძლება ითქვას, არც იმჩნევდა მინსკში მცხოვრებ ერთადერთ ნობელიანტს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, თუმცა მაინც ითმენდა მის არსებობას. მაგრამ მას შემდეგ, რაც სვეტლანა ალექსივიჩმა საჯაროდ მხარი დაუჭირა ბელარუსი ხალხის მშვიდობიან პროტესტს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, დაუნდობელი რეპრესიული მანქანა მასაც დაუპირისპირდა.

დღეს ცივილიზებული სამყარო დგას ჰუმანიზმის იდეალების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარეს, რომელსაც ბელარუს ხალხთან ერთად მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელიც, მიუხედავად პუტინის რუსეთის და ლუკაშენკოს 25 წლიანი მმართველობის აკრძალვებისა და მუქარისა, მიისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული სივრცისკენ. ჩვენთვის, ალექსიევიჩის ქართველი გამომცემლებისთვის ეს ბრძოლა და პროტესტი ნაცნობი, მშობლიური და განსაკუთრებით დასაფასებელია.

სოლიდარობა სვეტლანა ალექსიევიჩს“!


ნობელის ლაურეატი მწერალი ლიტერატურაში, სვეტალანა ალექსიევიჩი ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხა. მანამდე კი მწერალმა სოციალურ ქსელში ლუკაშენკოს მიმართა და დაწერა – „წადი, სანამ გვიანი არ არის!“.

BBC-ს რუსული ბიუროს თანახმად, ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტი საქმეს იძიებს „სახელმწიფოს მიტაცებისთვის გამიზნულ საჯარო მოწოდებების“ მუხლით. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში დაიკითხა ალექსიევიჩი.

„რადიო თავისუფლების“ ბელორუსული გამოცემის თანახმად, შესვლამდე ალექსიევიჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს მშვიდად გრძნობს,

„მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს კანონის ფარგლებში ვაკეთებთ. ჩვენი მიზანი იყო საზოგადოების გაერთიანება“, – თქვა ალექსიევიჩმა და განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებები არსად გახმიანებულა.

„ღმერთმა არ ქნას, რომ სისხლი დაიღვაროს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ შემართებით და ჩვენი სიმართლის რწმენის სიძლიერით“ ,- თქვა ალექსიევიჩმა.

დაკითხვა 40 წუთს გაგრძელდა, როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ალექსიევიჩმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა და საქმეში კვლავ მოწმის სტატუსით ფიგურირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი