ახალი ამბები

„ინფექციურმა“ შეწყვიტა აივ და კოვიდ ინფიცირებულთა სტაციონარში მიღება

20 აგვისტო, 2020 • 2126
„ინფექციურმა“ შეწყვიტა აივ და კოვიდ ინფიცირებულთა სტაციონარში მიღება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული ახალი პაციენტების სტაციონარში მიღება.  მიზეზად ის  „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობას ასახელებს.

ამას გარდა, ცერცვაძე „მკრეხელობას“ უწოდებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ თუკი პროგრამას დატოვებენ, 10%-ით დაჯარიმდებიან.

„ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა კოვიდ-19-ითა და აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების სტაციონარულად მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო“, – თქვა მან.

ცერცვაძეს „ნეტგაზეთისთვის“ არ უპასუხია, თუმცა ცენტრის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ ცერცვაძის განცხადება, რაც  პირველმა არხმა გაავრცელა, ნამდვილად მას ეკუთვნის და ავთენტურია.

რა ელით პაციენტებს?

ამ საკითხზე 20 აგვისტოს დილას კითხვა დაუსვეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მას ჰკითხეს, ხომ არ უკავშირდება „ინფექციურის“ ეს გადაწყვეტილება „ავერსს“, რომლის მფლობელობაშიც არის შენობა, რაზეც ტიკარაძემ თქვა, რომ თავს შეიკავებდა დასკვის გაკეთებისგან, ინფექციურ კლინიკასთან დაკავშირებით კი განაცხადა:

„ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ პირობებში მუშაობს ინფექციური საავადმყოფო უკვე წლებია და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება — მას შევუძინეთ 40 მლნ-ის ღირებულების ახალი შენობა. ამასთან, მსოფლიო ბანკის დახმარების ფარგლებში გარკვეული ჯგუფი მუშაობს დეტალურად საკითხზე, რომ დაიწყოს რემონტი [ადგილზე], რათა მათ მიეცეთ ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება. თუ რა არის მიზეზი, რომ ეს განაცხადი კეთდება[ცერცვაძის], ამას დამატებით შევისწავლით“.

კოვიდ  და აივ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით კი ტიკარაძემ განაცხადა, რომ „არანაირი რისკი კოვიდპაციენტებს არ შეეხებათ:

„რაც შეეხება აივ ინფექციის შემთხვევას — მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კლინიკა, რომელიც ტოვებს ამ პროგრამას, ვალდებულია, სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით 2 თვით ადრე, რომ ტოვებს პროგრამას, რაც ბატონ თენგიზს არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, მე დაველოდები დამატებით ინფორმაციებს“, – განაცხადა მინისტრმა.

„სხვა შემთხვევაში, თუ კლინიკა ტოვებს პროგრამას, მას კანონის ფარგლებში ერიცხება 10%-იანი ჯარიმა წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში“, – განაცხადა მან.

თენგიზ ცერცვაძემ მოგვიანებით ამ განცხადებას „მკრეხელობა“ უწოდა და თქვა: „არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა. მკრეხელობაა ჩვენი აქეთ არაფერში დადანაშაულება“.

„ჩვენ პროგრამის დატოვება კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს „ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმეირ ფორმატში“, – განაცხადა მან.

მინისტრის პასუხი

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს რემონტის გაჭიანურებას, მინისტრმა უპასუხა: „რას გულისხმობთ რემონტის გაჭიანურებაში, მაშინ, როდესაც ჩვენ მივეცით მას ახალი შენობა, ვმუშაობთ ახალი შენობის სრულ გამართვაზე. ეს არის ის კომპეტენცია, რაც ჩვენს ფარგლებშია და ჩვენ ამაზე ავიღეთ პასუხისმგებლობა და მსოფლიო ბანკის დახმარების ფარგლებში ფინანსდება“.

„რაც შეეხება ადგილზე რემონტს, ჩვენ ვართ ბატონი თენგიზის უწყების პროგრამის შემსყიდველები. ის არის შპს, რომელიც ექვემდებარება ეკონომიკის სამინისტროს. ყველა სამინისტროს აქვს მზაობა გამოხატული, რომ მან შეძლოს და განკარგოს საკუთარი დივიდენტები იმ მიზნებისთვის, რაც მას დაუყოვნებლივ ესაჭიროება და ამასთან დაკავშირებით მას არც ჯანდაცვის და არც ეკონომიკის სამინისტროსგან შეფერხება არ ჰქონია“, – განაცხადა მინისტრმა.

ცერცვაძის პასუხი

მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში თენგიზ ცერცვაძემ მინისტრი ტიკარაძის განცხადებასაც უპასუხა, მას არ დაეთანხმა და განაცხადა:

„ჩვენ ამის [გადაწყვეტილების] შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“.

ცერცვაძე ასევე აცხადებს, რომ მზად არის, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს მინისტრს და მასთან ერთად განიხილოს ეს საკითხი.

შენობის საკითხი

„ინფექციურის“ ხელმძღვანელის თანახმად, საავადმყოფოს „ექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში“ უწევდა მუშაობა და, მართალია, შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება ახალი შენობის გადაცემის შესახებ, მის გარემონტებას დასჭირდება სულ მცირე ერთი წელი, ამ დროში კი აუცილებელია, ცენტრს „დღევანდელი განთავსების ადგილზე ჰქონდეს რაღაცა მინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები პაციენტების მომსახურებისთვის“.

„რომ არაფერი ვთქვათ უკიდურესად ცუდ, პაციენტისთვის მიუღებელ კონდიციებზე, რა მდგომარეობაშიც არის კლინიკის ინფრასტრუქტურა, ესეც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, იყოს გამართული ისეთი სტრუქტურები, როგორიც არის ვენტილაცია, სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგაბდის მიწოდების სისტემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, რომელიც შეძენილი გვაქვს უკვე წელიწადნახევარია, დასაწყობებულია და ფუჭდება, მისი განთავსებისთვის შესაბამისი ოთახის მომზადება. ეს ყველაფერი არის არა რაღაც ფუფუნება, არამედ სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრს დღესვე სჭირდება“, – ამბობს ცერცვაძე.

დივიდენდები

ამას გარდა, თენგიზ ცერცვაძე, ეკატერინე ტიკარაძისგან განსხვავებით, ამბობს, რომ არცერთი სამინისტროსგან არ მიუღიათ უფლება დივიდენდის გამოყენების შესაძლებლობაზე:

„ესეც კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს. სამუშაოების ჩატარება შეიძლებოდა ორი გზით. ერთი – ჯანდაცვის სამინისტროს აქვს „რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამა“ და ყოველწლიურად რაღაც გარკვეული თანხაა გამოყოფილი. მიგვაჩნია, თუ ამ პროგრამით სადმე უნდა გაკეთებულიყო რამე, სარემონტო სამუშაოები, ეს უნდა მომხდარიყო ჩვენთან. ამაზე მინისტრს ჰქონდა პასუხი, რომ ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული და აღნიშნული პროგრამით ვერ გააკეთებს. ერთი წელია, სამინისტროს ამას ვთხოვთ და თავისუფლად შეეძლო, ბიუჯეტის ფორმირებისას საჭიროება გაეთვალისწინებინა“, – აცხადებს ცერცვაძე.

მისი თქმით, მინისტრმა უპასუხა, რომ ის იფიქრებდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე და შესთავაზა გზა, გამოეყენებინათ მათი დივიდენდი, მაგრამ:

„ამას ასე ვერ გამოვიყენებთ, ჩვენი ფული არ არის, ჩვენთან არ დევს. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიიღოს დაწესებულებამ, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს სპეციალური კომიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური გადაწყვეტილება. ქალბატონი მინისტრი შეგვპირდა, რომ გაგვიწევდა შუამდგომლობას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, რათა დაერთოთ ნება, გამოგვეყენებინა დივიდენდი. ის ამბობს, რომ ყველა სამინისტროს მხრიდან არსებობდა მზაობა დივიდენდის გამოყენებაზე, რაში გამოიხატება მზაობა? ბოლო ორ თვეში თითქმის ყოველდღე ვწერდით წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს და არ მიგვიღია არანაირი პასუხი…“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საჩივარი

ამას გარდა, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა.

ცერცვაძის თანახმად, საჩივარი 2020 წლის თებერვლით თარიღდება და ეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მომზადებულ დასკვნას საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონასთან დაკავშირებით.

„კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა, კურიოზული შემთხვევაა – ცერცვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი